ფილმები

პერსეპოლისი (2007)

სინოფსისი

ანიმაციური ფილმი „პერსეპოლისი“ დაფუძნებულია ირანელი რეჟისორის მარჯან სატრაპის ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიულ-გრაფიკულ რომანზე (კომიქსზე). ფილმში ასახულია ირანელი გოგონას მარჯანის ისტორია, რომლის ცხოვრებაშიც პოლიტიკური რეჟიმის შეცვლისთანავე მნიშვნელოვანი ცვლილებები იწყება: მისი მოზარდად ყოფნის პერიოდი 1979 წლის ირანის ისლამურ რევოლუციას ემთხვევა. ახალი მმართველობის პირობებში, მთავარ გმირში იღვიძებს პროტესტი საზოგადოდ მიღებული დოგმების, ტრადიციების, წესების მიმართ. ქვეყანაში დამყარებული პოლიტიკური რეჟიმი 21 წლის გოგონას აიძულებს ქვეყნის დატოვებას.

მე-20 საუკუნე, 1970-იანი წლების ირანი.

  • 1979 წელს ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა, შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი, აიათოლა რუჰოლა ხომეინმა ჩაანაცვლა. ირანი კონსტიტუციური მონარქიიდან სახალხო თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად გადაიქცა. რევოლუცია ორ ეტაპად მიმდინარეობდა: პირველ ეტაპზე ლიბერალურ-მემარცხენე-რელიგიურმა გაერთიანებამ შაჰის მმართველობას ბოლო მოუღო, მეორე ეტაპზე უკვე აიათოლამ აიღო ხელში მართვის სადავეები. შაჰის ავტორიტარული მონარქია, რეპრესიულმა თეოკრატიამ ჩაანაცვლა. სულ რამდენიმე დღეში, ირანი ამერიკის სტრატეგიული მოკავშირიდან, მის მტრად გადაიქცა.
  • მოჰამედ რეზა-შაჰ ფეჰლევი ირანს 1940-იანი წლებიდან მართავდა, ქვეყნის მოდერნიზაციის პარალელურად, მან ჩაახშო განსხვავებული აზრი და გარკვეულწილად პოლიტიკური თავისუფლებაც.
  • აიათოლა ხომეინის მმართველობის დროს ირანელ ქალებს ფაქტობრივად ყველა უფლება ჩამოერთვათ, ქვეყანაში აიკრძალა დასავლური კულტურის პროპაგანდა, დამყარდა ისლამური კანონმდებლობა. ირანში, დღემდე მართლმსაჯულება შარიათის კანონების მიხედვით ხორციელდება.
  • 1976 წლის 16 მარტს, აიათოლა ხომეინის მხარდასაჭერად ათიათასობით ირანელი ქალი შეიკრიბა თეირანში, ისინი მხარს უჭერდნენ ისლამური კანონების დაცვას, რაც გრძელი შავი სამოსის (ჰიჯაბი,ბურკა) და ჩადრის ტარებას გულისხმობდა.
  • პერსეპოლისი (ბერძ. სპარსელთა ქალაქი) სპარსეთის იმპერიის უძველესი დედაქალაქია. აქემენიდთა იმპერიის დედაქალაქის მშენებლობა დარიოს I-ის დროს დაიწყო, ქსერქსეს დროს გაგრძელდა და არტაქსერქსეს დროს დასრულდა. ქალაქი თავისი დიდებულებითა და სილამაზით მნახველში ყოველთვის გაოცებას იწვევდა. ამჟამად პერსეპოლისის ნანგრევებია შემორჩენილი ირანში.
  • ფილმმა 2007 წლის კანის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. ფესტივალზე რეჟისორმა განაცხადა: „მიუხედავად, იმისა, რომ ფილმი, მთელი მსოფლიოსთვისაა განკუთვნილი, მე ამ პრიზს ვუძღვნი ყველა ირანელს”. ფილმი ნომინირებული იყო 2008 წლის ამერიკის კინოაკადემიის პრიზზე, გახმოვანდა  ინგლისურად, ფრანგულად, ირანულად, გერმანულად…. წიგნი „პერსეპოლისი“ ითარგმნა 30-მდე ენაზე.
  • ”პერსეპოლისში“ მთავარი როლების შემსრულებლებს ახმოვანებენ: კიარა მასტროიანი (მარჯანი), კატრინ დენევი (დედა). რეალურად ეს ორი მსახიობი რეალურ ცხოვრებაშიც დედა-შვილია.
  • მთავარი გმირის ბავშვობა საკუთარი ქვეყნის უმძიმეს და ურთულეს პოლიტიკურ პროცესებს ემთხვევა, შიდა დაპირისპირება, ომი მეზობელ სახელმწიფოსთან. რა ფორმით, სიტყვებით, ფრაზებით აპროტესტებენ მარჯანის ოჯახის წევრები ამ ყოველივეს?
  • როგორ აისახება ადამიანთა ცხოვრებაზე ისლამისტური რეპრესიები, რელიგიური პოლიციის ტერორი?
  • მარჯანი მშობლების დახმარებით ქვეყნიდან „გარბის“, ევროპა (ვენა) მისთვის ახალი რეალობა და თავშესაფარია, როგორია მისი ცხოვრების ეს ეპიზოდი?
  • რამდენად რთული აღმოჩნდა ირანში მცხოვრებ პროგრესულ საზოგადოებასა და რელიგიურ ლიდერებს შორის წარმოქმნილი დაპირისპირება? ვინ და როგორ იმარჯვებს ამ ბრძოლაში?
  • შაჰის მმართველობის წლებშიც (1941-1979) არაერთი ირანელი იყო მისი რეჟიმის მოწინააღმდეგე. გაიხსენეთ ფილმის საწყისი ეპიზოდი, მარჯანის ოჯახს უხარია შაჰის რეჟიმის დამხობა. როგორ და რატომ იცვლება შემდეგ მათი დამოკიდებულება?
  • მარჯანის ოჯახი წვეულებებს აწყობს ალკოჰოლის თანხლებით, მაშინ როცა სასმელი ირანში უკვე აკრძალულია, თქვენი აზრით რატომ იქცევიან ისინი ასე?
  • გაიხსენეთ ფილმის ეპიზოდი სადაც გოგონას ჩაცმულობა (ჯინსის ქურთუკი წარწერით Punk Is Not Ded) ირანელი ორთოდოქსი ქალების კრიტიკის საგანი ხდება. ვენაში ყოფნისას, კათოლიკე მონაზვნები  ცდილობენ მის დისკრიმინაციას. თქვენი აზრით, რისი თქმა სურს ამ კონკრეტული პასაჟებით ფილმის რეჟისორს?
  • რამდენად რთული აღმოჩნდა მთავარი გმირისთვის ევროპულ საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული დამოკიდებულება, რა გზებით და ფორმით მოიპოვა თავისუფლება, როგორ იმკვიდრებს თავს ევროპულ საზოგადოებაში? როდის და რა ფორმით ვლინდება მთავარ გმირში შინაგანი პროტესტი?
  • შეგვიძლია თუ არა ფილმის მთავარ გმირს-მარჯანს მეამბოხე ვუწოდოთ?  როგორია ფილმში მისი წარმოდგენა ზოგადად გმირზე და გმირობაზე?
  • რატომ ჰქვია ფილმს პერსეპოლისი? რისი თქმა სურდა რეჟისორს ფილმის სახელწოდებით?

დაწერე ფილმის შესახებ
ეპოქალური კონტექსტების და დისკუსიის შედეგად გამოკვეთილი საკითხების გათვალისწინებით, ფილმზე წერის დროს აქცენტი გააკეთეთ 1979 წლის პოლიტიკური მოვლენების შემდეგ ირანში გამეფებულ საერთო პათოსზე, ადამიანების ჩუმ პროტესტსა და პირიქით, „ბედნიერ არჩევანზე“. 1970-იანი წლების ირანში მარჯანის თაობის გოგონები ამერიკული პოპ-კულტურის ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სულ რამდენიმე წელში ეს ტენდენცია მკვეთრად იცვლება. წერის პროცესში, იფიქრეთ, რა გახდა ამის მიზეზი? ფილმში თხრობა ორ სხვადასხვა დროსა და სივრცეში მიმდინარეობს: მარჯანის ბავშვობის პერიოდი ირანს უკავშირდება, ზრდასრულ ასაკში ის უკვე ევროპაში ინაცვლებს და ახალ ცხოვრებას იწყებს. ორივე შემთხვევაში, ეცადეთ აქცენტი გააკეთოთ გოგონას ქცევაზე, ფიქრებსა და მის საქციელზე. რატომ ტოვებს ის საკუთარ სამშობლოს და რატომ ბრუნდება უკან? გრაფიკულ რომანში „პერსეპოლისი“ ავტორი წერს: “და აი, კვლავ თეირანში ვარ, აეროპორტში შებიჯებისთანავე გავიარე თუ არა საბაჟო შემოწმება, მაშინვე ვიგრძენი ჩემი სამშობლოს სულის შემხუთველი აურა“რატომ არის თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის მიუღებელი ისლამისტური ფუნდამენტალიზმი? ეცადეთ, წერის დროს ყველა ზემოთჩამოთვლილი საკითხი განავითაროთ.

ინდივიდუალური მუშაობისთვის
მარჯან სატრაპი 1969 წლის ირანში დაიბადა, შაჰის მმართველობის დროს, ათი წლის შემდეგ ცხოვრება თეოკრატიული რეჟიმის ქვეყანაში გააგრძელა, ზრდასრულ ასაკში კი ევროპას „შეაფარა თავი“. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ირანში განვითარებული მოვლენებიდან-დღემდე, ამ ქვეყანაში პროგრესული ცვლილებები არ შეინიშნება. სულ უფრო გაუსაძლისი ხდება პატრიარქალურ და თეოკრატიულ რეჟიმში ქალებისათვის თავისუფლებისთვის ბრძოლა, თავის დამკვიდრება. ინდივიდუალური მუშაობისას, მოიძიეთ დამატებითი ლიტერატურული, ისტორიული ცნობები თანამედროვე ირანულ საზოგადოებაში ქალების როლზე! გირჩევთ გაეცნოთ ირანელი რეჟისორების ნამუშევრებს, სადაც პერსონაჟთა ცხოვრება სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების ფონზეა ასახული (აბას ქიაროსტამი, მოჰსენ მაჰმალბაფი, ჰანა მაჰმალბაფი, ასგარ ფარჰადი, მაჯიდ მაჯიდი, დარიუშ მეჰრჯუი).

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ეს ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისტორიის და სამოქალაქო განათლების სასწავლო მოდულში.

დააკვირდით ფილმის ვიზუალურ მხარეს, ანიმაციის უდიდესი ნაწილი შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი, რამდენად მისაღებია თქვენთვის რეჟისორის ასეთი მხატვრული გადაწყვეტა? თითქოს რეჟისორი „არ ღალატობს“ ლიტერატურულ პირველწყაროს-კომიქსს! წარსულის ამბების, ე.წ. ფლეშბექის ვიზუალიზაციისას ყოველთვის მონოქრომულ ფერებს იყენებს. ვიზუალური ნაწილის ანალიზის შემდეგ, ჯგუფში იმსჯელეთ თუ როგორ აისახება მარჯანის ცხოვრებაზე ისლამისტური რეპრესიები, ერაყთან ომი, რელიგიური პოლიციის ტერორი-პირდაპირ თუ ირიბად? რატომ აგზავნიან მას მშობლები ვენაში. რამდენად რთულია აზიურ კულტურაში ჩამოყალიბებული ახალგაზრდისთვის ევროპასთან შეგუება. დღეს, გლობალიზაციის პერიოდში, გაქრა თუ ისევ არსებობს მკაცრი საზღვრები სხვადასხვა ქვეყნის კულტურებსა და ხალხებს შორის? „პერსეპოლისის“ მაგალითზე განაზოგადეთ პოლიტიკური რეჟიმების ცვლა და მისი გავლენა ახალგაზრდებზე.

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას: ირანი 1940-იანი წლებიდან 1979 წლამდე, შეადარეთ ერთმანეთს შაჰის ირანი და ისლამისტური რევოლუციის შემდგომი, თეოკრატიული სახელმწიფო. ისტორიული და პოლიტიკური პროცესების გარდა, წარმოადგინეთ რიგითი ადამიანების ყოფის ამსახველი ვიზუალური მასალა (ჩაცმის სტილი, ყოფა: ალკოჰოლი, სიგარეტი; ქალების ჩაცმულობა-ჰიჯაბი, ჩადრა).

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიის და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც  აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება 1979 წლის ირანის ისლამურ რევოლუციაზე, დასავლური და აღმოსავლური კულტურების დაპირისპირებაზე.

ტრეილერი

Play Video

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

ჰიუგო (2011)

ფილმები

პატარა ქალები (2019)

ფილმები

მიშა კობახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმები

ფილმები

კოკო (2018)

ფილმები