ფილმები

ქუჩის დღეები (2010)

სინოფსისი

ფილმის მთავარი გმირი 45 წლის მამაკაცია, სახელად ჩეკი. ის წამალდამოკიდებულია და კორუმპირებული პოლიციელი მას მორალური დილემის წინაშე აყენებს: დააბეზღოს საკუთარი ბავშვობის მეგობრის 16 წლის შვილი, სანაცვლოდ ის ნარკოტის და ფულს მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხე ემუქრება. მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, მთავარი გმირი არ თანხმდება პოლიციის შეთავაზებას და „სწორ“ არჩევანს აკეთებს.

21-ე საუკუნე, 2000-იანი წლების საქართველო.

  • „ქუჩის დღეები“ ბოლო პერიოდის ქართული კინემატოგრაფის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ფილმმა მიიღო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული ფილმების მე-10 ფესტივალის goEast-ის მთავარი პრიზი.
  • ნარკომანიის თემა ქართულ კინოში, 1990-ნი წლებიდან 2010 წლამდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხშირად ტირაჟირებული გახლდათ. ლევან კოღუაშვილმა ფილმი 2010 წელს შექმნა და ზედმიწევნით რეალისტურად ასახა 2000-იანების საქართველოში არსებული სისტემა: სახელმწიფო, წამალდამოკიდებული ადამიანები, პოლიცია, მართლმსაჯულება. ჩაკეტილი წრე, საიდანაც თავის დაღწევა ბევრმა ვერ შეძლო.
  • აღნიშნული ფილმი მნიშვნელოვანია კონკრეტული ათწლეულის შეჯამების თვალსაზრისით, 2010 წელი ქართული კინოსთვის ახალი ათვლის წერტილია! „ქუჩის დღეები“ უცხოურმა კრიტიკამ შეაფასა, როგორც ქართულ კინოს საუკეთესო ტრადიციების გამოყენებით შექმნილი „ნეორელისტური“ ფილმი.
  • ფილმის მთავარი გმირი წამალდამოკიდებული ადამიანია, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად (ბანკი, მისი სახლის გაყიდვას აპირებს), ის ცხოვრების ჩვეულ სტილს არ ღალატობს. ფილმის დასაწყისში როგორია მისი ქცევა, დამოკიდებულება ცოლის, ოჯახის, შვილის მიმართ და როდის და რა ფორმით იცვლება?
  • იმსჯელეთ, როგორია ჩეკის და მისი მეგობრების ურთიერთდამოკიდებულება, რა არის ქუჩაში, სკოლის წინ მდგომი შუახნის მამაკაცების მთავარი ფიქრი და საზრუნავი?
  • ფილმში ასახული მოვლენები და რეალისტური თხრობის მანერა, მაყურებელს თითოეული ეპიზოდის და პერსონაჟის განცდების თანაზიარს ხდის, თქვენ რომელ ეპიზოდს გამოარჩევდით ფილმიდან, რომელმაც ყველაზე დიდი ემოციური გავლენა მოახდინა?
  • რამდენად რეალისტურად ასახავს ლევან კოღუაშვილი თბილისის ერთი უბნის და წამალდამოკიდებული ადამიანების ყოფას, რა ხერხებით და გზებით ცდილობს პრობლემის ირგვლივ საუბარს?
  • “ქუჩის დღეების“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი, ლეო ანთაძის გმირის თვითმკვლელობაა, რატომ ხდება გიორგი ყიფშიძის მამის პერსონაჟი ფანჯრიდან, თქვენი აზრით ეს აფექტური მდგომარეობაა თუ ამ ყველაფერს წინ სხვა მოვლენები უსწრებდა?
  • ჰქონდა თუ არა ჩეკის პერსონაჟს უკეთესი ცხოვრების ალტერნატივა? როდის და რა ფორმით გააკეთა მან არჩევანი?
  • თქვენი აზრით, ეს უბრალო შემთხვევითობაა თუ რეჟისორის მიზანმიმართული სვლა: წამალდამოკიდებული შუა ხნის მამაკაცების თავშეყრის ადგილი სკოლის წინ არსებული სივრცეა, მათ ყოველდღიურად ხედავს მომავალი თაობა…
  • კანონის წარმომადგენლები თავად არღვევენ კანონს! ჩეკის პერსონაჟი, საბოლოოდ მაღალი მორალური პრინციპების დამცველი ადამიანი აღმოჩნდა, რა გარდატეხა მოხდა გმირში, მას შემდეგ, რაც მან მინისტრის მეგობრის შვილი გაიცნო?
  • რამდენად სწორია ფილმის ფინალში მისი გადაწყვეტილება და ქმედება, რომელიც ყველაფერს თავის “ლოგიკურ ადგილას აბრუნებს? ღირდა კი საკუთარი სიცოცხლის დათმობა „სამართლიანობის“ აღსადგენად? რატომ იქცევა ასე ჩეკის პერსონაჟი, ჰქონდა მას ალტერნატივა?
  • რამდენად ემპათიურია (თანაგრძნობა) რეჟისორი საკუთარი გმირების მიმართ, როგორც მაყურებელს რა განცდა გვიჩნდება „ქუჩის დღეების“ ყურებისას: თანაგრძნობა, შიში, ბრაზი, ზიზღი, გულგრილობა?

დაწერე ფილმის შესახებ
ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი აღნიშნავს „ქუჩის დღეების“ მთავარი თემა არ არის ნარკოტიკები ან ქუჩა – “პირველ რიგში ეს არის ფილმი ადამიანებზე, მათ სისუსტეებზე და კეთილშობილებაზე. ეს თემები არასოდეს გაცივდება.“. ფილმზე წერის დროს აღწერეთ მთავარი გმირის ფსიქოტიპი, მისი ქცევა და მოტივაცია. რა სურს მას ცხოვრებაში, როგორც ექცევა ცოლს და შვილს, რატომ არ ჰყოფნის ძალა გაარღვიოს ჩაკეტილი წრე. წერისას ეცადეთ გასცდეთ მარტივ სიუჟეტურ ხაზს, რეჟისორის მიერ დანახული მოვლენები განაზოგადეთ თანამედროვე სოციუმის კონტექსტში. წერისას გამოიყენეთ ფილმები მსოფლიო კინემატოგრაფიდან: „ნემსზე“, “შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში“ – ფილმები სადაც წამალდამოკიდებული ადამიანია რეპრეზენტირებული, ამას გარდა რეალობის ასახვის თვალსაზრისით შეგიძლიათ პარალელები გაავლოთ ნეორეალისტურ ფილმებთან. (ნეორეალიზმი: კინომიმდინარეობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იტალიაში დაიბადა).

ინდივიდუალური მუშაობისთვის
წამალდამოკიდებული ადამიანი საზოგადოების ნაწილია, ამ ფრაზას ხშირად მოისმენთ. მოიძიეთ ინფორმაცია, როგორ შეიცვალა სახელმწიფო პოლიტიკა ამ თემასთან მიმართებაში, რამდენად ხშირად ხდებიან არასრულწლოვნები აღნიშნული პრობლემის მატარებლები და როგორ უნდა ექცეოდეს მათ სახელმწიფო და კანონი. ფილმზე დაწერილი რეცენზიიდან და დისკუსიის შემდგომ გამოკვეთილი პასუხებიდან, იფიქრეთ რა ფორმითაა შესაძლებელი ამ ადამიანების პოზიტიური ჩართულობა საზოგადოებრივ საქმიანობაში. რამდენად ხშირად ვექცევით, წამალდამოკიდებული ადამიანების მიმართ სოციუმში გაბატონებული სტერეოტიპების გავლენების ქვეშ?

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ეს ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად გამოდგება სამოქალაქო განათლების სასწავლო მოდულში.

ადამიანები მუდმივად აკეთებენ არჩევანს, ცხოვრებისეული სირთულეები ზოგისთვის ადვილი გადასატანია, ზოგისთვის კი პირიქით, მარადიულ წინაღობად რჩება! რეჟისორი საოცარი დამაჯერებლობით აღწერს, თუ რა ფენომენია ნარკომანია და როგორ აღწევს ის ყველა ინსტიტუციაში  ქუჩიდან-სკოლაში, სკოლიდან-ოჯახში, როგორ ანგრევს მამისა და შვილის, ქმრისა და ცოლის ურთიერთობას. ჯგუფური მუშაობის დროს იმსჯელეთ, თქვენ რომ მთავარი გმირის ნაცვლად გემოქმედათ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდით, შესაძლებელია ყოველთვის ყველაფრის გამოსწორება? რატომ ვერ ახერხებს წამალდამოკიდებული ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით კანონს არღვევს, „კანონის დამცველ“ (რეალურად კი კანონის დამრღვევ) პოლიციელებთან გამკლაცებას, რამდენად მარტოა გმირი? როგორ ფიქრობთ ნარკომანია არჩევანია, სასჯელი თუ დანაშაული?

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენს მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას: რა მნიშვნელოვანი სოციალური, პოლიტიკური კულტურული მოვლენები მოხდა 2000-იანი წლებიდან 2010 წლის ჩათვლით საქართველოში. ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი ამბობს, რომ „ეს არის კინო დაკარგული თაობის შესახებ“. ინტერნეტ რესურსების გამოყენებით მოიძიეთ თუ რას ნიშნავს დეფინიცია „დაკარგული თაობა“ გამოიყენეთ 1990-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები და ქართული ფილმები. ეცადეთ, მასალის რეპრეზენტირებისას გამოიყენოთ ინტერნეტ სივრცეში არსებული დოკუმენტური მასალა.

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიისა და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება 2000-იანი წლების საქართველოში არსებულ სოციალურ ფონზე.

ტრეილერი

Play Video

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

ნუ მოკლავ ჯაფარას (1962)

ფილმები

პატარა ქალები (2019)

ფილმები

მიშა კობახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმები

ფილმები

გვირაბი (2019)

ფილმები