ფილმები

ამადეუსი (1984)

სინოფსისი

ფილმში ასახულია ავსტრიელი კომპოზიტორის ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ცხოვრების უკანასკნელი ათი წელი. ბავშვობა, წარმატება, ტრიუმფი და ფატალური დასასრული. იტალიელი კომპოზიტორის ანტონიო სალიერის თვალით დანახული და მის მიერ მოთხრობილი ამბავი.

მე-18 საუკუნის ევროპა, ავსტრია.

  • ავსტრიელი კომპოზიტორი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი 1756 წელს, ზალცბურგში, კაპელმაისტერისა და კომპოზიტორის, ლეოპოლდ მოცარტის, ოჯახში დაიბადა. ვენის კლასიკური სკოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, მუსიკალურ ხელოვნებას სწორედ მამისგან დაეუფლა. ოთხი წლის ასაკში ამადეუსი მუსიკალურ ნაწარმოებებს ქმნის, ხუთი წლიდან უკრავს ფორტეპიანოზე, ექვსი წლის ასაკში ვიოლინოზე. 1763 წელს მოცარტის სამწლიანი მოგზაურობა დაიწყო დასავლეთ ევროპაში, როგორც ამბობენ ის პირადად რომის პაპისთვისაც ასრულებდა მუსიკალურ ნაწარმოებებს. იტალიის შემდეგ ავსტრიელი გენიოსი მთელ ევროპაში გახდა ცნობილი.
  • 18 საუკუნის ევროპის, მუსიკალურ ხელოვნებაში ახალი ჟანრების და ფორმის ჩამოყალიბების პროცესმა, სრულყოფილი სახე „ვენის კლასიკურ სკოლაში“ მიიღო (1780-1827). ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, იოზეფ ჰაიდნი და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი “ვენის კლასიკოსთა“ სამეულს წარმოადგენენ. ვენის კლასიკური სკოლის შექმნაში გადამწყვეტი როლი ითამაშა მოცარტის ზალცბურგიდან ვენაში გადასვლამ.
  • კლასიციზმი ხელოვნებაში, თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ბატონობდა. 1730-1820 წლამდე. კლასიციზმის წინამორბედი ბაროკოს დიდებული ეპოქა გახლდათ, ხოლო მისი დასრულების შემდეგ ხელოვნების, კერძოდ მუსიკის, ისტორიაში რომანტიზმი იწყება.
  • მოცარტის ყველაზე პოპულარული ოპერებია „ფიგაროს ქორწინება“ და “ჯადოსნური ფლეიტა“. ამ უკანასკნელის პრემიერიდან რამდენიმე კვირაში ის ავად გახდა და 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შესახებ არაერთი ვერსია არსებობს. ერთ-ერთის (ლეგენდის) თანახმად მისმა თანამედროვე იტალიელმა კომპოზიტორმა ანტონიო სალიერიმ მოწამლა.
  • გარდაცვალებამდე ანტონიო სალიერი იმეორებდა სიტყვებს: “ყველაფერი შემიძლია ვაღიარო, მაგრამ მოცარტი მე არ მომიკლავს“.
  • ჩეხი წარმოშობის ამერიკელი რეჟისორის, მილოშ ფორმანის, 8 ოსკარის მფლობელი ფილმი „ამადეუსი“, ინგლისელი დრამატურგის და სცენარისტის, პიტერ შეფერის, 1979 წელს დაწერილი პიესის მიხედვით შეიქმნა. ფილმში მე-18 საუკუნის 80-იანი წლების მუსიკალური სამყარო, პოლიტიკურ-სოციალური-კულტურული ფონი ზედმიწევნით არის რეკონსტრუირებული. რეჟისორისთვის ამოსავალი წერტილი, ანტონიო სალიერის თვალით დანახული მოცარტის ცხოვრება გახდა.
  • ანტონიო სალიერი, იმპერატორ იოსებ მეორის უცვლელი ფავორიტია, მის მგავსად იმპერატორის კარზე განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობდნენ სხვა იტალიური წარმომავლობის მუსიკოსები. საწყის ეტაპზე ყველა მათგანი ანტაგონისტურ დამოკიდებულებას ავლენს ახალგაზრდა მოცარტის მიმართ.
  • 1781 წელს ავსტრიის პრინცესა ელიზაბეტის მუსიკის მასწავლებლობა მოცარტს შესთავაზეს, მაგრამ საბოლოოდ ეს საქმე იმპერატორის კარის კაპელმაისტერ ანტონიო სალიერის მიანდეს.
  • ამბობენ, რომ 1785 წელს, მოცარტმა და სალიერიმ ერთობლივი კანტატა დაწერეს, რომელიც 2016 წლამდე დაკარგულად ითვლებოდა.
  • “ამადეუსი“ მოცარტის და სალიერის ურთიერთობაზე აგებული ფილმია. თქვენი აზრით ვინ არის ფილმის მთავარი გმირი?
  • რამდენად ღირსეული პერსონაჟია სალიერი, დააკვირდით როგორია მისი დამოკიდებულება ახალგაზრდა კომპოზიტორის მიმართ ფილმის დასაწყისში. რატომ და როგორ იცვლება შემდგომში?
  • როგორია მოცარტის პერსონაჟი, რამდენად უტრირებულია კომპოზიტორის პერსონა და რამდენად მისაღებია თქვენთვის რეჟისორის ასეთი თამამი ინტერპრეტაცია?
  • ისტორია ადამიანების მიმართ ზოგჯერ უსამართლოა. ანტონიო სალიერის მიმართ შექმნილი მითი გახდა საფუძველი, იმისა, რომ ფილმში ის არც თუ დადებით პერსონაჟადაა წარმოჩენილი. ბიოგრაფიული ცნობების გამოყენებით, იმსჯელეთ, როგორი ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო სალიერი?
  • ასახავს თუ არა ისტორიულ, სოციალურ, პოლიტიკურ სინამდვილეს ფორმანის ფილმი? რა გზებით და ხერხებით ახდენს ის ეპოქის დამაჯერებელ რეკონსტრუირებას?
  • როგორია მოცარტის მამის პერსონაჟი? ლეგენდის თანახმად, მოცარტს უკანასკნელი ნაწარმოების – რექვიემის დაწერა უცნობმა მამაკაცმა შეუკვეთა. ფილმში ეს „უცნობი მამაკაცი“ და მოცარტის მამის პერსონაჟი გაერთიანებულია (რეალურად, ლეოპოლდ მოცარტი შვილს ვენაში ორჯერ ესტუმრა). თქვენი აზრით რას ემსახურებოდა მილოშ ფორმანის ეს გადაწყვეტილება?
  •  

დაწერე ფილმის შესახებ
ამბობენ, რომ სალიერი მოცარტის შემოქმედების თაყვანისმცემელი იყოს. მოცარტის ნაწარმოებები მისგან ყოველთვის გულწრფელ ემოციას და აღიარებას იმსახურებდა. სალიერი დირიჟორობდა მის ქმნილებებს. ცნობილია, რომ კონსტანცა ვებერმა, მოცარტის მეუღლემ, თავისი ვაჟი მუსიკალური განათლების მისაღებად სწორედ ანტონიო სალიერისთან მიიყვანა. ეპოქალური კონტექსტების გათვალისწინებით, განიხილეთ ყველა შესაძლო ვერსია სალიერის და მოცარტის ურთიერთობაზე. რეცენზიის წერისას აქცენტი გააკეთეთ რეალური პერსონაჟების თამამ ინტერპრეტაციაზე. რა არის მილოშ ფორმანის მთავარი სათქმელი, რატომ ინტერესდება 1980-იან წლებში ამერიკელი ავტორი დიდი კომპოზიტორის შემოქმედებითა და ცხოვრებით. დღეს რამდენად აქტუალური და ტენდენციურია ბიოგრაფიული ფილმები?

ინდივიდუალური მუშაობისთვის
მოიძიეთ დამატებითი ბიოგრაფიული ცნობები მოცარტისა და სალიერის ცხოვრების შესახებ. განიხილეთ ისინი კონკრეტული ისტორიული ეპოქის კონტექსტში. დააკვირდით რამდენად რეალისტურია ფორმანის ფილმი, რა დოზით ასახავს რეჟისორი ობიექტურ სინამდვილეს და ლეგენდებსა და მითებს.სასურველია თუ გაეცნობით დამატებით ლიტერატურას და დოკუმენტურ მასალას მოცარტის და სალიერის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ეს ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად გამოდგება მუსიკის ისტორიის სასწავლო მოდულში

მოცარტი კლასიციზმის ხანაში მოღვაწეობდა. მოიძიეთ ინფორმაცია, რა იყო ამ პერიოდის ხელოვნებისთვის დამახასიათებელი, რა ძირითადი პრინციპებისა და ესთეტიკური კატეგორიების გამტარი ხდებოდა ლიტერატურული თუ მუსიკალური ნაწარმოები. იმსჯელეთ მსგავსებებზე და განსხვავებებზე ბაროკოს, კლასიცისტურ და რომანტიზმის ეპოქების მუსიკალურ ნაწარმოებებს შორის. თითოეული არგუმენტი განიხილეთ კონკრეტული ავტორის მაგალითზე (ბახი, მოცარტი, ბეთჰოვენი).

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც ვენის კლასიკოსების, რომელიმე წარმომადგენელზე გააკეთებთ პრეზენტაციას, ნარატიულ ნაწილს თან დაურთავთ მუსიკალურ ნაწარმოებს, ამ ყოველივეს კონკრეტული მაგალითების გამოყენებითა და თქვენი ინტერპრეტაციით გადმოსცემთ ისტორიული, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული კონტექსტების გათვალისწინებით.

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიისა და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება მე-18 საუკუნის ევროპულ მუსიკაზე, კერძოდ ვენის კლასიკოსებსა და საკუთრივ მოცარტის შემოქმედებითი ბიოგრაფიაზე.

ტრეილერი

Play Video

გადმოწერე სასწავლო რესურსი

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

კოკო (2018)

ფილმები

ჰიუგო (2011)

ფილმები

ბაჭია ჯოჯო (2019)

ფილმები

1917 (2019)

ფილმები