ფილმები

ჰიუგო (2011)

სინოფსისი

1930-იანი წლების პარიზში, ობოლი ჰიუგო კარპეტი რკინიგზის სადგურში ცხოვრობს. მას საათების მოვლა და შეკეთება ევალება. ჰიუგოს მიზანი მამის მიერ დატოვებული სათამაშოს საიდუმლოს ამოხსნაა. მშობლის დატოვებულ ჩანაწერებში დაშიფრული ინფორმაცია ყველაფერს ფარდას ხდის. ჰიუგო მამა ჟორჟთან (ჟორჟ მელიესთან) აღმოჩნდება და მის ზღაპრულ კინოსამყაროს აღმოაჩენს.

მე-20 საუკუნე, 1900-იანი წლების პარიზი.

  • მარტინ სკორსეზეს ფილმი „ჰიუგო“ მწერალ ბრაიან სელზნიკის რომანის „ჰიუგო კაბრეს გამოგონება“ მიხედვით შეიქმნა. ეს სკორსეზეს პირველი ფილმია 3D ფორმატში.
  • ფილმი ერთგვარი მიძღვნაა ფრანგი რეჟისორის, კინემატოგრაფის პიონერის, ჟორჟ მელიესის მიმართ. “ჰუგოში” წარმოდგენილია კადრები მელიესის ფეერიული ფილმებიდან, მათ შორის მისი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ნამუშევრიდან „მოგზაურობა მთვარეზე“
  • ჟორჟ მელიესი ფრანგი კინორეჟისორია. კინოში მოსვლამდე ის ილუზიონისტის პროფესიით იყო დაკავებული. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კინოტექნიკის განვითარებაში. მელიესი ფეერიულ კინოსამყაროში ხშირად სპეცეფექტებს მიმართავდა. მის სახელს უკავშირდება მსოფლიოში პირველი კინოსტუდიის გახსნა. ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია „ადამიანი მთვარეზე“, „კონკიას ისტორია“ „ასტრონავტის ოცნება“, „ბანოვანის გაქრობა”. მისი ფილმები, ისევე როგორც ყველა ფილმი 1900-იან წლებში, შავ-თეთრი იყო, შემდეგ ის თავად აფერადებდა მათ.
  • მელიესის ფილმმა „ბანოვანის გაქრობა“ მაყურებელში დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ ფაქტის შემდეგ მელიესმა საკუთარ მამულში 1897 წელს კინოსტუდია ააშენა, სადაც დღეში 11-15 საათს მუშაობდა. მელიესმა შეისწავლა ფოტოგრაფიის ძირითადი თეორიული ასპექტები და კინოში წარმატებით იყენებდა მათ.
  • 1896 წელს მან 10-15 წუთის მეტრაჟის ოთხმოცამდე ფილმი გადაიღო. ჟორჟ მელიესის მიღწევა ეკრანზე სასცენო, თეატრალური ხელოვნების გადატანაა. მან პირველმა დაიწყო პავილიონში გადაღებები. მისი დამკვიდრებული ჟანრია ფეერია, ფანტასტიკა, კომედია, ზოგიერთ შემთხვევაში სატირაც კი. მის ფილმებში თეატრალურობა დიდი დოზითაა წარმოდგენილი. პირველი მსოფლიო ომის დროს მელიესი კინოსამყაროდან გაქრა, როგორც ამბობენ ის სათამაშოების მაღაზიაში ვაჭრობდა, 1938 წელს მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა.
  • “ჰიუგო“ ოსკარის 11 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. ამერიკის კინოაკადემიის 84-ე დაჯილდოებაზე ფილმმა 5 ოსკარი მოიპოვა: საუკეთესო ოპერატორი, მხატვრული გაფორმება, ვიზუალური ეფექტები, საუკეთესო ხმა, საუკეთესო მონტაჟი ხმოვანი რიგისთვის.
  • მარტინ სკორსეზე იტალიური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორია. ოსკაროსანი ავტორის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ნამუშევრებია: 1970-იან წლებში “ტაქსის მძღოლი“ (1976), 1980-იან წლებში „ცოფიანი ხარი“ (1980), „კომედიის მეფე“ (1983), 1990-იან წლებში „დიდებული ბიჭები“(Goodfellas, 1990), „კაზინო“ (1995), 2000-იან წლებში „ნიუ იორკის ბანდები“ (2002), „ავიატორი“ (2004), „შეშლილთა კუნძული“ (2010), 2013 წელს შექმნა „უოლ-სტრიტის მგელი“, 2019 წელს ნეტფლიქსთან თანამშრომლობით გადაიღო ფილმი „ირლანდიელი“.
  • ჰიუგო და მისი მეგობარი გოგონა ბიბლიოთეკაში კინოს ისტორიას ეცნობიან და სწორედ იქ მიაკვლევენ სიმართლეს: ძია ჟორჟი სინამდვილეში კინოს პიონერი ჟორჟ მელიესია, რომელიც ყველას პირველ მსოფლიო ომში დაღუპული ჰგონია. თქვენი აზრით, რატომ არ ამხელს სიმართლეს თავად ჟორჟ მელიესის პერსონაჟი ?
  • ფილმის დასაწყისში ჰიუგო ხშირად ქურდობს, მუდმივ კონფრონტაციაშია სადგურის პოლიციასთან, მისი ბრძოლა თვითგადარჩენისთვის მის ხასიათს აყალიბებს. მას რომ მშობლები ჰყოლოდა, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება?
  • მეგობარი გოგონას, იზაბელას დახმარების გარეშე, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ჰიუგოს ცხოვრებაში?
  • როგორ იცვლება ბავშვების ცხოვრება მელიესთან შეხვედრის შემდეგ?
  • შეგვიძლია თუ არა სკორსეზეს ფილმით ვიმსჯელოთ როგორი იყო კინემატოგრაფის უმნიშვნელოვანესი ფიგურის, ჟორჟ მელიესის ცხოვრება?
  • შეცვლიდით თუ არა ფილმის ფინალს?

დაწერე ფილმის შესახებ
ეპოქალური კონტექსტების და დისკუსიის შედეგად გამოკვეთილი საკითხების გათვალისწინებით, ფილმზე წერის დროს აქცენტი გააკეთეთ ჟორჟ მელიესის პერსონაზე. რეცენზიის წერისას სასურველია გაეცნოთ კინოს ისტორიის საწყისებს, ლუმიერების და მელიესის ფილმებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ პირველი კინოსეანსიც და სკორსეზეს ფილმიც მატარებლის შემოსვლით/მატარებლის სადგურით იწყება. რეჟისორი ჰქმნის „კინოს კინოზე“ და კინოციტატებით გვიამბობს ზღაპრულ, ფეერიულ ამბავს ჟორჟ მელიესზე. დაფიქრდით, რა იყო რეჟისორის მთავარი მიზანი როდესა ამ ფილმს ჰქმნიდა.

ინდივიდუალური მუშაობისთვის
ჟორჟ მელიესი საფრანგეთში ე.წ. ფოკუზების თეატრის მფლობელი გახლდათ. ლუმიერების პირველი სეანსის შემდეგ, კინოხელოვნებით დაინტერესდა და როგორც ამბობენ კინოს შემქმნელ ძმებს აპარატის მიყიდვა სთხოვა. უარის შემდეგ ინგლისელი გამომგონებლის, პოლას კინოაპარატი შეიძინა. მელიესმა მორიგი ფილმის გადაღების დროს „კინოატრაქციონს“ მიაგნო. აპარატის შეყოვნებამ მოულოდნელი ეფექტი დაბადა. მართალია ფირის გასასწორებლად და კვლავ ჩასართავად ზუსტად 1 წუთი გახდა საჭირო , მაგრამ სწორედ ამ დროს დაიბადა ახალი მხატვრული ხერხი, რომელსაც გარდასახვის ტრიუკს უწოდებენ და კინოში სწორედ მელიესმა დანერგა. შემთხვევითობამ ახალი მხატვრული ხერხი/ტექნიკური საშუალება დაბადა.

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ეს ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისტორიის და გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო მოდულში.

მარტინ სკორესემ ფილმი შექმნა ბრაიან სელზნიკის წიგნის „ჰიუგო კარპეტის“ მიხედვით. სიუჟეტის თანახმად ფილმში მოქმედება პარიზში ვითარდება, მაგრამ ფილმის უმეტესი ნაწილი ლონდონშია გადაღებული. ჯგუფური მუშაობის შედეგად იმსჯელეთ, როგორი იყო 1930-იანი წლების პარიზი, რა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები იწყებოდა ამ დროს ევროპაში. მოიძიეთ ინფორმაცია ამ პერიოდის ევროპული ხელოვნების (კინო, ფერწერა, თეატრი, ლიტერატურა) შესახებ.

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას: ჟორჟ მელიესის კინოსამყარო და გმირები. აქცენტი გააკეთეთ დეკორაციაზე, რეკვიზიტებზე, სამოსსა და გრიმზე.

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიისა და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება 1900-იანი წლების პარიზში კინოს ისტორიის საწყის ეტაპზე, ჟორჟ მელიესის შემოქმედებაზე.

ტრეილერი

Play Video

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

ახალგაზრდა აჰმედი (2019)

ფილმები

სხვების ცხოვრება (2006)

ფილმები

გვირაბი (2019)

ფილმები

გოიას ლანდები (2006)

ფილმები