ფილმები

ახალგაზრდა აჰმედი (2019)

სინოფსისი

ფილმის სიუჟეტი ბელგიელი ბიჭის ირგვლივ ვითარდება, რომელიც ყურანის ექსტრემისტული ინტერპრეტაციის გავლენით თავისი მასწავლებლის მოკვლას გეგმავს.

21- საუკუნეთანამედროვე საფრანგეთი/ბელგია

  • ძმები დარდენები, თანამედროვე  ევროპული კინოს ცოცხალი კლასიკოსები, 2019 წელს კანის კინოფესტივალზე  ფილმისთვის „ახალგაზრდა აჰმედი“ საუკეთესო რეჟისურის ჯილდოს მფლობელები გახდნენ.
  • დარდენების კინოსამყარო თანამედროვე ევროპულ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეფლექსიაა. იქნება ეს მიგრაციის პრობლემა (“ლურნას დუმილი”) თუ რელიგიური ექსტრემიზმი (“ახალგაზრდა აჰმედი”), რომელიც ევროპაში და მსოფლიოში სულ უფრო რადიკალურ ფორმას იძენს და ეს ევროპაში განვითარებულმა ბოლო პერიოდის მოვლენებმაც (შარლი ებდო) ცხადყო.
  • დარდენები “ახალგაზრდა აჰმედის” შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობენ: აჰმედის მთავარ გმირად არჩევა, გვაძლევდა საშუალებას მაყურებლისთვის გაგვეცნო, თუ როგორ ინერგება სიძულვილზე დაფუძნებული იდეა, მოზარდის გონებასა და სხეულში.
  • აჰმედი, განზოგადებული კრებითი სახეა, ის რაც ბელგიელი ძმების უკანასკნელ ნამუშევარშია ასახული შესაძლოა ნებისმიერი ქვეყნის,  ქალაქის, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთა რეალობაში განვითარდეს.
  • ფილმის გადაღებას წინ უსწრებდა მნიშვნელოვანი, პოლიტიკური და სოციალური მოვლენები. გავიხსენოთ, 2015 წლის 7 იანვრის ტრაგედია: ფრანგულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“, რომელმაც  ყოველკვირეულ გამოცემაში მუჰამედის კარიკატურა დაბეჭდა, თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები, მათ 12 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 5 კარიკატურისტი. მუსლიმი თავდამსხმელების მთავარი მოტივი, მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყო.
  • რეჟისორების თქმით, ბოლოდროინდელი ტერორისტული და ექსტრემისტული მოვლენები ბელგიასა და საფრანგეთში ფილმის შექმნის მთავარი ინსპირაცია და გარკვეულწილად კატალიზატორიც აღმოჩნდა. მათი ფილმიც, ხომ სწორედ აღნიშნულ მოვლენებზე კინემატოგრაფიული რეფლექსიაა.
  • რელიგიური ტექსტის (ამ შემთხვევაში “ყურანის”) დამახინჯებული ინტერპრეტაცია მოზარდის ცხოვრებას და განვითარების შესაძლო “ჯანსაღ” გზას, ძირეულად ცვლის. იმამი აჰმედს გამუდმებით ახსენებს თავის მისიას! ფილმის დასაწყისში, რამდენად არის მზად ახალგაზრდა დასახული გეგმის შესასრულებლად?
  • როგორია აჰმედის და მისი სკოლის მასწავლებლის ურთიერთობა? რატომ ირჩევს მოზარდი სამიზნედ იმ ადამიანს, ვინც რეალურად მასზე ზრუნავს და მის მიმართ კეთილგანწყობილია?
  • იმამი გამუდმებით უმეორებს  და ახსენებს  აჰმედს დაღუპულ ბიძაშვილს, თქვენი აზრით რატომ იქცევა ასე, რატომ სურს მუდმივად მართოს მოზარდის მეხსიერება? რატომ არ აძლევს ფაქტის, მოვლენის, დავიწყების საშუალებას?
  • აჰმედის დედა გამუდმებით სვამს, დასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, ოჯახის წევრებთან ჰარმონიული ურთიერთობის შემთხვევაში, იქცეოდა 13 წლის ბიჭი ადგილობრივი იმამის “იდეურ ტყვედ”?
  • როგორ  და რა ფორმით ინერგება სიძულვილზე დაფუძნებული იდეა ახალგაზრდა ადამიანის გონებაში?
  • მასწავლებლის მოკვლის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, დამნაშავე მოზარდის რეაბილიტაციაზე ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ზრუნავენ. ფერმაში ყოფნის პერიოდში, აჰმედი თავის თანატოლ გოგონას – ლუიზას გაიცნობს, იცვლება თუ არა მასთან შეხვედრის შემდეგ ბიჭის ქცევა და ფიქრები?
  • დარდენების სხვა ფილმებში ხშირად ჩნდებიან პერსონაჟები, რომლებიც განსაცდელში მყოფ მთავარ გმირებს ეხმარებიან “შეცვლაში”, სწორ გზას უჩვენებენ ცხოვრების გასაგრძელებლად. აჰმედის შემთხვევაში, ფილმის რომელი პერსონაჟი შეგვიძლია მოვიაზროთ ასეთ “დამხმარედ”?
  • მთელი ფილმის მსვლელობისას მაყურებელი დაძაბულია, არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ერთგვარი სასპენსი “მოულოდნელი” ფინალით იცვლება… რატომ ექცევიან რეჟისორები ასე პერსონაჟს და რამდენად მისაღებია თქვენთვის ფილმის ფინალი?
  • თქვენი აზრით “ახალგაზრდა აჰმედი” ისლამის კრიტიკაა თუ ზოგადად რელიგიის, იდეოლოგიის, რომელიც რადიკალურ ფორმას იძენს?

დაწერე ფილმის შესახებ
ფილმის შექმნამდე 4 წლით ადრე, 2015 წელს „შარლი ებდოს“ რედაქციაზე ტერაქტი განხორციელდა. ამ ფაქტის შემდეგ კიდევ ერთხელ დაფიქრდა თანამედროვე ევროპული საზოგადოება, თუ რამდენად სარისკოა ღიად და საჯაროდ გამოხატო საკუთარი აზრი სხვა რელიგიის მიმართ. ის, რაც ერთისთვის თავისუფალი აზრის და ნების გამოხატვაა, მეორე ადამიანისთვის ძალიან პირადის, რწმენის შეუცხყოფა ხდება. ფილმზე წერისას, აქცენტი გააკეთეთ მთავარი გმირის ასაკზე, რატომ ირჩევენ რეჟისორები მოზარდ ბიჭს. ის გარდატეხის ასაკშია, როგორც წესი ამ დროს თინეიჯერები ახალ იდეალებსა და ავტორიტეტებს ეძებენ. აჰმედის შემთხვევაში ეს იდეალი (იმამი) ფუნდამენტალიზმისა და რელიგიური ფანატიზმის სინონიმი ხდება. დაფიქრდით, შეიცვლებოდა თუ არა რამე ფილმის გმირი გოგონა რომ ყოფილიყო? რატომ ვერ ასრულებს აჰმედი “მისიას”, რამდენად თავისუფალია მთავარი გმირი და ის საზოგადოება რომელშიც ის თანაარსებობს.

ინდივიდუალური მუშაობისთვის
2019 წელს კანის ფესტივალზე გამარათული პრემიერის შემდეგ, კრიტიკოსების გარკვეული ნაწილი ძმები დარდენების ახალ ნამუშევარს არადამაჯერებელს უწოდებს, ზოგიერთი კი საერთოდ ისლამოფობიაშიც დასდებს ბრალს. გირჩევთ, ნახოთ დარდენების სხვა ფილმები “ბავშვი”, “როზეტა”, “ორი დღე, ერთი ღამე” , “ბიჭი ველოსიპედით”, “უცნობი გოგონა” და იფიქროთ, რატომ ირჩევენ რეჟისორები 13 წლის მოზარდს  რადიკალიზმის და ექსტრემიზმის იდეის გამტარად. მნიშვნელოვანია, რომ დარდენების ფილმებში ხშირად მთავარ როლებს არაპროფესიონალი მსახიობები ასრულებენ, “აჰმედის”შემთხვევაშიც ასეა. რამდენად იაზრებს მთავარი გმირი დასახულ  “მისიას”, შეგვიძლია თუ არა მას “მოტყუებული” ვუწოდოთ?

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ეს ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად გამოდგება ისტორიის, სამოქალაქო განათლების სასწავლო მოდულში.

სასურველია, თუ პედაგოგთან ერთად განიხილავთ თანამედროვე ევროპასა და მსოფლიოში მიმდინარე სოციალურ, პოლიტიკურ მოვლენებს, ისლამის რადიკალური გამოვლინების კონტექსტში. იმსჯელეთ, მსოფლიო ისტორიის ჭრილში, როდის და რატომ მოხდა დაპირისპირება, ომი სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებს, სახელმწიფოებსა და რიგით ადამიანებს შორის. რატომ და როგორ იქცევა რელიგია ფანატიზმად და როდის იღებს ის ექსტრემისტულ სახეს. ამას გარდა, კონკრეტული საგნის პედაგოგს შეუძლია რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული ომი აქციოს დისკუსიის თემად და შემდეგ მსჯელობა თანამედროვეობაში გადმოიტანოს. მოიყვანეთ კონკრეტული მაგალითები თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური პროცესებიდან, როცა წმინდა წიგნის (ყურანი, ბიბლია, თორა)  ექსტრემისტულ ინტერპრეტაციასთან გვქონდა საქმე.

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ  ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც რელიგიურ ექსტრემიზმსა და რადიკალიზმს, კონკრეტული მაგალითების გამოყენებითა და  თქვენი ინტერპრეტაციით გადმოსცემთ, ისტორიული, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული კონტექსტების გათვალისწინებით.

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიისა და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება რადიკალურ ექსტრემიზმზე, ახალგაზრდებთან ამ თემის ტირაჟირების საფრთხეებზე.

ტრეილერი

Play Video

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

კოკო (2018)

ფილმები

გზა (1954)

ფილმები

ქუჩის დღეები (2010)

ფილმები

ბასკია (1996)

ფილმები