ლექციები

21-ე საუკუნის ქართული კინო

21-ე საუკუნის ქართული კინო

21-ე საუკუნის დასაწყისში, 10-იან წლებში ჯერ კიდევ არ შეიძლებოდა ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოში გამოჩნდა ახალი თაობა, თუმცა 10-იანი წლებიდან გამოიკვეთა თაობა, რომელიც ერთი მხრივ მისდევს ტრადიციებს მაგრამ მეორე მხრივ სულ სხვანაირი თემატიკით და ხელწერით მოვიდა ქართულ კინოში

ტექსტური ვერსია

მე შევეცდები თანამედროვე, 21-ე საუკუნის ქართულ კინოზე გესაუბროთ. უბრალოდ გაგახსენებთ, რომ საქართველოში კინოს დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 10-იანი წლებიდან იღებდნენ ფილმებს და მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში საქართველოში კინემატოგრაფიის განვითარების თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად საინტერესო პერიოდები იყო. 60-იანი და 70-იანი წლების დასაწყისში ევროპელი კინოპროფესიონალები საბჭოეთისგან სრულიად გამორჩეული ქართული კინოს ფენომენის შესახებ ალაპარაკდნენ. ეს ძირითადად ამ პერიოდის კინემატოგრაფისტთა თაობას ეხებოდა.

დავიწყებ იმით, თუ რა მემკვიდრეობა მიიღო საბჭოეთის დანგრევის შემდეგ ქართულმა კინემატოგრაფმა.  საქართველოში იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული კინოსტუდია „ქართული ფილმი“, რომელიც  დამოუკიდებელ საქართველოს მემკვიდრეობით გადმოეცა, მაგრამ ტექნიკა მოძველებული იყო და ქართველები ახალი ცხოვრებისთვის, ახალი საზოგადოებრივი წყობილებისთვის სრულიად მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ. თუ 40-50-იან წლებში სტაგნაციის პერიოდზე ვსაუბრობთ, ასეთივე პერიოდი იყო 90-იან წლებში და ქართულ კინემატოგრაფს ეს დღემდე მოსდევს. ქვეყანაში დღემდე არ გვაქვს გააზრებული კინოს პოლიტიკა და კულტურის პოლიტიკა, რაც ქართულ კინოს უდიდეს დაღს ასვამს. საბჭოთა პერიოდში ყველგან იყო კინოთეატრები (ამ მხრივ სისტემა გამართულად მუშაობდა), რომლებიც გაუაზრებელი ქმედებების გამო  დაიკარგა. ინფრასტრუქტურა მოუწყობელია. ასევე ის, რასაც ქართული კინო დღემდე განიცდის, არის ინფრასტრუქტურის და კინოინსტიტუციების გაუმართაობა. საქართველოში ერთადერთი მოქმედი კინოინსტიტუცია, რომელიც მთლიანად წარმართავს კინოცხოვრებას, არის ეროვნული კინოცენტრი, რომელიც ჩვენს საუკუნეში ჩამოყალიბდა. სხვა მხრივ კინოინსტიტუციები არ გვაქვს, რაც ძალიან დიდი დანაკლისია. პრობლემებია კინოგანათლებაშიც ტექნოლოგიების, სწავლების თანამედროვე ფორმების თვალსაზრისით, არ გვაქვს კინოჟურნალი. ვიწყებ იმ პრობლემებით, რომლების ფონზეც თანამედროვე ქართული კინო ვითარდება.

21-ე საუკუნეში საქართველოს თავისი კულტურული იდენტობის ძიება თავიდან უწევს. თანამედროვე ქართული კინო ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ კულტურულ რეალობას გადმოსცემს. 21-ე საუკუნის დასაწყისში 2010-იან წლებამდე, ჯერ კიდევ არ შეიძლებოდა საუბარი იმაზე, რომ ქართულ კინოში ახალი თაობა გამოჩნდა, თუმცა 10-იანი წლებიდან გამოიკვეთა თაობა, რომელიც ერთი მხრივ ტრადიციებს მისდევს და ამავე დროს ქართულ კინოში განსხვავებული ხელწერით და თემატიკით შემოდის. სხვა მხრივ ქართული ფილმების თემატიკა ძირითადად 90-იანი წლებია – ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულის ყოველმხრივ მტკივნეული მოვლენა. 90-იანი და 2000-იანი წლების ფილმებში პერსონაჟები ხშირად გაურკვეველი, სასოწარკვეთილი ადამიანები იყვნენ, რომლებმაც არ იცოდნენ როგორ უნდა ეცხოვრათ. 90-იანი წლების ქართული ცხოვრების შესახებ ძალიან საინტერესოა გარდაცვლილი რეჟისორის, ლევან ზაქარეიშვილის, 2006 წლის ფილმი „თბილისი-თბილისი“. აქ ნაჩვენები თბილისური ბაზრობა, 90-იან წლებში ქართული საზოგადოების მიკრომოდელად შეიძლება წარმოვიდგინოთ. ფილმში ლაპარაკია ღირებულებების გადაფასებაზე, ადამიანების სასოწარკვეთაზე, ემოციებზე, რომლებსაც იმ პერიოდში განიცდიდნენ.

21-ე საუკუნის ქართული ფილმებისთვის დაკარგული ტერიტორიების, აფხაზეთის თემა მნიშვნელოვანი იყო. გავიხსენებდი ტრილოგიას „მოგზაურობა ყარაბაღში“. რეჟისორების ლევან თუთბერიძის, ვანო ბურდულის და ზაზა ურუშაძის ფილმებში ნაივური რომანტიზმით განმსჭვალული მთავარი პერსონაჟის, გოგლიკოს, სახით წარმოჩენილია თაობა, რომელსაც ცხოვრება მწარე რეალობაში უწევს და რომლის ღირებულებების გადაფასება მოხდა. საინტერესოა მესამე ფილმი „ბოლო გასეირნება“, სადაც მთავარი პერსონაჟის ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში უკვე აღარ არის.

გამოჩნდნენ ახალი თაობის რეჟისორები, რომელთაც კულტურული ღირებულებები, პატრიარქალური ოჯახის თემა სხვანაირად წარმოაჩინეს. ძალიან საინტერესოა ლევან კოღუაშვილის ფილმები, სადაც აქცენტი საშუალო თაობის ადამიანებზე კეთდება. მთავარი პერსონაჟები, რომლებიც ცნობილნი იყვნენ როგორც გზააბნეული, რომანტიული, შეშლილი პერსონაჟები საბჭოთა კინოში, მაშინ როდესაც იგავურ ფილმებს იღებდნენ, ინფანტილურები და ნონკონფორმისტები იყვნენ. ქართველი მამაკაცების ინფანტილურობა ლევან კოღუაშვილის ფილმებში ჩნდება, მაგრამ უკვე სხვა თვალსაზრისით. გარკვეული მამაკაცების ტიპების გაგებას განსხვავებულად უყურებს. მისი ფილმების პერსონაჟები ინფანტილური მამაკაცები არიან, მაგრამ ქართული კულტურული იდენტობისთვის მისაღები მამაკაცის სახეს არ წარმოადგენენ და ამ მხრივ მეტამორფოზას განიცდიან. საინტერესოა მისი ფილმი „შემთხვევითი პაემნები“, სადაც ქართული ტრადიციული ოჯახის კრიზისი, პრობლემაა ნაჩვენები. 40 წლის მამაკაცი, რომელსაც ოჯახი არ აქვს, ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს, არ არის მასკულინური პერსონაჟი, სევდიანი იუმორით არის წარმოჩენილი.

ქართული ოჯახის პრობლემა ბევრი სხვა რეჟისორის ფილმშიც წამოიჭრა, მათ შორის ქალი რეჟისორების ფილმებშიც. უნდა ითქვას, რომ 21-ე საუკუნის ქართულ კინოში ქალი რეჟისორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მათ ფილმების გადაღება ქალური პერსპექტივიდან დაიწყეს. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ქალის სოციალური პრობლემები, საზოგადოებრივი მდგომარეობა და ა.შ ქალის თვალით არის დანახული. პირველ რიგში დავასახელებდი ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმებს. მათი ფილმის „გრძელი ნათელი დღეები“ პერსონაჟები მოზარდი გოგონები არიან, რომლებიც მასკულინური ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ილაშქრებენ. საინტერესოა, რომ ამ ფილმში მამები თითქოს არანაირ როლს აღარ ასრულებენ. ეს მხოლოდ ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმების თემატიკა არ არის. ის, რომ ქართულ ოჯახში მამებს დომინანტური როლი არ უჭირავთ, სხვა ქართულ ფილმებშიც კარგად ჩანს. დავასახელებდი ლევან თუთბერიძის ფილმს „მოირა“, რომელშიც მამა, ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული მამაკაცი, ოჯახურ საქმიანობაში არ მონაწილეობს. დავუბრუნდები ისევ ექვთიმიშვილის და გროსის ფილმს – ერთი გოგონას მამა ციხეშია, მეორეს მამა ლოთია და ისიც ოჯახის ცხოვრებაში არანაირ როლს ასრულებს.

საინტერესოა ლაშა ცქვიტინიძის გამორჩეული ფილმი, რომლის მთავარი პერსონაჟიც ზღვის პირას მცხოვრები მოზარდი ბიჭია. ის რეპავს და თანამედროვე სამყაროსადმი პროტესტს თავისი ხელოვნებით გამოხატავს.  ქართულ ფილმებში გამოიკვეთა თემატიკა – მოზარდი თაობა უფროსების ღირებულებებს არ იზიარებს და პროტესტს გამოხატავს. გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი“ თანამედროვე ქართული კინოს ისტორიაში საკმაოდ წარმატებული იყო. ამ ფილმში აფხაზეთის თემა ასევე მოზარდის პერსპექტივიდან არის დანახული და გაჟღერებული. ბიჭი, რომელიც დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობს, დაკარგული მამის მოსაძებნად აფხაზეთში მიდის. ფილმში მისი მოგზაურობა და ყველაფრისადმი დამოკიდებულებაა ასახული. ამავე დროს რეჟისორი პატარა ბიჭის პიროვნებად ჩამოყალიბების ისტორიას გვიყვება. აფხაზეთის თემა ასევე გაჟღერებულია მის შემდგომ ფილმში, რომელიც ბაბუის და შვილიშვილის ცხოვრებას ეხება. მოქმედება ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე ვითარდება და რეჟისორი აქაც გოგონას ზრდასრულ ქალად გადაქცევის ისტორიაზე მოგვითხრობს. სურათში აფხაზეთის თემა არ იკვეთება, თუმცა აფხაზი და ქართველი ჯარისკაცები ჩანან. ბაბუის და შვილიშვილის ცხოვრება თითქოს მითიურ ისტორიად იქცევა, სადაც მინიმალური ესთეტიკითაა გადმოცემული ისტორია მიწისა, რომელიც არავის ეკუთვნის. ფილმი საინტერესოა იმითაც, რომ მთავარი პერსონაჟები აფხაზურ ენაზე საუბრობენ.

რაც შეეხებათ იმ ქართველ ქალ რეჟისორებს, რომელთაც კინოში თავიანთი სათქმელი მოიტანეს, მათ შორის რუსუდან ჭყონიას გამოვყოფდი. 2012 წელს გადაღებულ მის ფილმში „გაიღიმეთ“ ქართველი ქალის გარშემო შექმნილი მითის ნგრევაა გადმოცემული. ძალიან საინტერესოდაა ნაჩვენები იმ ქალების ისტორია, რომლებიც სილამაზის კონკურსში იღებენ მონაწილეობას. თითოეულ მათგანს ფილმის განმავლობაში იმაზე უწევს დაფიქრება, თუ რამდენად მოაქვს მათთვის ბედნიერება დედობას, ქალობას და ცხოვრებაში რამდენად რეალიზებულნი არიან. გამოვყოფდი ია სუხიტაშვილის პერსონაჟს, რომელსაც შვილები 3 სხვადასხვა მამაკაცისგან ჰყავს და თანაც ქორწინების გარეშე. ფილმში საინტერესოდაა ნაჩვენები სხვა ქალების მისდამი დამოკიდებულება. თუმცა ბოლოს ქალები ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გრძნობით განიმსჭვალებიან. უარს ამბობენ ითამაშონ როლი სილამაზის კონკურსის ფარგლებში, რეალობას უსწორებენ თვალს და ქალურად სოლიდარულები ხდებიან. ქალის მითის ნგრევა ხდება ახალგაზრდა რეჟისორის ანა ურუშაძის სადებიუტო ფილმში „საშიში დედა“. ფილმი საშუალო ასაკის ქალზე მოგვითხრობს, რომელიც ცდილობს თავის როლს გაექცეს, იწყებს წერას, რათა საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს. ამ ფილმშიც თითქოს ტრადიციულად დამკვიდრებული ქალურობის მითის ნგრევის მცდელობაა. ასევე დავასახელებდი ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის კიდევ ერთ ფილმს „ჩემი ბედნიერი ოჯახი“. საშუალო ასაკის მასწავლებელი მანანა გარბის სახლიდან, სადაც სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთად ცხოვრობენ. შეიძლება ითქვას, რომ ბედნიერების საპოვნელად გარბის და ცხოვრებას დამოუკიდებლად იწყებს. ეს არაა ამბოხი, რომელიც საკუთარი პიროვნების განვითარებას ემსახურება. აღმოჩნდება, რომ მისთვის სახლიდან გაქცევა პატრიარქალურ ოჯახში ბედნიერების პოვნისა და მეუღლის სიყვარულში დარწმუნებისთვისაა საჭირო.

ზაზა ხალვაშის ფილმში „ნამე“ მოქმედება ზემო აჭარაში ვითარდება. ეს პოეტური, განსაკუთრებული ატმოსფერულობით გამორჩეული, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმია, სადაც ქალის პიროვნებად ჩამოყალიბება, ახალგაზრდა ქალის იდენტობის ძიება და ოჯახური პრობლემა მაგიური ელემენტების ფონზე ძალიან საინტერესოდ არის გადმოცემული. ფილმი ოჯახურ ტრადიციებსაც ეხება, მამის და შვილების ურთიერთობაა ნაჩვენები. შვილები საკუთარ გზას ირჩევენ. გოგონა, რომელიც მამასთან ცხოვრობს და მაგიურ საქმიანობას მასთან ერთად ეწევა, ამ ყველაფერზე უარს ამბობს, ყალიბდება ქალად, საკუთარ იდენტობას პოულობს. თევზი, რომლითაც ადამიანებს კურნავენ, მაგიურ ძალას კარგავს, რაც ეკოლოგიური კატასტროფითაა გამოწვეული. ფილმი ტექნიკის ხმაურით მთავრდება, როდესაც ტბა ეკოლოგიურად ნადგურდება და სრულიად სხვა რეალობა დგება. ფილმის მთავარი პერსონაჟი არის ახალგაზრდა ქალი ნამე.

ფილმები, რომელთა შესახებაც ვისაუბრე საშუალო თაობის რეჟისორების ფილმებია. ალბათ აუცილებელია იმაზეც ვისაუბროთ, თუ რა მოიტანა ახალმა თაობამ. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ფილმია რეჟისორ უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“, რომელიც ციხეებში ქურდული მენტალიტეტის გამოვლინებაზე გვიყვება. ამ თემებზე საქართველოში მანამდეც იღებდნენ ფილმებს, თუმცა უტა ბერიას ფილმი იმითაა გამორჩეული, რომ სიუჟეტი მოზარდთა კოლონიაში ვითარდება და ნაჩვენებია, ახალგაზრდები როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს და საქართველოში ქურდული მენტალობა რამდენად დიდი პრობლემაა. ეს ფილმიც ამ მენტალობაზე უარის თქმით მთავრდება.

ბოლო წლებში გადაღებული ფილმებიდან გამოვყოფდი გიგა ლიკლიკაძის ფილმს „ღორი“, რომლის მოქმედებაც ერთ-ერთ პროვინციაში ვითარდება და ამ პროვინციის მწარე რეალობაა გადმოცემული. იმ ადამიანების უიმედობაა ნაჩვენები, რომელთაც მომავალი არ აქვთ.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ კინემატოგრაფი რეალობის რეპრეზენტირების საუკეთესო საშუალებაა. ასევე ის მასობრივი მედიუმია და კულტურული პარადიგმები, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში აქვთ ადგილი კინოშიც აისახება. საქართველოში სხვადასხვა თაობის რეჟისორები მუშაობენ, უფროსი თაობის რეჟისორები, რომელთაც თავის დროზე თავიანთი, გამოკვეთილი სიტყვა თქვეს, თუმცა მათი მხრიდან ახალი ვიზუალური ენის ძებნა არ ხდება, რადგან მათ თავის დროზე ეს უკვე გააკეთეს. საშუალო თაობის რეჟისორების შესახებ მოგახსენეთ, რომელთანაც რაღაც გარდატეხა ხდება და ქართული რეალობა სხვა თვალით არის დანახული, ხდება პატრიარქალური ოჯახის სხვა კუთხიდან დანახვა, სოციალური თემის წამოწევა, რაც მანამდე ქართული კინემატოგრაფიისთვის ნაკლებად დამახასიათებელი იყო. საინტერესოა ახალი თაობის რეჟისორები, რომლებიც რეალობის ვიზუალიზაციას საკუთარი პერსპექტივიდან ახდენენ. ახალგაზრდა ადამიანების პერსპექტივიდან გვიჩვენებენ იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ. გარდა მხატვრული ფილმებისა, მინდა რამდენიმე სიტყვა თანამედროვე დოკუმენტურ ფილმებზე ვთქვათ. დოკუმენტური კინო საქართველოში საბჭოთა პერიოდში არ ყოფილა ისეთი განვითარებული, როგორიც სხვა ქვეყნებში. ის უფრო მეტად პროპაგანდისტულ, იდეოლოგიურ ხასიათს ატარებდა. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ქართულ კინოში საქართველოს ჰეროიკული, რომანტიზებული გადმოცემა ხდებოდა, მაგრამ თანამედროვე დოკუმენტურ კინოში რეალობა სრულიად შეცვლილია. ის რეჟისორები მოვიდნენ, რომელთაც რეალობასთან სხვა დამოკიდებულება აქვთ და მათ შემოქმედებაში რომანტიზება აღარ არის. დოკუმენტურ კინოს იდეოლოგიური ხასიათი აღარ აქვს, რაც ძალიან კარგია. ახალი თაობის რეჟისორების თემატიკა საქართველოში მცხოვრები თანამედროვე ადამიანებისა და სხვადასხვა პრობლემის ჩვენებაა. ესაა ფილმები, რომლებიც მაყურებლებს სათქმელს ღიად უტოვებენ  და  ტრადიციული დოკუმენტური ქართული კინოსგან განსხვავდებიან.

კინო ქართულ კულტურაში თავისი არსებობის დღიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, მაგრამ მისადმი დამოკიდებულება ძალიან ზერელეა. ის წარმატებები, რაც ქართულ კინოს აქვს სრულიად მიზერული დაფინანსების პირობებში ხდება. ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს. თუ საქართველოს მსოფლიო კინემატოგრაფიულ ოჯახში თავისი ადგილის დაბრუნება სურს, პირველ რიგში აუცილებელია გამართული ინფრასტრუქტურა და კინოინსტიტუციები გვქონდეს. ასევე კინოს პოლიტიკა, რომელიც ქართული კინოს მომავალს განსაზღვრავს. დაფინანსება გაიზარდოს, ინსტიტუციები, ჟურნალები შეიქმნას, ინფრასტრუქტურა განვითარდეს და კინოგანათლებაში რეფორმები განხორციელდეს, რაც იმის გარანტიას მოგვცემს, რომ ქართველების მიერ რეალობის ვიზუალურად გააზრება უფრო საინტერესო გახდება.

ექსპერტი

გადმოწერე აუდიო ვერსია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

80-იანელთა თაობა ქართულ კინოში

ლექციები

კინომუსიკა

ლექციები

ლიტერატურა და კინო

ლექციები

1910-1950-იანი წლების ქართული ხელოვნება

ლექციები