ფილმები

მულანი (1998)

სინოფსისი

დისნეის ანიმაციაში „მულანი“ ჩინეთის იმპერიის მძიმე ისტორიული ვითარებაა აღწერილი. მომთაბარე, მეომარი ჰუნების ტომი თავს ესხმის ჩინეთს, ახალგაზრდა გოგონა-სახელად მულანი, მამას საომარ აბჯარს პარავს და  მამაკაცად გადაცმული ომში მიდის.

ადრეული შუა საუკუნეები, ჩინეთი.

  • ანიმაცია დაფუძნებულია მე-6 საუკუნის ძველ ჩინურ პოემაზე სახელწოდენით- „ბალადა მულანზე“. ლიტერატურულ ტექსტში ასახულია გოგონას ისტორია, რომელიც ასაკოვანი მამის ნაცვლად ჩაეწერება ჩინეთის არმიაში მომთაბარე ტომების წინააღმდეგ საბრძოლველად. ბრძოლაში მიღწეული დიდების მიუხედავად უარს ამბობს იმპერატორის კარზე საერო თანამდებობაზე და საკუთარ სოფელში, მამასთან ბრუნდება.
  • ჩინეთის ისტორიის ეს პერიოდი (რომელიც ანიმაციაში აისახა) „ჩრდილოეთისა და სამხრეთის დინასტიების“ სახელითაა ცნობილი. დასავლეთ ძინის დინასტია დაეცა და ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში მომთაბარე ტომების მმართველობა დამყარდა.
  • “მულანში“ ასახულია ისტორიული სინამდვილე, მაგრამ სასიყვარულო ხაზი მულანსა და შანგს შორის მხოლოდ დისნეის ანიმაციაში გვხვდება. ამას გარდა ლიტერატურულ პირველწყაროსა და ანიმაციას შორის ბევრი აცდენაა. რეალურად, მულანს იმპერატორი არ გადაურჩენია, მან ჩრდილოეთში ყოფნისას მრავალწლიანი ბრძოლით მოიპოვა აღიარება. პოემაში, მულანის თანამებრძოლი მამაკაცები ბრძოლიდან დაბრუნების შემდეგ იგებენ რომ ის ქალია, ანიმაციაში კი პირიქით, ბრძოლის ველზე!
  • დისნეის ანიმაციის გამოსვლამ, ჩინეთში არაერთი ადამიანის, აქტივისტის თუ სოციალური ჯგუფის უკმაყოფილება გამოიწვია, მათ შორის ფემინისტების.
  • მულანი, ანიმაციური ფილმის დასაწყისში, თავქარიანი და უდარდელი გოგონაა. მას გართობის გარდა არაფერი ანაღვლებს. ოჯახის წევრები მასზე მუდმივად ნერვიულობენ. მის ასაკში ყველა გოგონა ოჯახის შექმნაზე ფიქრობს, ის კი პირიქით, თავგადასავლებს ეძებს. როგორია დედის და ბებიის რეაქცია და დამოკიდებულება ამ ყველაფერზე?
  • ჰუნების შემოსევა ჩინეთის ძლევამოსილ იმპერიას თანდათან ასუსტებს. იმპერატორის არმიას ახალი ძალა სჭირდება. მულანის მამას, ფიზიკური მდგომარეობის გამო ბრძოლა არ შეუძლია, მაგრამ მაინც ეწერება არმიაში. პიროვნების რა თვისებაზე მიანიშნებს მიანიშნებს მისი ეს საქციელი?
  • როგორია არმიაში მყოფი ჩინელი ჯარისკაცების დამოკიდებულება მულანის მიმართ?
  • როგორ იცვლება მულანის და კაპიტნის ურთიერთობა სიმართლის გარკვევის შემდეგ?
  • ჩინეთის იმპერატორის გადარჩენის შემდეგ ის კვლავ ოჯახში ბრუნდება, მისთვის სახლი და მშობლები უმთავრესია. თქვენ რომ რეჟისორი ყოფილიყავით, შეცვლიდით თუ არა დისნეის ანიმაციური ფილმის ფინალს?

დაწერე ფილმის შესახებ
ეპოქალური კონტექსტის და დისკუსიის შემდგომ გამოვლენილი საკითხების გათვალისწინებით დაწერეთ რეცენზია დისნეის ანიმაციური ფილმის შესახებ, როგორია მთავარი გმირი? რა სირთულეებს აწყდება ის მამაკაცების სამყაროში? რამდენად რთულია ქალისთვის კაცად ყოფნა, როგორ და რა გზებით იმკვიდრებს მულანი თავს? ეცადეთ, ფილმზე წერის დროს გასცდეთ მარტივ სიუჟეტურ ხაზს და ანიმაციური ფილმი განიხილოთ ისტორიულ კონტექსტშიც. რამდენად რთული იყო ქალებისთვის პატრიარქალურ კულტურაში და მამაკაცთა გარემოცვაში თავის დამკვიდრება და „კაცის საქმის“ მორგება. რეცენზიის წერისას გამოიყენეთ ინდივიდუალური მუშაობისას გამოკვეთილი საკითხები.

ინდივიდუალური მუშაობისთვის
კულტურამ და ისტორიულმა პრაქტიკამ ასე მოიტანა დღევანდელობამდე – “ქალის საქმე“ და „კაცის საქმე“. სტერეოტიპული დამოკიდებულება პროფესიებსა და სქესს შორის დღემდე გრძელდება. ანიმაციურ ფილმში “მულანი” სწორედ ასეა, ბრძოლა მხოლოდ მამაკაცის საქმეა და ქალს არაფერი ესაქმება, მაშინაც კი თუ ის მამაკაცებზე მეტად მოხერხებული და გამჭრიახია. შუა საუკუნეების ჩინეთში ამგვარი დამოკიდებულება “ნორმაა”, მაგრამ ისტორიულმა სინამდვილემ გვიჩვენა, რომ სხვადასხვა ქვეყნებსა და კულტურებში ქალები ხშირად ირგებდნენ მამაკაცის სამოსს და საკუთარი ოჯახის, ქვეყნის დასაცავად თავს არ ზოგავდნენ. ინდივიდუალური მუშაობისას მოიძიეთ ლიტერატურული ნაწარმოებები (ქართული, უცხოური) და ფილმები, სადაც აღნიშნული თემაა წარმოდგენილი.

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ჩინეთის ისტორია უძველესი ხელნაწერის მიხედვით 3500 წლის წინ დაიწყო. ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ცივილიზაციაა მსოფლიოში, რომელიც დღესაც განაგრძობს განვითარებას. ჯგუფური მუშაობის შედეგად მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია ჩინურ ცივილიზაციაზე, იმპერატორ ცინ შიხუანსა და მის მიერ გატარებულ რეფორმებზე. ამას გარდა, ძვ.წ. აღ 100 წელს დამყარებულ სახელმწიფო იდეოლოგიაზე, რომელსაც კონფუციანიზმი ეწოდება. ისტორიულად ცნობილია, რომ ჩინეთს დინასტიები მართავდნენ (სია, შანი, ჭოუ, ცინი) იმსჯელეთ მათი მმართველობის დროს გატარებულ რეფორმებზე.

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას ჩინეთის დიდი კედლის შესახებ. რომელი დინასტიის მმართველობის დროს აშენდა? რა პერიოდი და ადამიანური რესურსი დასჭირდა? ამას გარდა, პრეზენტაციისას წარმოადგინეთ ვიზუალური ინფორმაცია ჩინური არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშების შესახებ.

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიის და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება შუა საუკუნეების ჩინეთის ისტორიაზე.

ტრეილერი

Play Video

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

გრძელი ნათელი დღეები (2013)

ფილმები

გოიას ლანდები (2006)

ფილმები

პარაზიტი (2019)

ფილმები

ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან (1959)

ფილმები