ფილმები
1917 (2019)
სინოფსისი
1917 წლის აპრილში, დასავლეთის ფრონტზე ორი ბრიტანელი ჯარისკაცი იზოლირებული დანაყოფისთვის შეტყობინების გადასაცემად იგზავნება. მათ სისწრაფესა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული ასეულობით ჯარისკაცის ბედი, თუ დროულად ვერ მიიტანენ შეტყობინებას დანიშნულების ადგილზე ჯარისკაცები მტრის ხაფანგში აღმოჩნდებიან. დანიშნულების წერტილამდე მათ მტრის ტერიტორიის გავლა უწევთ.
მე-20 საუკუნე, 1917 წელი, პირველი მსოფლი ომი.
- პირველი მსოფლიო ომი 1914-1918 წლებში მიმდინარეობდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთის, იტალიის, აშშ-ს მეთაურობით დაამარცხეს გერმანიის იმპერიის, ავსტრია-უნგრეთის და ოსმალეთის იმპერიის ერთობლივი ბლოკი.
- პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი სერბი ნაციონალისტის გავრილო პრინციპის მიერ, ავსტრია უნგრეთის ტახტის მემკვიდრის, ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობა გახდა. 1914 წლის 28 ივლისს ავსტრია-უნგრეთმა ომი გამოუცხადა სერბეთს. ბრძოლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა დასავლეთის ფრონტზე, ჩრდილოეთის ზღვიდან შვეიცარიის საზღვრამდე.
- ომის შედეგად დაიშალა ოთხი იმპერია: ავსტრია-უნგრეთი, გერმანია, ოსმალეთი და რუსეთი.
- 1917 წლის ზამთარი ძალიან ცივი იყო, საომარ ხაზზე სანგრებში ავადმყოფობა გაჩნდა. დაპირისპირებულმა მხარეებმა დროებით საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტეს. ამ პერიოდში ბრიტანეთმა საყოველთაო სამხედრო სამსახური სავალდებულო გახადა.1917 წლის 3 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა გერმანიასთან დიპლომატიური კავშირი ოფიციალურად გაწყვიტა.
- სემ მენდესი ინგლისელი რეჟისორია. მისი ფილმებია: ამერიკული სილამაზე (1999); ცვლილებათა გზა (2008); სკაიფოლი (2012); მიღებული აქვს ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები. 1917 მისი მერვე სრულმეტრაჟიანი ფილმია.
- სემ მენდესის ფილმში ომის სისასტიკე ყველას და ყველაფერზე აისახება. რამდენად რეალისტურია ფილმში ასახული გარემო? განსხვავდება თუ არა პირველი მსოფლიო ომის თემაზე შექმნილი სხვა ფილმებისაგან?
- ომის შესახებ გადაღებულ ფილმებში ავტორები ყოველთვის ცდილობენ მთავარი გმირები მებრძოლებად და გმირებად წარმოაჩინონ. სემ მენდესის შემთხვევაში როგორ პერსონაჟებს ვხვდებით?
- ფილმის ერთ-ერთი გმირის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ, მისი მეგობარი „მისიას“ აგრძელებს და წერილი დანიშნულების ადგილამდე ჩააქვს. როგორია მისი სულიერი განწყობა, რა მხატვრული ხერხებით გადმოსცემს რეჟისორი ამ ყოველივეს?
- თქვენ რომ ფილმის რეჟისორი ყოფილიყავით, შეცვლიდით თუ არა ფილმის სცენარს, ფინალს?
დაწერე ფილმის შესახებ
ეპოქალური კონტექსტების და დისკუსიის შედეგად გამოკვეთილი საკითხების გათვალისწინებით, ფილმზე წერის დროს აქცენტი გააკეთეთ პირველი მსოფლიოს ომის ისტორიულ ფონზე. რეჟისორი ერთი ჯარისკაცის პერსპექტივიდან გვიჩვენებს ომის სისასტიკეს, რეალურად კი ეს განზოგადებული კრებითი სახეა, ერთგვარი სიმბოლოა ყველა ბრიტანელის, ვინც 1917 წელს იბრძოდა. ცნობილი ფაქტია, რომ ჯარისკაცების ასაკი ხშირად 17 წლიდან იწყებოდა. უმეტესმა მათგანმა ომის დასრულება მძიმედ გადაიტანა (ფიზიკური და მენტალური პრობლემები მთელი ცხოვრება სტანჯავდათ). რამდენად იყო რეჟისორის მიზანი ომის გმირების ჩვენება, რამდენად აღწერს ჯარისკაცების სულიერ სამყაროს ფილმი „1917“? როგორია მათი თვალით დანახული ომის სისასტიკე, მათი სულიერი განწყობა. რა მხატვრული ხერხებით გადმოსცემს ფილმის ავტორი ომის ამაოებას, ადამიანთა უიმედობას ან იმედს.
ინდივიდუალური მუშაობისთვის
გერმანელი მწერლის ერიხ მარია რემარკის ავტობიოგრაფიული რომანი “დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ პირველი მსოფლიო ომის სისასტიკეს ასახავს. წიგნი გამოიცა 1929 წელს და 30-მდე ენაზე ითარგმნა. რომანში ასახულია ჯარისკაცის, პაულ ბოიმერის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი: დაბომბვების სერია, ფრონტზე ცხოვრების გაუსაძლისი პირობები, ბრძოლა მოწინააღმდეგესთან. აღსანიშნავია, რომ რემარკი თავად იყო ომის ვეტერანი, ის 1917 წლიდან ომის დასრულებამდე იბრძოდა. ინდივიდუალური მუშაობის დროს, ნახეთ წიგნის მიხედვით 1930 და 1976 წელს შექმნილი ეკრანიზაციები.
ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ეს ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისტორიის სასწავლო მოდულში.
ფილმში „1917“ ბრიტანელების პერსპექტივიდანაა დანახული პირველი მსოფლიო ომი. ბრიტანეთი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო ანტანტის ბლოკში. ეპოქალური კონტექსტების გამოყენებით, ჯგუფური მუშაობისას გააანალიზეთ ანტანტის ქვეყნების თითოეული წევრის როლი პირველ მსოფლიო ომში. ეცადეთ მათი ჩართულობა აღწეროთ სამხედრო თვალსაზრისით. ბრძოლის რა სტრატეგიას იყენებდა თითოეული მათგანი (გენერლები) ბრძოლის რომელი სივრცე (სახმელეთო, საზღვაო, ნავიგაცია) აღმოჩნდა თოთოეული მათგანისთვის მომგებიანი და რატომ.
პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას: პირველი მსოფლიო ომი, მიზეზები, პროცესი და შედეგები. ეცადეთ წარმოადგინოთ ისტორიული ქრონიკის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, ისტორიული და ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომი საარქივო დოკუმენტები.
მოსალოდნელი შედეგი
ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიისა და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება პირველი მსოფლიო ომის შესახებ.
- აშშ | 2019 | მხატვრული | 119 წთ | R
- რეჟისორი : სემ მენდესი
- სცენარის ავტორები : სემ მენდესი, კრისტი ვილსონ კეირნსი
- ოპერატორი : როჯერ დიკინსი
- მხატვარი : დევიდ სანდალესი
- მონაწილეობენ : დინ ჩარლს ჩეპმენი, რიჩარდ მადენი, ბენედიქტ კამბერბეჩი, მარკ სთრონგი, დენიელ მეისი, კოლინ ფერტი, ჯასტინ ედვარდსი