ფილმები

ბასკია (1996)

სინოფსისი

ბიოგრაფიული დრამა „ბასკია“ ჟან-მიშელ ბასკიას დრამატული და არაორდინალური მოვლენებით აღსავსე ცხოვრებას გვაცნობს. ფრანგი წარმოშობის ამერიკელი არტისტი (მხატვარი) 27 წლის ასაკში, დიდების ზენიტში გარდაიცვალა.

მე-20 საუკუნე, 1980-იანი წლების ამერიკა.

  • ამერიკელმა მხატვარმა ჟან-მიშელ ბასკიამ, ნიუ-იორკში პოპულარობა გრაფიტის მხატვრობით მოიპოვა.1980-იან წლებში ის ნეოექსპრესიონიზმისა და პანკ არტის ერთ-ერთი ფუძემდებელი ხდება. მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია სამ პერიოდად იყოფა: ადრეული პერიოდი, 1980-1982 წლები, ის ამ დროს ინტერესდება ადამიანის და ცხოველის ჩონჩხებით და ნიღაბისებური სახეებით, ამ ფორმით ავლენდა მხატვარი ინტერესს სიკვდილის თემის მიმართ. შუა პერიოდი, 1982 წლიდან 1985 წლამდე, ამ დროს დომინირებს მისი ინტერესი ჰაიტური წარმომავლობისადმი. უკანასკნელი პერიოდი 1982 წლიდან 1988 წლამდე გაგრძელდა, ამ დროს ვლინდება მხატვრის ახალი გამომსახველობითი ხერხები და მანერები.
  • 1988 წელს ბასკია, 27 წლის ასაკში საკუთარ სამხატვრო სტუდიაში გარდაიცვალა, ჰეროინის ჭარბი დოზის მიღების შედეგად.
  • ფილმში, 1960-იანი წლების ამერიკელი არტისტის, რეჟისორის და პოპ-არტის მიმდინარეობის მხატვრის, ენდი უორჰოლის, როლს, მეოცე საუკუნის უდიდესი მუსიკოსი დევიდ ბოუი ასრულებს, შვეიცერიელი გალერისტის და კოლექციონერის ბრუნო ბიშოფბერგერის როლს ამერიკელი მსახიობი დენის ჰოპერი განასახიერებს. ამერიკელი პოეტის, მხატვრის, მსახიობისა და ხელოვნების კრიტიკოსის რენე რიკარდის როლს მიშელ ვინკოტი განასახიერებს.
  • ბრიტანელი მსახიობი გარი ოლდმანი ფილმში, გამოგონილი პერსონაჟის როლს ასრულებს. ალბერტ მილო, ბასკიას ცხოვრებაში რეალურად არ არსებობდა, კრიტიკოსების აზრით მილოს პერსონაჟი თავად ფილმის რეჟისორისც ჯულიან შნაბელისც პროტოტიპია, ეს რეჟისორის თვითირონიული კინემატოგრაფიული ინტერპრეტაცია გახლავთ, საკუთარი პერსონის მიმართ.
  • ბასკია დღემდე არაერთი ხელოვანის შთაგონების წყაროა, გარდაცვალების შემდეგ მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა. მისი 1981 წლით დათარიღებული, უსახელო ნამუშევარი, 2007 წელს 14,6 მლნ.დოლარად გაიყიდა. 1985 წელს New York Times Magazine-მა, ბასკია 1980-იანი წლების ყველაზე ახალგაზრდა და საინტერესო არტისტად მოიხსენია.
  • ბასკია რომ თეთკანიანი ყოფილიყო შეიცვლებოდა თუ არა მისი ბიოგრაფია და შემოქმედება?
  • ისტორიკოსები მხატვრის შემოქმედებას, 1980-იანი წლების წინააღმდეგობრივი კულტურის პროდუქტს უწოდებდნენ, თქვენი აზრით რას უნდა ნიშნავდეს ეს ფრაზა?
  • ბასკია გრაფიტის ნიუ-იორკის ქუჩებში ასეთი წარწერით ასრულებდა SAMO (Same old Shit). თქვენი აზრით, რას უნდა ნიშნავდეს ეს ფრაზა და რამდენად „სწორი“ მეთოდებით ცდილობდა ის საზოგადოების ყურადღების მიპყრობას?
  • როგორია ფილმში წარმოდგენილი ბასკიას პერსონაჟი, რამდენად ჰგავს რეალურ პროტოტიპს? რა იყო რეჟისორის მიზანი, როცა მხატვრის ბიოგრაფიულ დრამას ქმნიდა?
  • აღწერეთ ბასკიას დამოკიდებულება კოლეგებისა და კონკურენტების მიმართ.
  • რეალურ ცხოვრებაში ბასკია და ენდი უორჰოლი ერთმანეთს 1981 წელს შეხვდნენ და ამერიკული პოპ-არტის სახე-სიმბოლო სიცოცხლის ბოლომდე ახალგაზრდა არტისტის უახლოესი მეგობარი და მენტორი იყო. მათ ერთობლივი ნამუშევრებიც შექმნეს, სადაც ბასკიას გრაფიტი და უორჰოლის პოპი გაერთიანდა. როგორია ფილმში მათი ურთიერთდამოკიდებულება? ხასიათის რა შტრიხებზე აკეთებს ფილმის ავტორი აქცენტებს?
  • ფინანსური წარმატების შემდეგ ბასკიას ცხოვრება შეიცვალა, როგორც ამბობენ “ჟან-მიშელი იქცა იმად, რასაც აკრიტიკებდა“ როგორ და რა ფორმითაა ფილმში ასახული, მხატვრის ცხოვრებაში არსებული გარდამტეხი მომენტები?
  • თქვენი აზრით, სად გადის ზღვარი ხელოვნებასა და რეალურ ცხოვრებას შორის? რამდენად ახერხებს ფილმში ბასკიას პერსონაჟი (და სხვა ხელოვანი ადამიანები) ამ „ზღვრის დაცვას“? სჭირდება თუ არა ხელოვნებას საზღვრები?

დაწერე ფილმის შესახებ

ეპოქალური კონტექსტების და დისკუსიის შედეგად გამოკვეთილი საკითხების გათვალისწინებით, ფილმზე წერის დროს, აქცენტი გააკეთეთ მხატვრის პერსონაზე. თუ მისი კარიერის დასაწყიში პრიორიტეტი მინიმალიზმი იყო, პრიმიტიული და ნეოექსრესიონისტული სტილის გავლენით სრულიად ახალ ხელწერას ქმნის. ბასკიას შემოქმედება გარკვეულწილად მისმა საყვარელმა ანიმაციებმა და ბავშვობის დროინდელმა მოგონებებმა განსაზღვარა. ფილმში მიმდინარე მოვლენებთან ერთად, ყურადღება მიაქციეთ მის წარმომავლობას, რომელსაც თავად მხატვარი ვიზუალური ფორმით ყოველთვის ხაზს უსვამს:  შავკანიანი სპორტსმენები, მწერლები, მუსიკოსები-გვირგვინით არიან წარმოდგენილნი! მისი შემოქმედება გაჯერებულია სხვადასხვა გზავნილით, სიმბოლითა და მეტაფორით. ეცადეთ რამდენიმე ნახატის მაგალითზე, ფილმის შესახებ წერისას, იმსჯელოთ რას უნდა ნიშნავდეს თითოეული მათგანი.

ინდივიდუალური მუშაობისთვის
მოიძიეთ დამატებითი მასალა 1980-იანი წლების ამერიკული ხელოვნების შესახებ. ბასკიას შემოქმედება განიხილეთ კულტუროლოგიურ ჭრილში. თავად მხატვარი ინსპირირებული იყო აფრო-ამერიკული ისტორიით, რომლის იდეებსაც, თავის შემოქმედებაში რასიზმთან ბრძოლის კომბინაციაში, 1980-იანი წლების ამერიკის კონტექსტში გამოხატავდა.

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ეს ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად შეგიძლიათ გამოიყენოთ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო მოდულში.

ბასკიამ აფრო-ამერიკული და ლათინური გამოცდილება ელიტარულ სახელოვნებო სივრცეს მოარგო.1980-იანების ნიუ-იორკის ქუჩები, ვუდუს კულტურა, ქრისტიანული მითოლოგია, ანტიკური სამყაროს გმირები ბასკიას შემოქმედებითი სამყაროს შემადგენელი ნაწილია. აღსანიშნავია, რომ 8 წლის ასაკში ქუჩაში თამაშის დროს მას მანქანა დაეჯახა, ბასკიამ ხელი მოიტეხა და მძიმე დაზიანებები მიიღო. რეაბილიტაციის პერიოდში დედამ სამედიცინო სახელმძღვანელო “გრეის ანატომია” მიუტანა. წიგნში არსებული ანატომიური ჩანახატები ახალგაზრდა მხატვრისთვის ინსპირაცია გახდა. იმსჯელეთ, რა იყო ბასკიას პოპულარობის მიზეზი, რამდენად იკითხებოდა მის ნამუშევრებში მისი ბიოგრაფიული პასაჟები.

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც ბასკიას შემოქმედების რომელიმე პერიოდს ან თუნდაც ერთ ფერწერულ ტილოს გაანალიზებთ ისტორიულ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტში.

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიისა და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება ფრანგი მხატვრის ჟან-მიშელ ბასკიას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.

ტრეილერი

Play Video

გადმოწერე სასწავლო რესურსი

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

ახალგაზრდა აჰმედი (2019)

ფილმები

კოკო (2018)

ფილმები

ნუ მოკლავ ჯაფარას (1962)

ფილმები

მულანი (1998)

ფილმები