მიგელი მექსიკელი ბიჭია, რომელიც სოფელში მეწაღის ოჯახში იზრდება. ის მომღერლობაზე ოცნებობს, მაგრამ ოჯახის ყველა წევრი ამის წინააღმდეგია. მიზეზი წარსულში მომხდარი ამბავია: მათმა წინაპარმა მუსიკის გამო ყველაფერი მიატოვა. ბიჭი, სიმართლის გასარკვევად გარდაცვლილთა სამყაროში იწყებს მოგზაურობას.

 

სასწავლო რესურსის გადმოწერა – კოკო

აღწერა

 

აშშ | 2018 | ანიმაცია| 105 წთ | PG
რეჟისორი: ლი უნკრიხი, ადრიან მოლიმა
სცენარის ავტორი: ლი უნკრიხი, ჯეისონ კატსი, ადრიან მოლინა
მხატვარი: ჯენა ჰუერტა
ახმოვანებენ: ენტონი გონსალესი, გაელ გარსია ბერნალი, ბენჯამინ ბრეტი, ალანა უბაკი, გაბრიელ იგლესიასი.

სინოფსისი
მიგელი მექსიკელი ბიჭია, რომელიც სოფელში მეწაღის ოჯახში იზრდება. ის მომღერლობაზე ოცნებობს,მაგრამ ოჯახის ყველა წევრი ამის წინააღმდეგია. მიზეზი წარსულში მომხდარი ამბავია: მათმა წინაპარმა მუსიკის გამო ყველაფერი მიატოვა. ბიჭი, სიმართლის გასარკვევად გარდაცვლილთა სამყაროში იწყებს მოგზაურობას.

მოსალოდნელი შედეგი:
ფილმის ნახვის შემდგომი დისკუსიის და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება 1920-იანი წლების მექსიკური ხელოვნების შესახებ.

 

კინორეკომენდაცია:
Corps Bride (2005)
Inside Out (2015)
Sing (2016)
Wall E (2008)

ეპოქალური კონტექსტები


მე-20 საუკუნე, მექსიკა.

  • მექსიკა დამოუკიდებელი 1821 წელს გახდა. 1824 წლიდან მექსიკის რესპუბლიკაა. 1845-1848 წლებში ამერიკასთან ომის შედეგად დაკარგა ტეხასი. მეორე მსოფლიო ომში ანტიჰიტლერული კოალიციის მხარეს იყო.ქვეყნის სახელწოდება აცტეკთა ერთ-ერთი ტომის Mexica-სგან მომდინარეობს.
  • მე-20 საუკუნის დასაწყისში, მექსიკის რევოლუციამ გენერალ დიასის 35 წლიანი დიქტატურა დაასრულა, რასაც მექსიკაში პოლიტიკური არასტაბილურობა მოჰყვა. 1920 წელს პრეზიდენტმა ალვარო ობრეგობმა ქვეყანა ახალ საფეხურზე აიყვანა. საბჭოთა კავშირის მსგავსად, მექსიკის პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელოვნება ქვეყნის და ხალხის ინტერესების გამოსახატად გამოიყენეს.ახალი პოლიტიკური კურსისთვის, აბსტრაქტული და სიურეალისტური ხელოვნება მიუღებელი აღმოჩნდა.სწორედ ამიტომ, მექსიკელი მხატვრები ხშირად საზოგადოებრივი შენობების ფასადებსა და ინტერიერებს ხატავდნენ, ხალხისთვის „გასაგებ ენაზე“ შექმნილი ნამუშევრებით.
  • ფრიდა კალო, მექსიკელი მხატვარი იყო.მისი ნამუშევრებში ერთიანდება რეალიზმი, სიმბოლიზმი და სიურეალიზმი. ფრიდას შემოქმედებაში ბიოგრაფიული პასაჟებიც მრავლადაა ასახული. მას მამა გერმანელი ჰყავდა დედა კი-მექსიკელი. მის ერთ-ერთ ნამუშევარში „ორი ფრიდა“ (1939 ) ესპანელი მხატვარი თავის წარმომავლობას უსვამს ხაზს.1929 წელს ის მექსიკელი მხატვრის დიეგო რივერას ცოლი გახდა,აღნიშნულ სურათზე მუშაობისას კი მათი ურთიერთობა დასრულდა.ფრიდა კალოს 17 წლის ასაკში უბედური შემთხვევისას მიღებული ტრავმა მთელი ცხოვრების მანძილზე ტანჯავდა, არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი განცდები, ტკივილი, ემოციები და გრძნობები მის ფერწერულ ტილოებშია ასახული.
  • დიეგო რივერა მექსიკის ხელოვნებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, მისი მხატვრული სტილი მოიცავს კუბიზმს და მიურეალიზმს. ის მექსიკის მონუმენტური სტილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.დიეგო რივერა მეხიკოში, სან კარლოსის აკადემიაში ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში ჩაირიცხა. 1911-1919 წლებში პარიზში ცხოვრობდა, აქ ის ხვდება პაბლო პიკასოს. 1920-21 წლებში დიეგო რივერა იტალიაში მოგზაურობს.მონუმენტური მხატვრობის ნიმუშებს ქმნის როგორც მექსიკაში, ისე ამერიკაში: 1933 წელს როკფელერის ცენტრისთვის შექმნა ტილო (მიურალზე) „ადამიანი გზის გასაყართან (მიურალი-კედელზე მიმაგრებულ ტილოზე ან ქაღალდზე, საღებავით დახატული სურათები ან ორნამენტებია).

დისკუსიისთვის

  • მიცვალებულთა დღე, საერო დღესასწაულია, როცა სოფლის მოსახლეობა თავიანთ წინაპრებს პატივს მიაგებს და მათ იხსენებენ, სწორედ ამ დროს ხდება „სასწაული“ და მიგელი მიცვალებულთა სამყაროში გადადის? როგორია მისი მოგზაურობა?
  • მნიშვნელოვანია, რომ მიცვალებულთა დღე გლოვის დღე არაა, ყველა მხიარულობს, ყველა ბედნიერია და ხალისიანი.რა მხატვრული ხერხებით არის ეს ყოველივე ფილმში გადმოცემული?
  • რას აკეთებს არასწორად მიგელი ფილმის დასაწყისში, რამდენად აუცილებელია გავითვალისწინოთ ჩვენი ოჯახის სურვილები და რჩევები?
  • როგორია მიცვალებულთა სამყარო და რით განსხვავდება ის ცოცხალთა სამყაროსგან ?
  • მიგელის იმქვეყნიურ მოგზაურობას რა სასიკეთო ცვლილებები მოაქვს მისი ოჯახისთვის?
  • ყველა ოჯახს თავისი ისტორია აქვს, საიდუმლო, რომელსაც ზოგჯერ უმცროსი თაობის წარმომადგენლებს-ბავშვებს უმალავენ ხოლმე, თქვენი აზრით ეს სწორია? რამდენად სამართლიანად ექცეოდა მიგელს ოჯახი როცა მას სიმღერა აუკრძალა?
  • ეს ანიმაცია, სიკვდილის და სიცოცხლის მნიშვნელობაზეცაა: ორი სამყაროს მარადიულ კავშირზე. გაიხსენეთ, კიდევ რომელ ანიმაციურ ფილმებშია ასახული ეს თემა?
  • საჭიროა ტრადიციები, რომელიც ადამიანს ოცნების ასრულებაში უშლის ხელს?

პრაქტიკული ნაწილი

დაწერე ფილმის შესახებ
“კოკო“ გულისამაჩუყებელი ანიმაციური ფილმია სიცოცხლეზე, სიკვდილზე, სიყვარულსა და ოჯახზე. ფილმში მთავარი ადგილი ეთმობა ტრადიციებს, რომელიც გარკვეულწილად ოჯახის და წინაპრების სინონიმია. მათ მიმართ პატივისცემა კი ყველას ვალია! ასე სჯერათ მექსიკაში, რადგან მათ წინაპრებს სჯეროდათ და სწამდათ ასე. ხშირ შემთხვევაში ტრადიცია და რელიგიური რიტუალები ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. ფილმზე წერის დროს აქცენტი გააკეთეთ რა მხატვრული ხერხებით არის გადმოცემული ტრადიციების, კონკრეტული რიტუალების მნიშვნელობა და როლი ადამიანთა ცხოვრებაში. იფიქრეთ, რა საჭიროა ტრადიციები, რა როლი აქვს მათ დაცვას თანამედროვე სამყაროში. როგორია მთავარი გმირი მიგელი? დაახასიათეთ მისი პიროვნება. ფილმის დასაწყისში ოჯახში არსებული ტაბუ სიმღერის შესახებ (რომელიც სტერეოტიპი უფროა) მიგელს ოცნების ასრულებაში უშლის ხელს! ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, რაც ის ოჯახს და საზოგადოებას ტაბუდადებულ თემას სხვა პერსპექტივით დაანახებს. დისკუსიის შემდგომ გამოკვეთილი პასუხები და ეპოქალური კონტექსტები გამოიყენეთ ფილმზე წერის დროს, ეცადეთ გასცდეთ მხოლოდ სიუჟეტის აღწერას და აქცენტი გააკეთოთ ფილმის ვიზუალურ მხარეზეც.

ინდივიდუალური მუშაობისთვის
ანიმაციაში, მიცვალებულთა სამყაროში მოგზაურობისას, მიგელი ფრიდა კალოს პერსონაჟსაც ხვდება. ფრიდა კალოს სიტყვებია :მე არასდროს დამიხატავს სიზმრები, მე ყოველთვის ჩემს საკუთარ რეალობას ვქმნიდი. ინდივიდუალური მუშაობისას მოიძიეთ ინფორმაცია, მექსიკელ მხატვარზე. რა იყო მისი შემოქმედების მთავარი ინსპირაცია. რომელია მისი ყველაზე ცნობილი ტილოები და პირადად თქვენთვის რომელი ფერწერული ტილოა განსაკუთრებით საინტერესო. აირჩიეთ მისი შემოქმედების რომელიმე პერიოდი ან კონკრეტული ნახატი და გააანალიზეთ.

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ეს ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად შეგიძლიათ გამოიყენოთ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ისტორიის სასწავლო მოდულში.

ჯგუფური მუშაობისას აქცენტი გააკეთეთ მე-20 საუკუნის დასაწყისის მექსიკის ხელოვნებაზე. ეპოქალური კონტექსტების გამოყენებით, იმსჯელეთ და შეადარეთ 1920-იანი წლების მექსიკური ხელოვნება ევროპულ მოდერნისტულ ხელოვნებას. რა საერთო და განმასხვავებელი ნიშნები იკვეთება. კონკრეტული მხატვრული მიმდინარეობები (სიურეალიზმი, კუბიზმი), როგორ რეპრეზენტირდება ევროპელ და მექსიკელ მხატვრებთან (შეგიძლიათ განიხილოთ: დიეგო რივერას, ფრიდა კალოს. პაბლო პიკასოს, სალვადორ დალის, რენე მაგრიტის შემოქმედება).

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას მექსიკური კულტურის შესახებ. ეცადეთ ინფორმაცია წარმოადგინოთ ყველა მიმართულებით პოლიტიკა, გეოგრაფიული არეალი, დემოგრაფია, ისტორიული წარსული, ხელოვნება. თეორიული მასალა წარმოადგინოთ ვიზუალური ფორმით: ნახატები, აფიშა, პლაკატი, დოკუმენტური ფოტომასალა, ფილმი, ისტორიული ქრონიკა…