ლექციები

80-იანელთა თაობა ქართულ კინოში

80-იანელთა თაობა ქართულ კინოში

1980-იან წლებში ქართულ კინოში ახალი თაობა მოდის. თაობა, რომელმაც თეატრალურ ინსტიტუტში მიიღო განათლება; თაობა, რომელსაც ეკრანზე მოაქვს საკუთარი თემები, საკუთარი ხედვა, განსხვავებული სამყარო, რომელზეც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული კინო მანამდე არ ლაპარაკობდა და არ ამახვილებდა ყურადღებას

ტექსტური ვერსია

70-იანი წლების ბოლოს, 80-იან წლებში ქართულ კინოში ახალი თაობა მოდის. თაობა, რომელმაც განათლება თეატრალურ ინსტიტუტში მიიღო. მათ ეკრანზე საკუთარი თემები, ხედვა, განსხვავებული სამყარო მოაქვთ, რაზეც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული კინო მანამდე არ ლაპარაკობდა და ყურადღებას არ ამახვილებდა. ამ თაობის პირველი ნიმუში, რომელმაც ფართო საზოგადოების და სპეციალისტთა ყურადღება მიიქცია და გარკვეულწილად გახდა კიდეც ახალი ეტაპის დასაწყისი, თემურ ბაბლუანის „ბეღურების გადაფრენა“ იყო. ამ ფილმმა, 70-იანი წლების ბოლოს ფაქტობრივად შეცვალა ქართული კინოფაქტურა. თუ მანამდე რეჟისორები თავიანთ ქალაქს ეთაყვანებოდნენ, თბილისს და თბილისელებს სიყვარულს უხსნიდნენ, აქ გამოსახულება მკვეთრად შეიცვალა – ყურადღება ისეთ პერსონაჟებზე გამახვილდა, რომელთაც საბჭოთა კინემატოგრაფი არ იმჩნევდა და ვისზეც არ ლაპარაკობდა. ანუ ეკრანზე გამოჩნდნენ ისეთი პროფესიის ადამიანები, ვისი ჩვენებაც თითქოს არ იყო გათვალისწინებული. ასეთი იყო თემურ ბაბლუანის ფილმი. ნანა ჯორჯაძის „მოგზაურობა სოპოტში“ რომელიც განსხვავებულ პერსონაჟებზე ლაპარაკობდა, ურბანულ, განსხვავებულ თბილისს გვიჩვენებდა და ის რაც ეკრანიდან მოდიოდა, უმეტესად შავ-თეთრი გამოსახულება,  პეიზაჟები, ერთი დანახვით შეიძლება მაყურებლისთვის უცხო იყოს. ეს ყველაფერი 70-იანი წლების ბოლოს იმ თაობამ მოიტანა, რომელსაც მართლაც განსხვავებული ხედვა ჰქონდა. ეკრანიდან პირველად გაისმა თემები, რომლებზეც უფროსი თაობის რეჟისორები იქნებოდნენ თუ სხვა კინომოღვაწეები, ყურადღებას არ ამახვილებდნენ. ეს იყო საოცარი გაუცხოვება არამარტო მამებისა და შვილების თაობაში, არამედ ზოგადად საზოგადოებაში. როდესაც კავშირები დარღვეული იყო, როდესაც ქვეყანა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით საშინელ ერთფეროვნებაში და თითქოს ჭაობში ჩაიძირა. ამ საზოგადოებაში უკვე აღარ იყო ფერების, სილაღის დრო, თითქოს იუმორმაც მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ეკრანზე ის რეალობა მივიღეთ, რომელშიც ახალგაზრდებს უხდებოდათ ცხოვრება, მაგრამ რომელზეც ფაქტობრივად მანამდე ქართული კინო არ ლაპარაკობდა.

ამ პერიოდში შექმნილი ფილმებიდან გამორჩეულია ალეკო ცაბაძის „ლაქა“. ფაქტობრივად პირველად ქართულ სინამდვილეში ამ ფილმში ნარკომანიის, თამაშის, იმ თაობის შესახებ არის საუბარი, რომელსაც ვერ უპოვია საზრისი ცხოვრებაში და არ იცის ხვალინდელი დღე როგორ გააგრძელოს. რა გააკეთოს და როგორ იცხოვროს იმ საზოგადოებაში, რომელიც მთლიანად ტყუილზე არის აგებული, როდესაც ოჯახში კავშირები დარღვეულია, როდესაც დედას არ ესმის მამის, მამას არ ესმის დედის და არც შვილს, ხშირ შემთხვევაში მათი არ ესმის და როდესაც შენს თაობაშიც შენი ბევრს არ ესმის, ძალიან მძიმეა ასეთ გარემოში ცხოვრება – ჩაბნელებულ, უსახურ და ჭუჭყიან თბილისში. თითქოს, ასეთ თბილისს მაყურებელი მიჩვეული არ იყო. სხვაგვარად გვიჩვენებს თბილისს და გარემოს ტატო კოტეტიშვილი თავის ფილმში „ანემია“, მაგრამ უკვე სათაურშივე მას გარკვეულწილად განაჩენი გამოაქვს იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც ანემიურს, უსიცოცხლოს, უუნაროს, არაფრის მაქნისს უწოდებს. ანემია სისხლის ისეთი დაავადებაა, რომლის დროსაც ყველანაირი უნარი გეკარგება. ამ საზოგადოებასაც უნარები დაკარგული აქვს, ამ საზოგადოებასაც სახე აქვს დაკარგული და ასეთ საზოგადოებაში ცხოვრებას „ანემიის“ მთავარი გმირი მთაში გაქცევას ამჯობინებს. ჰგონია, რომ იქ შეიძლება რაღაც ცვლილებები ელოდებოდეს, სხვა სამყარო იყოს, სადაც ნამდვილ ფასეულობებზე, ღირებულებებზე, მომავალზე ილაპარაკებს, ამ საზოგადოებაში კი ამაზე საუბარი თითქოს მეორეხარისხოვანი და უკვე აზრს მოკლებულია. მაგრამ მთაში გაქცეული ნიკო ხელმოსაჭიდს იქაც ვერაფერს ხედავს. იქაც იგივე სიტუაციაა, თითქოს დრო გაჩერდა, არაფერი წინ არ მიდის და მხოლოდ წარსულთან არის კავშირი, კავშირი – სტალინის აჩრდილთან, იმ წარსულთან, რომელთან გაიგივება უკვე თანამედროვე გმირებს ცხადია, არ უნდათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა იყო. 1987 წელს ტატო კოტეტიშვილის ფილმის გმირი ეკრანიდან მაყურებელსაც, თავის თანატოლებსაც, უფროს თაობასაც მოუწოდებდა: „გამოიღვიძეთ, გამოდით სოროებიდან“ სოროში ჯდომა უკვე გმირობა აღარ იყო. საზოგადოებას ქმედებისკენ, გამოღვიძებისკენ მოუწოდებდა, რადგან ასეთ რიტმში ცხოვრება უკვე წარმოუდგენელი იყო.

აღსანიშნავია, რომ 80-იან წლებში უფროსი თაობის რეჟისორებსაც ჰქონდათ მსგავს თემებზე საუბრის მცდელობა. იმ სამყაროზე, რომელსაც არანაირი პერსპექტივა და მომავალი არ აქვს. ამის ნათელი მაგალითია ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები“ და საშა რეხვიაშვილის ფილმები „საფეხური“ და „მიახლოება“, ისინი სწორედ თანამედროვე საზოგადოებას, თანამედროვე ყოფას გვიჩვენებს, სადაც წელიწადის დროის ცვლილებას არ მოაქვს ცვლილება, გაზაფხული არ არის ახლის დასაწყისი, ყველაფერი ისევ ისე გრძელდება. მუდმივი ზამთარია სამყაროში, როდესაც სიცივეა, ყველაფერი გადაშენებისკენ მიდის და სამომავლოდ თითქოს არაფრის პერსპექტივა ჩანს. საშა რეხვიაშვილის ფილმის გმირი ალექსიც სწორედ ასეთი საზოგადოების წევრია, ის ყოფა, რომელსაც რეხვიაშვილი ეკრანზე გვიჩვენებს აბსურდულია, ეს ყოველდღიურობა, ეს წრე რომელსაც ვერ გაარღვევ იმიტომ რომ შენც ამ წრეში და ამ ფერხულში ხარ ჩაბმული და თითქოს გრძნობ, რომ ამ გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევა, დახურული, ჩაკეტილი წრის გარღვევა შეუძლებელია, ისევე როგორც „ცისფერ მთებში“. სწორედ ამ ფილმის გმირი, ალექსიც მთაში მიდის იმ იმედით, რომ იქ ყველაფერს დაძლევს და თავის ცხოვრებას ახალ პერსპექტივას შესძენს. მაგრამ ვხედავთ, რომ ფილმის ბოლოს ალექსის გზაზე მომავალი, მასზე ცოტა უფროსი ახალგაზრდა ხვდება, რომელმაც ეტყობა იქაც ვერ იპოვა საყრდენი. იმიტომ რომ იქაც, იმ მთაშიც საზოგადოება ისეთივეა, როგორიც ბარში. იმიტომ, რომ ეს საზოგადოება განწირულია. მას მომავალი არა აქვს. წარმოუდგენელია ამ საზოგადოებას ჰქონდეს ხვალინდელი დღე. უკვე შემდეგ ფილმში, რომელსაც ალექსანდრე რეხვიაშვილი „მიახლოებას“ არქმევს, თითქოს მხოლოდ და მხოლოდ უახლოვდება და არ უნდა ძირი ეძებოს ყველა იმ მოვლენის, რაც შემდგომ ჩვენს ქვეყანაში მოხდება. ეს თაობა, რომელიც საკუთარი თემებით მოდიოდა, რომელმაც გვაჩვენა მაგალითი იმის, რომ არ შეეგუებოდა არსებულ საზოგადოებას და პროტესტს გამოხატავდა მის მიმართ. რადგან ცხოვრების ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო. მათ დაგვანახეს ახალგაზრდები, რომელთაც იდეალები არა აქვთ და შველას უმეტეს შემთხვევაში სმასა და ნარკოტიკებში ეძებენ და გარკვეულწილად იმ თაობისთვის და იმ პერიოდის რეჟისორებისთვის ეს ნონკონფორმიზმის ერთგვარი გამოხატულებაც იყო, იმიტომ, რომ არ ეგუებოდნენ თანამედროვე ცხოვრებას, იმ წყობას, იმ სიყალბეს რომელშიც ცხოვრობდნენ და მიაჩნდათ რომ ერთადერთი გამოსავალი და გადარჩენის ერთადერთი შანსი გაქცევა იყო. გაქცევა სმაში, გაქცევა ნარკოტიკებში. უფროსი თაობა ამ ახალგაზრდებზე საერთოდ არ ლაპარაკობდა, სირაქლემას პოზაში მყოფები საერთოდ არ იმჩნევდნენ მათ არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი შეიძლება მათი შვილებიც და შვილიშვილებიც კი ყოფილიყვნენ. სწორედ ამ თემებით მოსული ქართული კინო, სამწუხაროდ ძალიან დიდხანს დარჩა ამ თემების ტყვეობაში და თავადაც ვერ გაარღვია ის ჯაჭვი რომელზეც ახლა ძალიან ხშირად ვსაუბრობთ. როდემდე უნდა ვილაპარაკოთ ერთსა და იმავეზე, როდემდე უნდა იყოს ჩვენთვის ერთი და იგივე თემები მნიშვნელოვანი და წინ რატომ არ მივდივართ, რატომ არ გვაინტერესებს ის პრობლემები, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებას აქვს. აი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რაც 80-იანი წლების თაობამ მოიტანა და რაც გარკვეულწილად 90-იან წლებშიც გაგრძელდა.

პირველი ფილმი, რომელმაც გარკვეულწილად საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და მაყურებელი დააფიქრა იმ ყველაფერზე, რაც ჩვენს საზოგადოებაში ხდებოდა, ვფიქრობ იყო დიტო ცინცაძის „ზღვარზე“. რეჟისორი ასევე 80-იანელების თაობის წარმომადგენელია, თბილისის თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა და თავისი სრულმეტრაჟიანი ფილმი იმ პერიოდს და იმ პერიოდის თბილისს მიუძღვნა, რომელშიც სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. სადაც ბარიკადის ორივე მხარეს ქართველები იდგნენ და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეეები, მეზობლები, კლასელები ან მეგობრები იყვნენ და ამისდა მიუხედავად ამისა საოცარი ჟინით, შემართებით იძახდნენ, რომ სიმართლე მათ მხარეს იყო, რა თქმა უნდა, ღვთისმშობელიც მათ მხარეს იყო და რა თქმა უნდა, თუ საჭირო გახდებოდა, ისინი ისროდნენ. საიდან მოვიდა ეს ფენომენი, ძმათა მკვლელი ომი, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ სამოქალაქო ომის სახით და რასაც შემდეგ აფხაზეთი და სამაჩაბლო მოჰყვა. ეს ყველაფერი ჩვენი საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული იყო. საზოგადოების გახლეჩა, ადამიანი, რომელიც ზღვარზეა მისული და სწორედ ამიტომ არის საზოგადოებისთვის ყველაზე საშიში, რადგან არ იცი როგორ მოიქცევა და რას მოიმოქმედებს. ასე არის ამ ფილმის მთავარი გმირიც, თითქოს არაფერში ერევა, თითქოს არავის მხარეს არის, ნეიტრალიტეტი უჭირავს და უნდა რომ გაერკვეს იმ საზოგადოებაშიც, რომელშიც ცხოვრობს, თავის პირად ურთიერთობებში, როდესაც არც ცოლთან, ყოფილ მეუღლესთან და არც საყვარელთან არ აქვს დალაგებული ურთიერთობები და ასე ზღვარზე მყოფი ადამიანი საბედისწერო ნაბიჯს გადადგამს, იარაღს  იღებს და უმისამართოდ ისვრის. აი ეს უმისამართოდ გასროლა იყო გარკვეულწილად 90-იანი წლების ჩვენი საზოგადოების სახე, რადგან მაშინ უმისამართოდ გასროლილი ტყვიით ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა და ეს გარკვეულწილად ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი ტრაგედია იყო. სამოქალაქო ომი, დაკარგული ტერიტორიები და ამ ყველაფრიდან საზოგადოებას და რეჟისორებსაც გამოსავლის გზები უნდა მოეძებნათ. ამ პერიოდში არაერთი ძალიან საინტერესო ნამუშევარი შეიქმნა. მათ შორის – გიო მგელაძის „რა, მეგობარო!“, ლევან ზაქარეიშვილის „ისინი“, ლევან თუთბერიძის „გასეირნება ყარაბაღში“. ეს ფილმები საზოგადოებისთვის მტკივნეულ თემებს ეხება. სწორედ ის თემებია წინ წამოწეული, რომელთან შეხებასაც და რომელზე საუბარს ქართული კინო წლების მანძილზე გაურბოდა.

გავიხსენოთ 90-იანი წლების ძალიან მძიმე პერიოდი. ფაქტობრივად განადგურდა ინფრასტრუქტურა, განადგურდა კინოსტუდია, ფილმების გადაღება შეუძლებელი იყო. რეჟისორი ფილმს იწყებდა და წლების განმავლობაში  იღებდა, პროექტი შეიძლებოდა 10 , 12, 13 წელი გაგრძელებულიყო… ამ გაუსაძლის პერიოდში შექმნილ ფილმებს, აბსულუტურად ყველას აბსურდის, ნიჰილიზმის და მომავლის არგანცდის განწყობა ეტყობა. ადამიანი ამ საზოგადოების მომავალს ვერ ხედავს. იმ პერიოდის ფილმებს თვალი რომ გადავავლოთ, დავინახავთ, რომ, უმეტეს შემთხვევაში მთავარი გმირები, რომლებსაც არ სურთ სამოქალაქო ომში მონაწილეობა, დაპირისპირებას რომ თავი აარიდონ, რიგ შემთხვევაში რეალურ ცხოვრებას საგიჟეთში ემალებიან, ზოგ შემთხვევაში თავს ცოცხლად ამარხვინებენ, ოღონდ ამ ძმათამკვლელ ომში არ მიიღონ მონაწილეობა. არის სიტუაციები, როდესაც საავადმყოფოს კანალიზაციაში იძირება და ნადგურდება თითქოს ეს ყველაფერი. ეს სწორედ იმ პერიოდის კინოა, რომელიც განადგურებაზეა მიმართული, რომელსაც არ ეტყობა შენება და, რა თქმა უნდა, ამ ფილმების გმირები ვერასოდეს გაფრინდებიან ისე, როგორც შერეკილები გაფრინდნენ. ისინი ჯერჯერობით მხოლოდ ნგრევის ენერგიით ცხოვრობენ. ცხადია, ეს სწორედ იმ ვითარებიდან მოდიოდა, რა ვითარებაშიც 90-იან წლებში მთლიანად საზოგადოება და მათ შორის კინემატოგრაფისტებიც აღმოჩნდნენ.

თავის ფილმში „მდგმურები“ დათო ჯანელიძე მდგმურების თემას ამუშავებს. ის გვიჩვენებს, თუ როგორ იკავებენ ნელნელა შენს ადგილს სხვა ადამიანები და როგორ ვერაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ეს შენი ავტონომიური ადგილი შენადვე დარჩეს და თავი კომფორტულად იგრძნო. ამ პერიოდის ქართულ კინოში ძალიან მძიმე თემებზე იყო საუბარი. ძალიან მძიმე ვითარება იყო ეკონომიკური თვალსაზრისით, რის გამოც ფილმებს ვერ იღებდნენ, რადგან ერთი ფილმის გადაღებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდებოდა. ამ ყველაფერმა გარკვეულწილად იმ თემებს დაასვა დაღი, რომლებზეც ქართველი კინემატოგრაფისტები საუბრობდნენ. მათ შორის მამების და შვილების ურთიერთობაზე. როდესაც მამები უკვე იღებენ პასუხისმგებლობას თავიანთ შეცდომებზე, როდესაც გიჩვენებენ ეკრანიდან, რომ მათმა ნარკოტიკულმა წარსულმა, მათმა წრეგადასულმა, უთავბოლო ცხოვრებამ, რომელსაც კარგი არაფერი მოაქვს, მათ შვილებზე იქონია გავლენა. როგორ უნდა გამოასწორო ეს ყველაფერი და საერთოდ, არის თუ არა ამის შანსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემები იყო. 90-იანი წლების ქართული კინო სიყვარულზე, ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზე საერთოდ არ ლაპარაკობდა, გაქრა კომედია. ეს თემები თვითონ საზოგადოებაშიც აღარ იყო აქტუალური. საზოგადოება, რომელიც ორად იყო გახლეჩილი და მუდმივად ომის საფრთხის წინაშე იდგა, ამ თემებზე ვეღარ ლაპარაკობდა. ცვლილებები გარკვეულწილად, სწორედ 21-ე საუკუნის ქართულ კინოს უკავშირდება. როდესაც კიდევ უფრო განსხვავებული და საინტერესო თაობა მოვიდა, განსხვავებული ხედვით და ეს კინო სულ სხვა თემებზე შეჩერდა და სხვანაირად დაიწყო იმის გადაფასება, რასაც ჩვენ ჩვენს უახლოეს წარსულს, დამოუკიდებელ ქართულ კინოს ვუწოდებთ, რომელშიც სულ სხვა გარემო, სხვა თემები და ძალიან საინტერესო რეჟისორები წამოვლენ. მაგრამ რეჟისორებმა, რომლებმაც ეს სამყარო მთლიანად გვიჩვენეს, რომლებმაც თავის საზოგადოებას ასეთი განაჩენი გამოუტანეს. გარკვეულწილად თითქოს ამ ციკლის დასასრული იყო ლევან ზაქარეიშვილის ფილმი „თბილისი-თბილისი“, რომელმაც ერთ ბაზრობად ქცეული თბილისი გვიჩვენა, სადაც პროფესორი კარაქით ვაჭრობს, სადაც რეჟისორი რაღაც გაურკვეველი პროფესიებით არის დაკავებული და რას აკეთებს თვითონაც არ იცის, სადაც მთელი ქალაქი ბაზრობად არის ქცეული და მხოლოდ ვაჭრობა გახდა ამ ადამიანების მთავარი მიზანი, რომ ამ გზით მოპოვებული ფულით 1 დღე 2 დღე და ცხოვრება რაღაცნაირად გადააგორონ. ფაქტობრივად მეოცე საუკუნის საზოგადოებას და კინოსაც აჯამებს ლევან ზაქარეიშვილი თავისი ფილმით „თბილისი-თბილისი“, როდესაც ძალიან მწვავე სოციალურ პორტრეტს ჰქმნის იმ ქალაქისა, რომელიც თითქოს მზესთან, სითბოსთან და სილაღესთან ასოცირდება.

ეს ის თაობაა, რომლისთვისაც საზოგადოებაშიც და კინოშიც უფრო მეტად რუხი ფერი დომინირებს. რომელსაც ჯერ კიდევ არ შეუძლია არამარტო ისტორიაზე, არამედ ზოგად თემებზეც კი ლაღად საუბარი. ამის მიზეზი კი ის პერიოდი და ის საზოგადოებაა, სადაც ამ ძალიან საინტერესოდ, 70-იან-80-იან წლებში მოსულ თაობას უწევდა ცხოვრება და შემოქმედებითი საქმიანობა.

ექსპერტი

გადმოწერე აუდიო ვერსია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

კინომუსიკა

ლექციები

კინო და თეატრი

ლექციები

ლიტერატურა და კინო

ლექციები

1910-1950-იანი წლების ქართული ხელოვნება

ლექციები