ფილმები

400 დარტყმა (1959)

სინოფსისი

1950-იანი წლების პარიზში, 13 წლის ანტუანი ოჯახური და სოციალური უსამართლობის წნეხის ქვეშაა. უთანხმოება აქვს სკოლის მასწავლებელთან, მამინაცვალს საბეჭდ მანქანას პარავს და ოჯახის სურვილით ძნელად აღსაზრდელთა დაწესებულებაში ხვდება.

მე-20 საუკუნე, 1950-იანი წლების საფრანგეთი, პარიზი.

  • ფრანსუა ტრიუფოს კინოდებიუტი „400 დარტყმა“ ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია. 2004 წელს ჟურნალმა Sight & Sound, კინოს ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ფრანგულ ფილმად დაასახელა.
  • ფილმი ავტობიოგრაფიულ პასაჟებს შეიცავს, მთავარი გმირი ანტუან დუანელი (ჟან პიერ ლეო) რეჟისორის ალტერ ეგოა. მსახიობი ტრიუფოს შემოქმედებაში, პირველად სწორედ „400 დარტყმაში“ ჩნდება და მის შემდგომ ფილმებშიც თამაშობს: „ანტუანი და კოლეტი“, „მოპარული კოცნები“, „ორი ინგლისელი გოგონა“, „ამერიკული ღამე“. ამ ფილმებში დუანელის ცხოვრების ოცი წელია ასახული.
  • ფილმის სახელწოდება “400 დარტყმა” ერთი ფრანგული იდიომის პირდაპირ თარგმანს წარმოადგენს და ძლიერი შფოთვის გამოწვევას, განსაცდელში ყოფნას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ე.წ. ქასთინგში მონაწილე ბავშვები, რომლებიც ანტუან დუანელის როლის მიღებას ცდილობდნენ, ფილმში მის თანაკლასელებად არიან წარმოდგენილნი.
  • ტერმინი “ფრანგული ახალი ტალღა“ 1950-იანი წლების ბოლოს ფრანგმა კინემატოგრაფისტებმა დაამკვიდრეს. ესენი იყვნენ: ფრანსუა ტრიუფო, ჟან-ლუკ გოდარი, ერიკ რომერი, კლოდ შაბროლი, ჟაკ რივეტი. მათ პროფესიული საქმიანობა როგორც კინოკრიტიკოსებმა დაიწყეს და შემდეგ რეჟისორებად იქცნენ. “Cahiers du Cinéma” (კაიუ დე სინემა) იყო ჟურნალი სადაც აღნიშნული ავტორები ერთიანდებოდნენ. ის ყველაზე მნიშვნელოვანი კინოგამოცემა გახლდათ 1950-იანი წლების ევროპულ კინოში. მისი რედაქტორი იყო „ახალი ტალღის“ დამფუძნებელი ანდრე ბაზენი.
  • ფრანგულ „ახალ ტალღაზე“ გავლენა მოახდინა იტალიურმა ნეორეალიზმმა და ჰოლივუდის კლასიკური პერიოდის ფილმებმა. „ახალი ტალღის“, როგორც კინო მოძრაობის მთავარი პრინციპი თეორიული ნაშრომების შექმნასთან ერთად, ძველი, კლასიკური კინემატოგრაფიული ფორმების გააზრებული უარყოფა იყო. “მამების კინოზე” უარის თქმა!
  • ტრიუფო ბავშვობას ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს უწოდებდა. მისი სიტყვებით, მოზარდის ცხოვრებაში მომხდარი „არასწორი“ ფაქტი დანაშაულია, უფროსისთვის კი შემთხვევითობა. ფილმით „400 დარტყმა“ კანის კინოფესტივალზე ფრანსუა ტრიუფომ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა.
  • უსამართლობის განცდა რთული მოვლენა იყო ტრიუფოს ცხოვრებაში და მის სადებიუტო ნამუშევარშიც მაგისტრალური ხაზია. დაასახელეთ კონკრეტული ეპიზოდები ფილმიდან სადაც თქვენ, მაყურებელს, ეს განცდა გეუფლებათ.
  • ფილმში ასახული გარემო: ქუჩები, შენობები, ადამიანები… მთავარი გმირის თვალითა არის დანახული. სუბიექტური კამერით, თუ კამერის რაკურსის გამოყენებით რეჟისორი მოზარდის თვალით დანახულ სამყაროს გვაცნობს. რატომ მიმართავს ამგვარ მხატვრულ ხერხს ტრიუფო?
  • რეჟისორის პოზიციაც ცალსახაა – ის აკრიტიკებს საზოგადოებას, რომელიც ასე ექცევა ბავშვს, როგორია ამ პერიოდის პარიზული ყოფა?
  • როგორია ფილმია სახელწოდების თქვენეული ინტერპრეტაცია?
  • დაახასიათეთ ანტუანის და მისი მშობლების (დედის, მამინაცვლის) ურთიერთობა. ფილმის რომელ ეპიზოდებში ვლინდება ყველაზე ნათლად ბავშვის კონფლიქტი და პროტესტი არსებული რეალობის მიმართ?
  • ანტუანი საბეჭდ მანქანას იპარავს, რისთვისაც მკაცრად ისჯება. თქვენი აზრით ბრალეულობა მხოლოდ მასზე მოდის, თუ კიდევ ვინმეა „დამნაშავე“ (პასუხისმგებელი) მის ასეთ ქცევაში?
  • ფილმის ფინალში, ანტუანი ფეხბურთის თამაშის დროს ძნელად აღსაზრდელთა კოლონიიდან იპარება, გრძელი გარბენის შემდეგ, ზღვასთან აღმოჩნდება, ის კამერაში იყურება და ფილმი მთავრდება. თქვენი აზრით, რა იყო რეჟისორის მხატვრული ჩანაფიქრი, რატომ სრულდება ასე „400 დარტყმა“?

დაწერე ფილმის შესახებ
ეპოქალური კონტექსტების და დისკუსიის შედეგად გამოკვეთილი საკითხების გათვალისწინებით, ფილმზე წერის დროს აქცენტი გააკეთეთ გარემოზე – სად ხდება მოქმედება, რამდენად შემონახულია ფილმით 1950-იანი წლების ურბანული გარემო, კონკრეტულად კი პარიზი! ფილმის პერსონაჟი ანტუან დუანელი, როგორც მას ხშირად უწოდებენ, ერთ-ერთი მთავარი ბავშვია კინოს ისტორიაში. “400 დარტყმა” არ არის რეჟისორის ნოსტალგიური და ინფანტილური გააზრება საკუთარი ბავშვობისა, პირიქით, ტრიუფო კრიტიკულად იაზრებს 1950-იანი წლების პარიზულ რეალობას, მის ყველ ინსტიტუციას: სკოლას, ოჯახს, ბავშვთა დაწესებულებას. რეცენზიაზე წერის დროს აქცენტი გააკეთეთ თავად რეჟისორის პერსონაზე, ამას გარდა, დაახასიათეთ ანტუან დუანელი, რატომ ეწინააღმდეგება ყველას და ყველაფერს? იქნებ პირიქით, ყველა მის წინააღმდეგაა? იფიქრეთ ფილმის ფინალზე, რამდენად ეთანხმებით რეჟისორს არჩევანში.

ინდივიდუალური მუშაობისთვის
ბავშვები კინოში – ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური და მნიშვნელოვანი თემაა. ყველა ავტორი მისი პერსპექტივიდან ასახავს მათ საკუთარ ფილმებში. კინოს ისტორიას ახსოვს ჩაპლინის ბიჭუნა, პირველი ბავშვი, რომელმაც უხმო ფილმებით შეაყვარა თავი მაყურებელს, შემდეგ იყო ჟან ვიგოს „ნული ყოფაქცევაში“, რობერ ბრესონის „მუშეტა“, თეო ანგელოპოლუსის „პეიზაჟი ნისლში“, დარდენების „ბავშვი“… 2000-იანებში ვეს ანდერსონის „ამომავალი მთვარის სამეფო“, სადაც ბავშვების ფერად სამყაროს გვაცნობს. „400 დარტყმა“ ფილმია, რომელსაც მაყურებელი ბავშვის, ანტუანის თვალებით უყურებს (ფილმის ფინალში კი ის გვიყურებს ჩვენ). ინდივიდუალური მუშაობისას გირჩევთ, ნახოთ ზემოთ აღნიშნული ფილმები და გაეცნოთ მათი ავტორების შემოქმედებას. იფიქრეთ, რა მთავარი მესიჯის მატარებლები იყვნენ სხვადასხვა დროს ბავშვები კინოში. ეცადეთ მოძიებული თეორიული და ვიზუალური მასალა ფილმზე რეცენზიის წერისას გამოიყენოთ.

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ანტუან დუანელს, რეჟისორი სამ განსხვავებულ ინსტიტუციაში წარმოგვიდგენს: სკოლა, ოჯახი, კოლონია. იმსჯელეთ, თითოეული მათგანის დადგენილ წესებსა და ნორმებზე. რა „ჩარჩოში“ უწევს მოზარდს ყოფნა დამოუკიდებლობის მიღწევამდე. რამდენად ნაცნობია ანტუან დუანელის მოცემულობა და პრობლემები დღევანდელ საზოგადოებაში. როგორ და რა ფორმით განვითარდა ევროპა 1950-იანი წლებიდან დღემდე. რამდენად უსმენენ ბავშვებს დღეს უფროსები, ითვალისწინებენ თუ არა მათ სურვილებს. ეცადეთ, ფილმში ასახული პრობლემები და გამოწვევები დღევანდელ ქართულ რეალობას მოარგოთ და ჯგუფური მუშაობისას იმსჯელოთ ბავშვთა უფლებების კუთხით რა გამოწვევებია დღეს საქართველოში.

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას 1950-იანი წლების პარიზის შესახებ. ეცადეთ აქცენტი გააკეთოთ შემდეგ მიმართულებებზე: ქუჩა, მოდა, ჩაცმის სტილი, პოლიტიკური ვითარება, კულტურული ფონი.

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიის და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება 1950-იანი წლების საფრანგეთსა და ფრანსუა ტრიუფოს შემოქმედებაზე.

ტრეილერი

Play Video

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

ნუ მოკლავ ჯაფარას (1962)

ფილმები

პერსეპოლისი (2007)

ფილმები

ახალი დროება (1936)

ფილმები

გზა (1954)

ფილმები