1930-იანი წლების ამერიკაში, ჩიკაგოში ორი მუსიკოსი განგსტერული მკვლელობის უნებლიე მოწმე ხდება, მაფია მათ დევნას იწყებს. ქალებად გადაცმული მამაკაცები ჯაზ-ბენდში იწყებენ დაკვრას და ნევადაში მიეგზავრებიან.

 

სასწავლო რესურსის გადმოწერა – ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან

აღწერა

აშშ | 1959 | მხატვრული | 121 წთ | 15
რეჟისორი: ბილი უაილდერი
სცენარის ავტორები: ბილი უაილდერი, ლ.ა. დაიმონდი.
ოპერატორი: ჩარლზ ლანგი
მხატვარი: ტედ ჰევორსი
მონაწილეობენ: მერლინ მონრო, ტონი კერტისი, ჯეკ ლემონი.

სინოფსისი
1930-იანი წლების ამერიკაში, ჩიკაგოში ორი მუსიკოსი განგსტერული მკვლელობის უნებლიე მოწმე ხდება, მაფია მათ დევნას იწყებს. ქალებად გადაცმული მამაკაცები ჯაზ-ბენდში იწყებენ დაკვრას და ნევადაში მიეგზავრებიან.

მოსალოდნელი შედეგი:
ფილმის ნახვის შემდგომი დისკუსიისა და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება 1930-იან წლების ამერიკაზე, 1950-იანი წლების ჰოლივუდზე.

 

კინორეკომენდაცია:
All about Eve (1950)
Bus stop (1956)
Sunset Blvd. (1950)
The Asphalt Jungle (1950)
The Apartment (1960)

ეპოქალური კონტექსტები

მე-20 საუკუნე, 1930-იანი წლების ამერიკა. 1950-იანი წლების ჰოლივუდი.

  • მშრალი კანონი ამერიკაში 1920-1933 წლებში მოქმედებდა. სახელმწიფომ აკრძალა ალკოჰოლური სასმელების წარმოება და გაყიდვა. სწორედ ამ დროს გაჩნდნენ ე.წ. ბუტლეგერები, ადამიანთა ჯგუფი ვინც აღნიშნულ კანონს არღვევდა და კონტრაბანდული გზით ავრცელებდა სასმელებს
  • მაფია ამერიკაში ამ პერიოდში გაძლიერდა და 1930-იანი წლებში მისმა გავლენამ, საზოგადოების ყველა სფეროზე, პიკს მიაღწია.
  • ალ კაპონე ამერიკელი განგსტერი იყო, რომელიც 1920-1930-იან წლებში ჩიკაგოს აკონტროლებდა. ის აშშ-ს იტალიური მაფიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა გახლდათ.
  • ბილი უაილდერი ებრაული წარმოშობის გერმანელი რეჟისორია, ნაცისტური გერმანიიდან ის ამერიკაში მიემგზავრება და 1940-იან წლებში ამერიკული კინოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება.
  • ჰოლივუდის „ოქროს ხანის“ ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორი, კინო ბიოგრაფიის მანძილზე 6 ოსკარის მფლობელი გახდა. კანის ფესტივალზე ფილმისთვის „დაკარგული უქმეები“ 1946 წელს ოქროს პალმის რტო დაიმსახურა. „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ ყველა დროის და ხალხის 100 საუკეთესო კინოკომედიად დაასახელეს.
  • მსახიობმა ტონი კერტისმა ჟოსეფინას როლი საკუთარი დედის გავლენით შექმნა, ამას გარდა გამოიყენა ამერიკელი მსახიობების გრეის კელის და ავა გარდნერის პერსონებიც.
  • მერილინ მონრო 1950-იანი წლების ჰოლივუდის სექს სიმბოლო, ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელია. მისი ნამდვილი სახელია ნორმა ჯინ მორტენსონი, 1946 წელს მან სასცენო ფსევდონიმი დაირქვა და მას შემდეგ მსოფლიო ამ სახელით და გვარით იცნობს. მისი ფილმოგრაფია ძირითადად კომედიური ხასიათის როლებს მოიცავს.
  • მონრო ბავშვთა სახლში გაიზარდა, პირველად 16 წლის ასაკში იქორწინა, ბავშვთა სახლიდან თავის დაღწევის მიზნით. დედამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაასრულა სიცოცხლე, მსახიობის მთელი ცხოვრების მანძილზე ეშინოდა, დედამისის მგავსად არ დაესრულებინა სიცოცხლე.ამბობენ, რომ მონროს მეტყველების პრობლემა ჰქონდა და ლოგოპედის რჩევით ჩურჩულით საუბრობდა. ეს დეტალი მის სავიზიტო ბარათად იქცა. მერლინ მონროს გარდაცვალების შესახებ არაერთი ვერსია არსებობს, მათ შორის თვითმკვლელობის.
  • ფილმის ინგლისურენოვანი სახელწოდებაა “Some like it hot”(ზოგიერთს ის ცხელი მოსწონს/ზოგიერთს უფრო მხურვალედ უყვარს) საბჭოთა კინოგაქირავებაში ასეთი სახელწოდებით გამოვიდა: „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ .
  • ბილი უაილდერის ფილმი, 6 ოსკარზე იყო ნომინირებული, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო საუკეთესო კოსტიუმების დიზაინისთვის მიიღო.ამას გარდა, მერლინ მონრომ და ტონი კერტისმა მიიღეს ოქროს გლობუსი : საუკეთესო მსახიობი ქალისა და მამაკაცის როლების შესრულებისთვის.

დისკუსიისთვის

  • ჯო (ტონი კერტისი) და ჯერი (ჯეკ ლემონი) ფილმის დასაწყისში რიგითი მუსიკოსები არიან, შემთხვევითობა მათ ბედს განსაზღვრავს, ჩიკაგოდან-ნევადაში მიდიან. ეს უბრალო გაქცევა არ არის, ისინი „ქალები ხდებიან“, როგორია მათი პერსონაჟები ფილმის დასაწყისში და როგორები არიან ისინი ფილმის ფინალში?
  • 1930-იან წლების ამერიკაში „ბუტლეგერობა“ და მაფიის გავლენა სახელმწიფოს უდიდეს პრობლემად იქცა. ფილმი 1950-იან წლებშია გადაღებული და 1950-იან წლებში გადაღებული განგსტერული ფილმებისგან მკვეთრად განსხვავდება. თქვენი აზრით, რა იყო რეჟისორის მთავარი სათქმელი ფილმში?
  • “მაფიას ქალები ამარცხებენ“! ფილმის გამოსვლის შემდეგ არაერთი კრიტიკოსი წერდა ფილმზე, რომ ბილი უაილდერის აღნიშნულ სურათში სახელმწიფო და მამაკაცები განგსტერების წინაშე უძლურები არიან, მათ ბოროტებას კი ქალის სამოსში გამოწყობილი მამაკაცები ამარცხებენ. ასეთი მხატვრული გადაწყვეტისას, თქვენი აზრით რა იყო რეჟისორის მიზანი?
  • როგორ იცვლება მამაკაცების სოციალური ქცევა, როდესაც ქალის სამოსს ირგებენ. რამდენად განსაზღვრავს ჩვენი ჩაცმულობა ჩვენს ქცევას ?
  • როგორია ჯოს, ჯერის და შუგარის (მერლინ მონრო) ურთიერთობა?
  • ფილმი მთავრდება ფრაზით „იდეალური არავინაა“, როგორია ამ სიტყვების თქვენეული ინტერპრეტაცია და რისი თქმა სურდა რეჟისორს აუდიტორიისთვის?
  • თქვენ რომ ფილმის რეჟისორი ყოფილიყავით, როგორ შეცვლიდით ფილმის ფინალს?

პრაქტიკული ნაწილი

დაწერე ფილმის შესახებ
ეპოქალური კონტექსტებისა და დისკუსიის შემდგომ გამოლენილი საკითხების გათვალსწინებით, რეცენზიაზე წერის დროს აქცენტი გააკეთეთ ფილმში ასახულ ისტორიულ ფონზე- 1930-იანი წლების ამერიკაზე. „ბუტლეგერობასა“ და მაფიის როლზე. აღსანიშნავია, რომ 1950-იანი წლების ჰოლივუდში იდეალური მამაკაცების და ქალების ეკრანული სახეები იქმნება, ბილი უაილდერი თითქოს უარს ამბობს კინოში დამკვიდრებულ წესებსა და ნორმაზე: მამაკაცისა და ქალის რეპრეზენტაციის თვალსაზრისით, ის ფილმს ასრულებს ფრაზით: „იდეალური/სრულყოფილი არავინაა“. წერის დროს აქცენტი გააანალიზეთ რისი თქმა სურდა ამ ფრაზით ავტორს. მნიშვნელოვანია, რომ“ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ ესპანელი რეჟისორის პედრო ალმოდოვარის საყვარელი ფილმია. იფიქრეთ რა თვალსაზრისით ჰქონდა გავლენა ბილი უაილდერს ესპანელი რეჟისორის შემოქმედებაზე.წერის დროს აქცენტი გააკეთეთ ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: სქესი, გენდერი და გენდერული სტერეოტიპები კინოში.

ინდივიდუალური მუშაობისთვის
ინდივიდუალური მუშაობისას მოიძიეთ დამატებითი ბიოგრაფიული ცნობები მერლინ მონროს შესახებ. გირჩევთ გაეცნოთ მის ფილმოგრაფიას, რომელიც 40-მდე ფილმს აერთიანებს (Gentlemen Prefer Blondes 1953, The Seven Year Itch 1955, Bus Stop 1956) „ქერების უჭკუობის შესახებ“ დისკრიმინაციული და სტერეოტიპული შეხედულების მსხვერპლი მერლინ მონრო, თითქმის მთელი სიცოცხლის მანძილზე იყო. ცნობილი ფაქტია, რომ სიკვდილის შემდეგ მის სახლში 400-მდე წიგნი იპოვეს, მათ შორის ჯეიმს ჯოისის „ულისე“ და დოსტოევსკის“დანაშაული და სასჯელი“. იმასაც ამბობენ, რომ ერთი ფრაზის ჩასაწერად მას 47 დუბლი დასჭირდა. ყოველივე ამის მიუხედავად, ის ჰოლივუდის სექს სიმბოლოდ რჩება დღემდე და მისი კინემატოგრაფიული პერსონაჟების ყოველთვის მომღიმარი სახის მიღმა, რეალურად ტრაგიკული ბიოგრაფიის ადამიანი იდგა. ეცადეთ, გააანალიზოთ 1950-იან წლებში, ჰოლივუდში მის მიერ შექმნილი როლები.

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ეს ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისტორიის სასწავლო მოდულში.

კინოს ისტორიაში ბილი უაილდერის ფილმი ერთ-ერთი პირველია სადაც მამაკაცები ქალის სამოსს ირგებენ. მოგვიანებით ჰოლივუდმა არაერთი ფილმი გამოუშვა (ტუტსი, მისის დაუთფაიერი) სადაც მთავარი აქტორები ქალებად გადაცმული კაცები არიან, ისინი ამ გზით „აგვარებენ“ თავიანთ პრობლემებს. ბილი უაილდერის ფილმში, ქალად ყოფნა, ორი უდანაშაულო მუსიკოსისთვის, თავის გადარჩენის უპირობო ალტერნატივაა. ჯგუფური მუშაობისას იმსჯელეთ, რამდენად რეალისტურები არიან პერსონაჟები, ის რაც ფილმში ხდება რეალურად შესაძლოა თუ არა მომხდარიყო 1930-იანი წლების ამერიკაში. აგრეთვე, იმსჯელეთ ეპოქალურ კონტექსტებზე, რატომ გაიზარდა მაფიის გავლენა 1930-იან წლებში „ბუტლეგერობის“ დროს.

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას: 1930-იანი წლების ამერიკა. ეცადეთ პრეზენტაცია წარმოადგინოთ ყველა მიმართულებით: პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა.