ფილმები

ვედრება (1967)

სინოფსისი

თენგიზ აბულაძის ფილმი „ვედრება“ გადაღებულია ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მოტივების მიხედვით: ხევსურმა ალუდამ ორთაბრძოლაში ქისტი მუცალი მოკლა, მაგრამ მტრის ვაჟკაცობის შემხედვარემ, მისი ღირსება დაინდო და მარჯვენა არ მოკვეთა. ალუდა მთის მკაცრი წესების დარღვევისთვის თემიდან მოკვეთეს. ფილმის მეორე პასაჟი „სტუმარ-მასპინძელია“ – ქისტი ჯოყოლა მთაში, ნადირობისას ხევსურ ზვიადაურს გაიცნობს, თავისთან უმასპინძლებს და საკუთარ სახლში ღამეს გაათენებინებს. ქისტები მოსისხლე მტერს იცნობენ და ზვიადაურს მისივე მოკლული ქისტის საფლავზე კლავენ. ჯოყოლამ ზვიადაურის დაცვა ვერ შეძლო, შეურაცხყოფა ვერ აიტანა და თავი მტერს შეაკლა.

მე-20 საუკუნე, 1960-იანი წლების საქართველო. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი, საქართველო.

  • „ვედრება“თენგიზ აბულაძის ტრილოგიის პირველი ნაწილია. მისი შემდგომი ფილმებია: „ნატვრის ხე“ და „მონანიება“. ფილმში, მთის ეპიზოდებში თენგიზ აბულაძემ, ქისტების როლში ადგილობრივი მოხუცებულები ათამაშა, რათა ფილმისთვის ავთენტური და რეალისტური სახე მიეცა.
  • „ალუდა ქათელაური“ (1888) და „სტუმარ მასპინძელი“ (1893) მე-19 საუკუნის ბოლოს შეიქმნა. ვაჟას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩეოდა მთელი მე-19 საუკუნის ფონზე. მისი მხატვრული აზროვნების მთავარი ინსპირაცია ხალხური შემოქმედება გახდა. ვაჟას პოეზიის ენა კამათის საგნად იქცა. 1913 წელს ქართველმა პოეტმა აკაკი წერეთელმა ლექსიც კი მიუძღვნა ამ თემას. ვაჟა-ფშაველამ დაანგრია ქართული, პოეტურ-ენობრივ ჩარჩო, უფრო მეტიც, მთის დიალექტით გაამდიდრა, მრავალფეროვნება შემატა ქართულ პოეზიას.
  • ვაჟა ფშაველას გმირები, რომელთაც ხშირად ანტიკური დრამის პერსონაჟებსაც ადარებენ, მითოსის, ფოლკლორის, რეალურის და ილუზორულის ზღვარზე არიან. თენგიზ აბულაძის ფილმში ვაჟას ლიტერატურული სამყარო უკიდურესად კინემატოგრაფიული ხერხებით და ენითაა გადმოცემული.
  • 1960-იან წლებში კრიტიკოსები თენგის აბულაძის ფილმზე წერდნენ, რომ რეჟისორმა „შექმნა რაღაც მაგიური გამოსახულება, სურათი, რომელმაც ვაჟას ენა, კინოს ენად აქცია“
  • თქვენი აზრით, რატომ არ ჰკლავს ალუდა მუცალს? როგორ არის გადმოცემული ფილმში ეს კონკრეტული ეპიზოდი?
  • რატომ იწყება დაპირისპირება ალუდასა და თემს შორის? დღევანდელ საზოგადოებაში რომ გადმოვიტანოთ ეს მოცემულობა ინდივიდისა და საზოგადოების დაპირისპირების კონტექსტში, რამდენად მარტივად შეძლებდა ალუდა პრობლემის/საკითხის გადაჭრას და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას?
  • თავის პოზიციიდან, რამდენად სწორად იქცევა თემი, მართალია თუ არა ის ალუდასთან მიმართებაში? ყურადღება მიაქციეთ, ალუდას და თემის დაპირისპირებისას, ამ უკანასკნელს ფილმში ადამიანთა ჯგუფის ხმა გამოხატავს, თქვენი აზრით რა უნდა იყოს ამგვარი მხატვრული გადაწყვეტის მიზეზი?
  • “სტუმარ-მასპინძლობის“ ტრადიცია საქართველოს მთიან ნაწილში ოდითგანვე მნიშვნელოვანი იყო. რას ვერ პატიობს ჯოყოლა თემს?
  • პოემისგან განსხვავებით, ფილმში ვაჟას გმირები ცოცხლდებიან და რეალური ხდებიან რამდენად დაემთხვა კითხვისას თქვენ მიერ წარმოსახული გმირები „ვედრებაში“ წარმოდგენილ გმირებს?
  • უსწრებდა თუ არა ეპოქას ვაჟას პერსონა, მისი გმირები, ლიტერატურული და პოეტური ქმნილებები. რა ფილოსოფიური პარადიგმა იკვეთება „ალუდა ქეთელაურში“ და „სტუმარ-მასპინძელში“ ? რამდენად გაიგო ვაჟას თანამედროვე საზოგადოებამ ეს პოემები და რატომ არის ეს ყოველივე დღემდე აქტუალური?
  • თქვენი აზრით, რატომ ჰქვია ფილმს „ვედრება“ ?

დაწერე ფილმის შესახებ
სანამ ფილმზე წერას დაიწყებთ, კიდევ ერთხელ გაეცანით ვაჟას ლიტერატურულ პირველწყაროს. ეცადეთ ამოირჩიოთ ერთი კონკრეტული პასაჟი ფილმიდან (ალუდა ქეთელაური, სტუმარ-მასპინძელი) და დეტალურად გაანალიზოთ. თავი შეიკავეთ რეცენზიაში შინაარსის და ფილმში წარმოდგენილი სიუჟეტური პასაჟების აღწერისგან. აქცენტირდით შემდეგ თემებზე: ინდივიდის და საზოგადოების დაპირისპირება, ტრადიცია და ჯანსაღი, კრიტიკული დამოკიდებულება საკითხის მიმართ, რელიგია და ჰუმანიზმი. რამდენად ებმის ეს ორი ცნება ერთმანეთს ალუდას და ჯოყოლას შემთხვევაში? კარგი იქნება თუ ნახავთ ტრილოგიის დანარჩენ ფილმებს, „ნატვრის ხეს“ და „მონანიებას“. რამდენად გრძელდება „ვედრებაში“ წამოჭრილი საკითხები აღნიშნულ ფილმებში? შეგვიძლია თუ არა ერთი კონკრეტული პერსონაჟი, როგორც კონკრეტული იდეის გამოხატულება, დავინახოთ და წავიკითხოთ ტრილოგიის დანარჩენ ფილმებში?

ინდივიდუალური მუშაობისთვის
ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური „ და „სტუმარ-მასპინძელი“ თენგიზ აბულაძის ფილმის ძირითადი პასაჟებია. სიუჟეტიც ამ ორი გმირის ირგვლივ ერთიანდება. ვაჟა-ფშაველას პოემები და თავის მხრივ თენგიზ აბულაძის ფილმი, ორი გმირის, ალუდას და ჯოყოლას, ტრაგედიას გაცნობს! მოიძიეთ ქართულ და მსოფლიო ლიტერატურასა და კინოში მათი მსგავსი გმირები. პარალელი გაავლეთ ანტიკურ (ბერძნული, რომაული) მითოლოგიასთან და იმსჯელეთ, რა არის გმირის ტრაგედია, რატომ „ისჯებიან“ სამართლიანობისა და ჰუმანური იდეებისთვის მებრძოლი გმირები. რამდენად ესმოდათ მე-19 საუკუნის საქართველოში ვაჟა-ფშაველა გმირების და თავად ავტორის? რისი თქმა სურდა ჩვენთვის ქართველ კლასიკოსს.

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ეს ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად გამოდგება, ლიტერატურის და სამოქალაქო საზოგადოების სასწავლო მოდულში.

„ვედრება“ ის ფილმია, რომელშიც არაერთი თემა და პერსონაჟი ერთიანდება. ეს არ არის ვაჟას პოემების პირდაპირი ეკრანიზაცია, პირიქით, თენგიზ აბულაძე ეკრანზე მაქსიმალური სიზუსტით აცოცხლებს მე-19 საუკუნის საქართველოს მთის რეალობას. ავტორისეული ინტერპრეტაცია კიდევ უფრო ცოცხალს ხდის ვაჟას პერსონაჟებს, მათ პირად ტრაგიზმს, შინაგან კონფლიქტს, მათ კონფრონტაციას თემთან და სოფელთან. ჯგუფური მუშაობისას, ეცადეთ მე-19 საუკუნის საქართველოს რეალობა გადმოიტანოთ თანამედროვე საქართველოში, მოარგოთ თქვენს სკოლას, კლასს, ჯგუფს, რომელშიც იმყოფებით და განიხილოთ შემდეგი საკითხები: რამდენად რთულია დღეს მარგინალად ყოფნა, რატომ „სჯის“ საზოგადოება მისგან განსხვავებულ ინდივიდებს. ეცადეთ ყველა ეს საკითხი, თავად ვაჟა-ფშაველა პიროვნების კონტექსტში გაანალიზოთ, რამდენად გაიზიარა მან ცხოვრებაში მისი ნაწარმოებების გმირების ბედი, როგორ მიიღო ქართველი პოეტი და მწერალი, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის მაშინდელმა მწერალთა საზოგადოებამ?

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზაულური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას: ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია და შემოქმედებითი მოღვაწეობა, მისი ნაწარმოებები და გმირები, რომლების დღესაც აქტუალურია. აირჩიეთ კონკრეტული პერსონაჟი, შექმენით მისი პორტრეტი, გამოიყენეთ თენგიზ აბულაძის ფილმში წარმოდგენილი ვიზუალური მასალა.

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიისა და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისა და თენგიზ აბულაძის კინოსამყაროს შესახებ.

ფილმი

Play Video

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან (1959)

ფილმები

გოიას ლანდები (2006)

ფილმები

ელისო (1928)

ფილმები

პატარა ქალები (2019)

ფილმები