აღწერა
აშშ | 2012 | ანიმაცია | 92 წთ | PG
რეჟისორი: გენდი ტარტაკოვსკი
სცენარის ავტორი: პიტერ ბაინჰემი, რობერტ შმიგელი
მხატვარი: რონ ლუკასი, ნოელ ტრიაურუ
ახმოვანებენ: ადამ სენდლერი, ენდი სამბერგი, სელენა გომესი, კევინ ჯაიმსიმ ფრან დრეშერი, სტივ ბუშემი.
სინოფსისი
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, გრაფი დრაკულა, ყველასგან მივიწყებულ ადგილას სასტუმრო “ტრანსილვანიას” აშენებს. სადაც შვილთან და დანარჩენ მონსტრებთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს. მათი უდარდელი ყოფა მას შემდეგ იცვლება, როდესაც მოულოდნელად გზააბნეული ტურისტი „ტრანსილვანიის“ კარს მიადგება.
მოსალოდნელი შედეგი:
ფილმის ნახვის შემდგომი დისკუსიისა და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება გრაფი დრაკულას პერსონის შესახებ.
კინორეკომენდაცია:
ნოსფერატუ (1922)
დრაკულა (1992)
სასტუმრო ტრანსილვანია 2 (2015)
სასტუმრო ტრანსილვანია 3 (2018)
პრაქტიკული ნაწილი
დაწერე ფილმის შესახებ
„სასტუმრო ტრანსილვანია“ ადამიანების და მონსტრების სამყაროს გვაცნობს, უფრო სწორედ მონსტრების სამყაროს სხვა პერსპექტივით გვიჩვენებს. ადამიანების და ვამპირების დაპირისპირება, სათავეს ძველ ისტორიულ წარსულში იღებს. მითოლოგიზირებული არსებების რეალურობის ბევრს სჯერა, ზოგისთვის კი მხოლოდ ფილმებისთვის შექმნილი პერსონაჟები არიან. რეცენზიის წერისას აქცენტი გააკეთეთ დრაკულას პერსონაჟზე, რატომაა ის ტრაგიკული? რატომ არ უყვარს ადამიანები? რა მოვლენები ახდენს მასში ძირეულ გარდატეხას. როგორია მისი დამოკიდებულება სასტუმროს ბინადარ სხვა მონსტრებთან? ფილმი განიხილეთვიზუალური თვალსაზრისით, რამდენად დაემთხვა რეჟისორ გენდი ტარტაკოვსკის მიერ შემოთავაზებული პერსონაჟები თქვენს წარმოსახვაში არსებულ ზღაპრულ, მისტიურ გმირებს (დრაკულა,ფრანკენშტაინი…).
ინდივიდუალური მუშაობისთვის
ხშირად გვიწევს ჩვენგან რადიკალურად განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა. ეს განსხვავება შეიძლება გამოიხატებოდეს გარეგნობაში, ბიოლოგიურ მოცემულობასა და ქცევაში, აზროვნების სტილსა თუ ემოციების, გრძნობების, აზრების თვითგამოხატვაში. აღნიშნული ანიმაციის საფუძველზე იმსჯელეთ, რამდენად დიდია მიმღებლობა ჩვენ საზოგადოებაში განსხვავებული ადამიანების მიმართ. რამდენად ხშირად ვხვდებით სტერეოტიპების მსხვერპლი. აღნიშნულ პრობლემაზე უკეთ დასაფიქრებლად, გირჩევთ ნახოთ ტიმ ბარტონის ფილმი „ხელმაკრატელა ედვარდი“.
ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
კინოს ისტორიას დრაკულას პერსონის არაერთი ეკრანიზაცია ახსოვს. იქნება ეს ფრენსის ფორდ კოპოლას „დრაკულა“ თუ თანამედროვე ჰოლივუდის პროდუქცია „Dracula Untold”(2014). ჯგუფური მუშაობისას იმსჯელეთ, რა ჰქონდა დრაკულას, როგორც პერსონას ისეთი, რაც დღემდე ინტერესის და კვლევის საგანია. მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია მის შესახებ, ნახეთ კინოს ისტორიაში შექმნილი ფილმები ვამპირების, კონკრეტულად კი დრაკულას პერსონის ირგვლივ , გააანალიზეთ, რომელი მათგანია ყველაზე ახლოს ისტორიულ სინამდვილესთან და რომელი ავტორის ინტერპრეტაციაა თქვენთვის ყველაზე საინტერესო.
პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას. ანიმაციური ფილმი „სასტუმრო ტრანსილვანია“ უამრავ პერსონაჟს აერთიანებს. აირჩიეთ ერთი კონკრეტული, ან რამდენიმე მათგანი. შექმენით მათ შესახებ ნახატი, მოკლე ანიმაციური ფილმი, სივრცითი ფიგურა.