ფილმები
გზა (1954)
სინოფსისი
„გზა“ მოხეტიალე ცირკის მსახიობების ძამპანოსა (ენტონი ქვინი) და ჯელსომინას (ჯულიეტა მაზინა) ცხოვრების გზას ასახავს.
მე-20 საუკუნე, 1950-იანი წლების იტალია.
- იტალიელი რეჟისორი, ფედერიკო ფელინი, მე-20 საუკუნის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა არა მხოლოდ იტალიურ, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფში. 1930-იანი წლებიდან ჟურნალისტად მუშაობდა ფლორენციასა და რომში. იტალიელ რეჟისორ რობერტო როსელინის ერთ-ერთ გაზეთში კარიკატურისტი ფელინის მიერ შესრულებული შარჟი მოეწონა და მის ფილმზე სცენარისტად მუშაობა შესთავაზა. ფელინიმ ერთ-ერთ ინტერვიუში ხუმრობით აღნიშნა „რომ არა როსელინი, შესაძლოა ცირკის დირექტორი ვყოფილიყავი“.
- ფელინიმ ფილმის სცენარი 1949 წელს დაწერა, გადაღებისათვის საჭირო თანხები არ ჰქონდა, ფილმის პროდიუსერის პოვნიდან ზუსტად ერთ წელში „გზა“ 1954 წელს დაასრულა.
- პროდიუსერებს ჯულიეტა მაზინას კანდიდატურა არ მოსწონდათ ჯელსომინას როლზე, ფელინიმ კონტრაქტი დახია და ასე მიაღწია მიზანს. ძამპანოს როლს იმ პერიოდში ნაკლებად ცნობილი მსახიობი, ენტონი ქვინი, ასრულებს.
- “გზა“ ფელინის კინოდებიუტია. ფილმი ამერიკის კინოაკადემიის ლაურეატი გახდა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის ლომი“ დაიმსახურა. ფილმში მთავარ როლს ასრულებს ჯულიეტა მაზინა, ფედერიკო ფელინის მეუღლე, რომელიც მოგვიანებით მის სხვა ფილმებშიც ჩნდება.
- 1960-იან წლებში ფელინი მისი შემოქმედების ყველაზე პოპულარულ ფილმებს ქმნის“ტკბილი ცხოვრება“, რომელიც კანის ფესტივალის ტრიუმფატორი გახდა და ავტობიოგრაფიული პასაჟებით გაჯერებული ფილმი „რვანახევარი“ (1963წ.)
- როგორც ამბობენ, ფელინი ცირკით იყო გატაცებული, მოხეტიალე ცირკთან ერთად გაიპარა კიდეც. მისი ინტერესის ეს სფერო მხატვრულ ფილმ „ჯამბაზებში“ ასახა. ჯამბაზების, უფრო კონკრეტულად კი ნიღბების თეატრის (კომედია დელ არტე) გავლენა ცალსახაა მის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში „გზა“.
- კომედია დელ არტე ნიღბების კომედიაა. იპროვიზაციაზე დამყარებული თეატრალურ წარმოდგენაში პროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ. კომედია დელ არტეს თეატრი პირველად იტალიაში 1545 წელს გაჩნდა. მსახიობები ნიღბებს ატარებდნენ და წინასწარ განსაზღვრული სცენარით მოქმედებდნენ. კომიკურ ეფექტს ჟესტიკულაცია ქმნიდა. კომედია დელ არტეს უცვლელი პერსონაჟები არიან ჯამბაზები:არლეკინი, სარამუში, ბრიგელა, მოხუცი -პანტალონე, ჯარისკაცები: კაპიტანი, მატამორი, სპავენტო, შეყვარებულები: იზაბელა, კოლომბინა.
- ჯულიეტა მაზინა იტალიელი მსახიობია. მონაწილეობდა მეუღლის, ფედერიკო ფელინის, ფილმებში „გზა“ , „კაბირიას ღამეები“, “ჯულიეტა და სულები”, აღნიშნულმა ფილმებმა 1956 და 1957 წლებში საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში ოსკარი მიიღეს. 1957 წელს კანის ფესტივალზე მაზინა ფილმისთვის „კაბირიას ღამეები“ საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა. კინოში განსახიერებული სახასიათო როლების გამო მას ხშირად უწოდებდნენ „ქალ ჩაპლინს“.
- ფილმის პერსონაჟები ერთმანეთის ცხოვრების გზებს ცვლიან, როგორ იცვლება ძამპანოს პიროვნება ჯელსომინას გამოჩენის შემდეგ?
- როგორ იცვლება ჯელსომინას ცხოვრება მატოს გამოჩენის შემდეგ? რას მიახვედრებს აკრობატი მას?
- შეიცვლებოდა თუ არა ფილმის საერთო დრამატურგიული განვითარება, ავტორისეული აქცენტები ფილმის მთავარი პერსონაჟები ძამპანო და ჯელსომინა რომ არ ყოფილიყვნენ?
- მატოს სიკვდილი ჯელსომინასთვის გარდამტეხი აღმოჩნდება. ძამპანო მარტო აგრძელებს გზას, წლების შემდეგ ჯელსომინას ამბით ინტერესდება და სიმართლის გაგების შემდეგ გულცივი და პირქუში ძამპანო გულამოსკვნილი ტირის, თქვენი აზრით რას უნდა ნიშნავდეს ეს ყოველივე, როგორია ფილმის ფინალი?
- იფიქრეთ, ფილმის სახელწოდებაზე, რატომ ჰქვია ფილმს „გზა“?
დაწერე ფილმის შესახებ
ეპოქალური კონტექსტების და დისკუსიის შედეგად გამოკვეთილი საკითხების გათვალისწინებით, ფილმზე წერის დროს აქცენტი გააკეთეთ პერსონაჟებზე. ჯელსომინა საკუთარმა დედამ ძამპანოს „დაუთმო“, ცოტაოდენი საკვები და ფული მას მცირეწლოვანი შვილების გამოსაკვებად სჭირდება. სოციალური ფონი ომის შემდგომ იტალიაში ძალიან მძიმე იყო, ეს ყოველივე ნეორეალისტურ ფილმებშია ასახული. ფელინიმ „გზაში“ არა მხოლოდ იტალიის პერიფერიული რეალობა ასახა, არამედ პერსონაჟები, მათი ხასიათები აქცია ფილმის ცენტრალურ მოვლენად. ჯელსომინას პერსონაჟს ორ მამაკაცთან, ძამპანოსა და მატოსთან ურთიერთობისას ვხედავთ. ეცადეთ რეცენზიის წერისას გაანალიზოთ თოთოეული მათგანი, ამას გარდა, რა იყო ფელინის მთავარი სათქმელი, რატომ შექმნა ფილმი „გზა“?
ინდივიდუალური მუშაობისთვის
ფედერიკო ფელინი მემუარებში იხსენებს: როდესაც ჯულიეტა მაზინას მოტოციკლეტისტებმა რომში ხელჩანთა მოჰპარეს, საღამოს მათ სახლთან ჩანთა იდო წარწერით “გვაპატიე ჯელსომინა”. ინდივიდუალური მუშაობისას მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია ჯულიეტა მაზინას პერსონის შესახებ. ნახეთ მისი მონაწილეობით ფილმები „კაბირიას ღამეები“ და „ჯულიეტა და სულები”.
ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ფედერიკო ფელინის ფილმს გამოსვლისას კრიტიკის საყოველთაო აღიარება მოჰყვა, იტალიელი კრიტიკოსები დოსტოევსკის ნაწარმოებებს ადარებდნენ. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით ეს უბრალოდ სევდიანი ფილმი იყო სულელ ადამიანებზე, რომელშიც თავად გმირებმაც კი არ იციან რა უნდათ. ფელინის აკრიტიკებდნენ, რომ მისი პერსონაჟები ვერ ერეოდნენ პიროვნულ სისუსტეს. იმსჯელეთ რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს ვარაუდები ფილმთან მიმართებით. ფილმზე მსჯელობისას მოძიიეთ დამატებითი ინფორმაცია ეგზისტენციალიზმზე (ფილოსოფიურ მიმდინარეობა, რომელიც 19-ე საუკუნის მიწურულს გაჩნდა, ის იკვლევს ადამიანად ყოფნის / ადამიანის ყოფის არსს). პასუხობს თუ არა რეჟისორი საკუთარ დასმულ კითხვებს: რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა და რა არის თითოეული ჩვენგანის მისია? გაიხსენეთ მატოს სიტყვები: ამ სამყაროში ყველაფერი განსაკუთრებული და განუმეორებელია, ისევე როგორც თავად ჯელსომინა.
პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას 1950-იანი წლების იტალიის შესახებ. პოლიტიკა, სოციალური ფონი, ეკონომიკა, ხელოვნება. ეცადეთ ერთმანეთს შეადაროთ ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილები. პრეზენტაციისას გამოიყენეთ ვიზუალური მასალა: ფოტოები, დოკუმენტური ქრონიკა…
მოსალოდნელი შედეგი
ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიისა და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება ფედერიკო ფელინის კინემატოგრაფზე.
- იტალია | 1954 | მხატვრული | 104 წთ | PG
- რეჟისორი : ფედერიკო ფელინი
- სცენარის ავტორები : ფედერიკო ფელინი, ტულიო პინელი, ენიო ფლაიანო
- ოპერატორები : ოტელო მარტელი, კარლო კარლინი
- მხატვარი : პაოლო ნუცი
- მონაწილეობენ : ჯულიეტა მაზინა, ენტონი ქუინი, რიჩარდ ბასეჰარტი