ფილმები

გვირაბი (2019)

სინოფსისი

დოკუმენტურ ფილმში „გვირაბი“ ასახულია ქართულ-ჩინური პროექტის – „ახალი აბრეშუმის გზის“ მშენებლობა, რომელშიც  ხარაგაულის რაიონის სოფლების: მილეთის და ზვარეს მოსახლეობაა ჩართული. მაყურებელი ეცნობა ადგილობრივებსა და ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს შორის ჩამოყალიბებულ  უცნაურ და კომპლექსურ ურთიერთობას.

21-ე საუკუნე, თანამედროვე საქართველო.

  • 2013 წელს ჩინეთმა ინოვაციური და უპრეცედენტო პროექტი წამოიწყო – სახმელეთო და საზღვაო მარშრუტების ერთიანი ჯაჭვი  „ახალი აბრეშუმის გზა“. 2014 წელს საქართველო, მისი გეო-პოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, „ახალი აბრეშუმის გზის“ მშენებლობაში ჩაერთო და ისეთივე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი აღმოჩნდა, როგორც საუკუნეების წინ, როცა ტრანსკონტინენტური სავაჭრო ხაზი „აბრეშუმის დიდი გზა“ საქართველოს გავლით გადიოდა აზიიდან ევროპაში.
  • მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი ადამიანების ცხოვრების წესს თითქმის ყოველთვის ცვლის. ასე მოხდა „გვირაბის“ შემთხვევაშიც. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტმა 6 წლის განმავლობაში ადგილობრივების ყოფა მნიშვნელოვნად განაპირობა. ახალი ჩინური პროექტის ფარგლებში „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ უპრეცედენტო სიგრძის (8,5 კმ-იანი) სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეს გავლით დაიწყო.
  • გვირაბის მშენებლობის დროს ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები საფრთხეს უქმნიდა დასაქმებული მუშების ჯანმრთელობას და ამას გარდა, სოფელს ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებდა. სოფელ ზვარეში გაფიცვა 2016 წელს დაიწყო, ის 15 დღეს გრძელდებოდა. მშენებლობაში ჩართული მუშები უსაფრთხო სამუშაო პირობებსა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას ითხოვდნენ. გვირაბის მშენებლობის პროცესი ზვარეში 2017 წელს დასრულდა.
  • რამდენად გამართლებულია, როცა წინასწარი მოკვლევის გარეშე იწყება კონკრეტული სამშენებლო, საგზაო-სატრანსპორტო სამუშაოები, რა შედეგებამდე მიდის ამ პროცესებისგან გამოწვეული ეკოლოგიური საფრთხეები?
  • ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში მოხუცებული ქალბატონი, გზის გაყვანის დროს ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სახლის კედლებზე გაჩენილ ბზარებს გვიჩვენებს. მეტაფორულად რისი გამომხატველია ეს კონკრეტული ეპიზოდი ფილმში?
  • საწყის ეტაპზე ქართველი და ჩინელი მუშების უცნაური ურთიერთობა ღიმილს მომგვრელიც კია, საბოლოოდ კი კონფრონტაციაში მყოფი მხარეები ჩიხში შედიან, თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი?
  • რა არის რეჟისორების მთავარი სათქმელი, თქვენი აზრით, რატომ ინტერესდებიან ისინი თემით? რამდენად საინტერესოდ ასახავენ ზვარესა და მილეთის მოსახლეობის ყოფას? რამდენად მიმზიდველია თქვენთვის საქართველოს პერიფერიული ნაწილი?
  • რამდენად აუცილებელია ინდუსტრიული მიმართულების პროექტები ქვეყნისთვის: სატრანსპორტო, სარკინიგზო გზა, კაშხალები… მოაქვს თუ არა ამ ყველაფერს ეკონომიკისთვის სასიკეთო გავლენა და როგორ აისახება მთელი ეს პროცესი არსებულ ლანდშაფტსა და ბუნებაზე?

დაწერე ფილმის შესახებ
ფილმში ასახულია სოფელ ზვარესა და სოფელ მილეთში მცხოვრები ადამიანების ყოფა, მძიმე სოციალური ფონი. რეჟისორებს აინტერესებთ და იკვლევენ საქართველოს პერიფერიულ რეალობას, ადამიანის და გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას და გავლენებს. წერის პროცესში აქცენტი გააკეთეთ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსა და ცხოვრების წესზე. როგორ აისახება გვირაბის მშენებლობის პროცესი თითოეული მათგანის ოჯახზე. დღეს, საქართველოში მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის 70% პროცენტი ხანდაზმული ადამიანები არიან, რა არის ამის მიზეზი? ამას გარდა იმსჯელეთ, რატომ დგას მსოფლიო და ჩვენი ქვეყანაც ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე, რა პრევენციული ზომები უნდა გავატაროთ და ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე, თითოეული ჩვენგანი, სახელმწიფო თუ კერძო სექტორი?

ინდივიდუალური მუშაობისთვის
„გვირაბი“ ახალ ქართულ კინოდოკუმენტალისტიკაში საინტერესო და მნიშვნელოვანი ნამუშევარია, როგორც ადამიანთა პერიფერიული რეალობის ასახვის და შრომითი უფლებების თვალსაზრისით, ისე ეკოლოგიური გამოწვევების კუთხით. მოიძიეთ დამატებით ინფორმაცია, საქართველოში მიმდინარე მსგავსი პროექტების შესახებ. რა „სასიკეთო“ გავლენა იქონია ამ ყველაფერმა ადამიანებზე და ბუნებაზე?

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად გამოდგება გეოგრაფიის (ეკოლოგიის კონტექსტში) და სამოქალაქო განათლების სასწავლო მოდულში.

იქ, სადაც ადამიანი ფიზიკურად ვერ მიდის, მიიყვანს კინო! ბოლო პერიოდის ქართულ კინოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება პერიფერიული რეალობის კვლევა. რეჟისორები თემებს და გმირებს, ცენტრისგან, დედაქალაქისგან შორს ეძებენ. იმსჯელეთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ფილმში წამოჭრილი საკითხებიდან გამომდინარე ჯგუფური სამუშაოს დროს, იმსჯელეთ ადამიანის შრომით უფლებებზე, უსაფრთხო სამუშაო გარემოზე, დამსაქმებლისა და დასაქმებულის პასუხისმგებლობასა და როლზე თანამედროვე საქართველოში. მსჯელობა განაზოგადეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე. ამას გარდა აქცენტი გააკეთეთ ჩვენს რეალობაში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებსა და პრევენციულ მექანიზმებზე. რა შეიძლება იყოს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზები?

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას – საქართველოში არსებული ეკოლოგიური პრობლემები და გამოწვევები. ეს საკითხი წარმოადგინეთ, კონკრეტული ქალაქის ან/და რეგიონის მაგალითზე.

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიის და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება საქართველოში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე.

ტრეილერი

Play Video

გადმოწერე სასწავლო რესურსი

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

მიშა კობახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმები

ფილმები

ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან (1959)

ფილმები

ახალი დროება (1936)

ფილმები

უკანასკნელი მეტრო (1980)

ფილმები