ლექციები

1930-იანი წლების ქართული კინო

1930-იანი წლების ქართული კინო

30-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კინოში საკმაოდ მომძლავრდა სოციალისტური რეალიზმის მეთოდი. რეჟისორებს ფორმით რეალისტური და შინაარსით სოციალისტური ფილმების გადაღებას აიძულებდნენ

ტექსტური ვერსია

ჯერ კიდევ 20-იან წლებში საბჭოთა კინოს მესვეურები, კრემლის ცენზორები, აღნიშნავდნენ, რომ ქართულ კინოში ძალიან მძლავრია ნაციონალისტური ტენდენციები. ეს გარკვეულწილად განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ქართველი რეჟისორები და არა მარტო ისინი, არამედ რუსეთიდან ჩამოსული რეჟისორებიც, ძალიან ხშირად მიმართავდნენ ქართული ნაწარმოებების ეკრანიზაციას. ერთმანეთის მიყოლებით ხდებოდა ალექსანდრე ყაზბეგის, ეგნატე ნინოშვილის, დანიელ ჭონქაძის, შიო არაგვისპირელის, ნინო ნაკაშიძის, გიორგი წერეთელის ნაწარმოებების ეკრანიზაცია. ეს, რა თქმა უნდა, ოფიციოზს აღიზიანებდა და სამოქალაქო ომის, რევოლუციური წარსულის, გმირული პერიოდისა და თანამედროვე დროის ამსახველი სოციალისტური აღმავლობისადმი მებრძოლი ხალხის ხშირი ეკრანიზაციის საჭიროების შესახებ მიუთითებდნენ. 20-იანი წლების ბოლოს, ხელოვნების სხვადასხვა დარგში უცხოეთიდან დაბრუნებულმა ხელოვანებმა ახალი შემოქმედებითი ჟინი შემოიტანეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია რამდენიმე ფილმი, რომელმაც ქართული კინოს ოქროს ფონდში დაიკავა ადგილი. ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში არის ნიკოლოზ შენგელაიას „ელისო“. თავად ნიკოლოზ შენგელაია მემარცხენე ფუტურისტული ჯგუფის ლიდერი გახლდათ, ხშირად აქვეყნებდა წერილებს ჟურნალში H2SO4. მის პოეზიას ხშირად უწოდებდნენ მონტაჟურს. სწორედ მონტაჟური ხედვა გადმოიტანა მან თავის საუკეთესო ფილმში „ელისო“. ეს იყო პირველი ფილმი, რომელიც რუსეთის იმპერიაში კავკასიელი ხალხის ბედს ასახავდა. ისტორია მოთხრობილია ქართველი ვაჟის და ჩეჩენი ქალის სიყვარულის ფონზე. ნიკოლოზ შენგელაიას სურვილი ჰქონდა ნოვატორული ძიებები გაეგრძელებინა, თუმცა 30-იანი წლების დასაწყისში სოციალური რეალიზმი მომძლავრდა, ფორმით რეალისტური და შინაარსით სოციალისტური. კინემატოგრაფისტებს ფილმების გადაღებას აიძულებდნენ. ასე მოხდა ნიკოლოზ შენგელაიას შემთხვევაშიც. მას სოფლის თემაზე ფილმის გადაღება ურჩიეს და მანაც 1937 წელს დასავლეთ საქართველოში კოლექტივიზაციის შესახებ ფილმი „ნარინჯის ველი“ გადაიღო. ხმის შემოსვლამ და ბრალდებებმა კოსმოპოლიტიზმსა და ფორმალიზმში ნიჭიერ რეჟისორს საშუალება არ მისცა საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოევლინა. აღსანიშნავია ასევე, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია“. სადაც იმ პერიოდის ქართული კინოს ავანგარდული ტენდენციები და მოდერნისტული მისწრაფებები განსაკუთრებით ნათლად გამოვლინდა. ფილმი ბიუროკრატიზმის წინააღმდეგაა მიმართული. ავტორს მარიონეტი გმირები ჩაკეტილ წრეში ჰყავს მოთავსებული. დეკორაციებში, რომლებიც არაჩვეულებრივი გემოვნებით ასახეს მხატვრებმა ირაკლი გამრეკელმა და ვალერიან სიდამონ-ერისთავმა. ისინი, ისევე როგორც გერმანელი ექსპრესიონისტები, უპირატესობას მხატვრული გარემოს შექმნას ანიჭებენ. ბევრი კინოს ისტორიკოსი ამ ფილმს ქართული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთ გამოვლენად მიიჩნევს.

1930 წელს მიხეილ კალატოზიშვილმა დადგა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ჯიმ შვანთე“, ფილმის გადასაღებად ის სვანეთში იყო მივლენილი. რამდენიმე ტექნიკური ნოვაცია დანერგა, უძრავი კამერა დააყენა მოძრავ საყრდენზე, რაც საშუალებას აძლევდა კამერას უფრო აქტიურად ჩართულიყო მოვლენების ასახვაში. ფილმი ფორმალისტურად ჩათვალეს და აკრძალეს. ამის შემდეგ ფილმის ნარჩენებისა და სვანეთში გადაღებული სხვა მასალისგან, მხატვარ დავით კაკაბაძესთან ერთად კალატოზიშვილმა შექმნა ფილმი „ჯიმ შვანთე“. ფილმში ასახულია ზემო სვანეთის თემის დუხჭირი ცხოვრება, განსაკუთრებით სტიქიის დროს, როდესაც პროდუქტებისა და მარილის ნაკლებობას განიცდიან.

შეიძლება ითქვას, რომ ეს სამი ფილმი ქართული კინოს განსაკუთრებული ნიმუშია. მათ მსოფლიო კინოს ისტორიაშიც ღირსეული ადგილი უკავიათ.

უნდა ითქვას კიდევ ერთ რეჟისორზე, მიხეილ ჭიაურელზე, რომელიც საბჭოთა კინოს განსაკუთრებული ფიგურანტი გახდა. ჭიაურელმა თბილისის სამხატვრო სახელოსნო დაამთავრა, შემდეგ დრეზდენში, ასევე სამხატვრო სახელოსნოში განაგრძო სწავლა. ეცნობოდა გერმანულ თეატრს და კინოს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ხშირად იღებდნენ ფილმებში, მონაწილეობდა ივანე პერესტიანის ფილმში „არსენა ჯორჯიაშვილი“, „სურამის ციხე“ და სხვა ფილმებში. ასევე ერთ-ერთ ფილმზე კოტე მარჯანიშვილს უწევდა ასისტენტობას. მან თავად დადგა ორი ფილმი რუსეთის სამოქალაქო ომის თემაზე „პირველი სერჟანტი სტრეშნოვი“ და „უკანასკნელ საათს“. განსაკუთრებულ მხატვრულ წარმატებას ორ ფილმში „საბა“ და „ხაბარდა მიაღწია. „საბა“ მავნე ჩვევების, ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ მიმართული ფილმი იყო, ხოლო „ხაბარდა“ – წარსულის გადმონაშთების წინააღმდეგ. მიხეილ ჭიაურელმა ეროვნული პლასტიკური ხელოვნების ტრადიციებზე დაყრდნობით, რუსული ესთეტიკისა და ავანგარდული კინოს მიღწევების გათვალისწინებით, ძალიან საინტერესო მხატვრული სამყარო შექმნა. ეს ფილმები არა მათი სააგიტაციო დანიშნულებით, არამედ მათი მხატვრული ფორმით არის მნიშვნელოვანი. განსაკუთებული აღნიშვნის ღირსია მისი ფილმი „უკანასკნელი მასკარადი“. ფილმი დაპირისპირებაზეა აგებული, ნაჩვენებია მუშათა კლასის, რევოლუციური ძალების ბრძოლა მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. ფილმში, საქართველოს დამოუკიდებლობის წლები 1918-1920, რეჟისორს სატირულად აქვს გადმოცემული. არსებობს ეჭვი, რომ სწორედ ამ ფილმის ნახვის შემდეგ გაუჩნდა სტალინს სურვილი, მიხეილ ჭიაურელი კინოში მისი ბიოგრაფი გამხდარიყო. სტალინს ეს ფილმი რვაჯერ ჰქონდა ნანახი და ყოველი ნახვის შემდეგ გარკვეული შენიშვნები შეჰქონდა. განსაკუთრებულ ყურადღებას  წარწერებს აქცევდა, რათა მაყურებლისთვის ფილმის რთული მხატვრული ფორმა გასაგები გამხდარიყო.

სტალინისა და ჭიაურელის ურთიერთობა ცალკე საკითხია და გარკვეულწილად სტალინის კინოსადმი სიყვარულით იყო განპირობებული. პოლიტბიუროს წევრებთან თათბირის შემდეგ, კრემლის კინოდარბაზში ფილმის ნახვა, რიტუალადაც კი ჰქონდა ქცეული. კინემატოგრაფიის სამმართველოს უფროსს ყოველთვის ერჩივნა სტალინს უკვე ნანახი ფილმი ენახა, რადგან არავინ იცოდა ახალ ფილმზე რა რეაქცია ექნებოდა. სტალინს საბჭოთა ხელოვნების ყველაზე მაღალ ნიმუშად ჩაპაევი მიაჩნდა და ყველა ფილმს ჩაპაევს ადარებდა. მისი ურთიერთობა ისეთ დიდ რეჟისორთან როგორიც დოვჟენკო იყო, სწორედ იმიტომ გართულდა, რომ მოელოდა დოვჟენკოს ფილმი „შორსი“ მეორე ჩაპაევი გახდებოდა. ასე რომ არ მოხდა, გაბრაზდა და ურთიერთობაც გაუფუჭდა.

სტალინს მიაჩნდა, რომ აუცილებლად გამოჩნდებოდა კინორეჟისორი, რომელიც კინოში მისი პიროვნების განმადიდებელ ფუნქციას შეასრულებდა. რომელიც მას არა მხოლოდ როგორც პიროვნებას, არამედ როგორც დიდ მოაზროვნესა და ხალხის ბელადს წარმოაჩენდა. იმედი ჰქონდა ასეთი იქნებოდა, იმ პერიოდის ყველაზე ნიჭიერი რეჟისორი, სერგეი ეიზენშტეინი, მაგრამ ეიზენშტეინის და სტალინის ურთიერთობა ხელოვანის და დიქტატორის ურთიერთობის კლასიკურ ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ. სამაგიეროდ სტალინის განდიდების ფუნქცია საკუთარ თავზე მიხეილ ჭიაურელმა აიღო.

30-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კინოში სოციალისტური რეალიზმი უკვე დამკვიდრებული იყო და თანდათან სტალინის სახის მითოლოგიზირება იწყებოდა. მიხეილ რომი, კოზინცევი, იუტკევიჩი, ტრაუბერგი, ზარხი, თავიანთ ფილმებში, რომლებიც რევოლუციურ თემას ეძღვნებოდა, სტალინის სახეს გამოკვეთილად წარმოაჩენდნენ. მიხეილ ჭიაურელმა მთელ ამ პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულა. 1938 წელს „უკანასკნელი მასკარადი“ უკვე გადაღებულია, ფილმში მონაწილეობს მიხეილ გელოვანი, რომელიც მენშევიკი როსეფას როლს ასრულებს. ამ როლში სტალინს იგი ძალიან მოეწონა, თუმცა, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს მსახიობი რამდენიმე წელიწადში მისი სახის უკვდავმყოფი გახდებოდა. მიხეილ გელოვანმა სტალინის როლი სხვადასხვა ფილმი 15-ჯერ შეასრულა. მათ შორის – ჭიაურელის ისეთ ფილმებში, როგორიცაა: „დიადი განთიადი“, „ფიცი“, „ბერლინის დაცემა“, „დაუვიწყარი 1919 წელი“. ჭიაურელის სტალინიანას ციკლი დაიწყო ფილმით „დიადი განთიადი“, სადაც რეჟისორმა რევოლუციის ის პერიოდი ასახა, როდესაც ლენინი და სტალინი საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას ერთად ხელმძღვანელობენ და ერთმანეთის მიმართ დითირამბებს არ იშურებენ, სულ ერთმანეთის ქებაში არიან. სტალინის კრედო იყო, ყველას დაენახა რომ სტალინი, დღევანდელი ლენინია. ფილმში მრავლადაა გაბნეული ისეთი ფრაზები, როგორიცაა სტალინის ფრაზა „მე არასდროს დავუშვებ ვინმემ რაიმე შესწორება შეიტანოს ლენინის ნააზრევში, ლენინი მსოფლიოს ისტორიაში განსაკუთებული პიროვნებაა“. თავის მხრივ, ლენინი სტალინზე ამბობს: “ნეტავ როგორ მიდის პარტიის ერთ-ერთი ყრილობა? თუმცა რა მაქვს სანერვიულო, იქ ხომ ამ საქმეს ისეთი ერთგული მესაჭე უძღვება, როგორიც სტალინია“.

მაგრამ თანდათანობით ლენინმა მეორე პლანზე გადაინაცვლა და როგორც რევოლუციური მოძრაობის ლიდერი, წინა პლანზე უკვე სტალინი გამოდის. ყველაფერ ამაში, რა თქმა უნდა მიხეილ ჭიაურელის როლი გადამწყვეტი იყო. მის შემდეგ ფილმში „ფიცი“, რომელიც ომისშემდგომ პერიოდს ეძღვნება, სტალინი როგორც ბელადი ისეა წარმოჩენილი. მას კონკურენციას ფაქტობრივად არავინ უწევს, რადგან ყველა მეტოქე – ტროცკი, ზინოვიევი, ბუხარინი, ჩამოშორებულნი არიან და სტალინი ერთადერთი ლიდერია, რომელიც საბჭოთა სახელმწიფოს წინ, ახალი სიმაღლეების დასაპყრობად მედგრად მიუძღვება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეოცე საუკუნის დიქტატორებს კინოს მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული ლტოლვა ახასიათებდათ. რა ხდებოდა ამ დროს იტალიაში? ბენიტო მუსოლინი, როგორც ფაშისტური იტალიის ლიდერი, კინოს დიდ ყურადღებას აქცევდა. ცდილობდა კინემატოგრაფისტებთან და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წამომადგენლებთან ახლო ურთიერთობა ჰქონოდა. 1932 წელს, სწორედ მისი და მისი შვილის თაოსნობით ევროპაში პირველი კინოფესტივალი, ვენეციის კინოფესტივალი დაარსდა. ამერიკის კინოაკადემია  გამარჯვებულებს ოსკარს უკვე 1927 წლიდან გადასცემდა. ევროპაშიც სურდათ დიდი საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება, რასაც მუსოლინიმ შეასხა ხორცი. თუმცა, დროთა განმავლობაში, ფაშისტურ გერმანიასთან დაახლოებულმა იტალიამ ვენეციის კინოფესტივალი თანდათანობით გერმანული და იტალიური ფილმების წარმატების მოსაპოვებელ ადგილად გადააქცია. ძირითად იმ ფილმებს აჯილდოებდნენ, რითიც თავად მუსოლინი იყო კმაყოფილი. ეს დემოკრატიული ქვეყნების დიდ გაღიზიანებას იწვევდა და მალე გაჩნდა იდეა, საფრანგეთშიც ჩატარებულიყო საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც ვენეციის კინოფესტივალს მეტოქეობას გაუწევდა. ფესტივალის ჩატარება დაიგეგმა, მსოფლიო პრესა ინფორმაციით აჭრელდა, თუმცა უკვე აშკარა იყო, რომ გერმანია პოლონეთზე თავდასხმას აქტიურად გეგმავდა. ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია პოლონეთს თავს დაესხა და კანში კინოფესტივალის ჩატარების პროცესი, რა თქმა უნდა, შეწყდა.

1935 წელს სტალინის ბრძანებით მოსკოვში საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდა. ჟიურის სერგეი ეიზენშტეინი ხელმძღვანელობდა. სტალინს სურდა სხვადასხვა სფეროში საბჭოთა კავშირის მიღწევები ფართოდ წარმოეჩინა. კინო პროპაგანდისა და აგიტაციის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა და უნდოდა საბჭოთა ქვეყნის წარმატება ბევრ უცხოელს ენახა. 1935 წლის შემდეგ, რა თქმა უნდა, კინოფესტივალი აღარ ჩატარებულა, ქვეყანაში ისეთი ტერორი დამყარდა, კინოსთვის არავის ეცალა. მოსკოვში საერთაშორისო კინოფესტივალის ჩატარება მხოლოდ 1959 წელს განახლდა.

რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, სოციალისტური რეალიზმის მეთოდმა, გაუთავებელმა ბრალდებებმა ხალხის მტრობაში, ფორმალიზმში, კოსმოპოლიტიზმში, ის ნოვატორული ძიებები, რომლებიც ქართულ კინოში შეიმჩნეოდა, თანდათან მიანელა და ადგილი დაუთმო საბჭოთა ყოფის და კოლმეურნეობის თემის ამსახველ ფილმებს.

უნდა ვახსენოთ მიხეილ ჭიაურელის „გიორგი სააკაძე“. ფილმი 1942-1943 წლებშია გადაღებული და საინტერესოა თუ როგორ მიუდგა სტალინი ამ ფილმის გადაღებას. ბელადი კრემლის პირველი ცენზორი იყო. პირველად თავად ნახულობდა ფილმებს და წყვეტდა უნდა გასულიყო ეკრანებზე თუ არა. თვლიდა, რომ რადგან კინოწარმოებაზე მთავრობის ფული იხარჯებოდა, მთავრობა ვალდებული იყო გაეკონტროლებინა რა ნაწარმოებებს სთავაზობდა მაყურებელს საბჭოთა კინემატოგრაფი. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სამოქალაქო ომის თემაზე შექმნილი ფილმების გარდა, სტალინის მხარდაჭერით ჯაზური კომედიებიც სარგებლობდა. მას ძალიან მოსწონდა გრიგორი ალექსანდროვის ფილმები „მხიარული ახალგაზრდობა“ და  „ვოლგა-ვოლგა“. ამ ფილმებს ხშირად უცხოურ დელეგაციებსაც სიამაყით აჩვენებდა. მოსკოვში აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლები, იცოდნენ რა სტალინის კინოსადმი (განსაკუთრებით მუსიკალური ფილმების და ჯაზური კომედიების) სიყვარულის შესახებ, კრემლში ფილმებს ხშირად აგზავნიდნენ. სწორედ სტალინმა ბრძანა ისეთი დანადგარი შეექმნათ, რომელსაც ფილმის ჩვენების დროს მისი კოპირება შეეძლებოდა. ფილმების “პირატული” ასლების დამზადება ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, სტალინის მითითებით ხორციელდებოდა. ომის შემდეგ ნადავლის სახით ჩამოტანილი ფილმები მისი დიდი მოწონებით სარგებლობდა.

როდესაც სტალინს ორი სცენარი მიუტანეს, ერთი – გიორგი ლეონიძის, მეორე – ანტონოვსკაიას და ჩერნის, სტალინმა ანტონოვსკაიას სცენარი მოიწონა, თუმცა მიუთითა, რომ ფილმის ფინალური ეპიზოდი არ შეიძლებოდა ქართული ჯარის გამარჯვებით დამთავრებულიყო, რადგან მისი ღრმა რწმენით, საქართველომ ყველა წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწია, როდესაც ქართველ ხალხს მოძმე რუსი ხალხი გვერდით ამოუდგა. საბოლოო ჯამში შეიქმნა ფილმი, რომელშიც ჭიაურელის ეპიკური მიდგომა კინოსადმი, მისი ლტოლვა მასშტაბურობისა და დეკორატიულობისადმი მთელი დიდებულებით გამოჩნდა.

30-იან წლებში შეიქმნა რამდენიმე საინტერესო ფილმი, პირველ რიგში ეს გახლავთ დავით რონდელის „დაკარგული სამოთხე“ რომელსაც სამხატვრო ხელმძღვანელობა გაუწიეს დავით კაკაბაძემ და ქრისტეფორე ლებანიძემ.

შეიქმნა რამდენიმე კომედიაც, „ჟუჟუნას მზითევი“, „ნახვამდის“. სამწუხაროდ სოციალისტური რეალიზმის და კინოში დამკვიდრებული ანტიფორმალისტური, ანტიკოსმოპოლიტური ტენდენციების გამო ქართველ კინემატოგრაფისტებს შემოქმედებითი ძიებები და ნოვაციები აღარ ჰქონიათ და 30-იანი წლები ძალიან მწირი გამოდგა როგორც რაოდენობრივად ასევე ხარისხობრივად ქართული კინოსთვის.

ექსპერტი

არჩილ შუბაშვილი

გადმოწერე აუდიო ვერსია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

1910-1950-იანი წლების ქართული ხელოვნება

ლექციები

კინო და თეატრი

ლექციები

21-ე საუკუნის ქართული კინო

ლექციები

კინომუსიკა

ლექციები