ფილმები

12 გაკვეთილი (2019)

სინოფსისი

იქ, სადაც მთავარი საფიქრალი მავნებელი მწერი ფაროსანაა, რომელიც სოფლის მოსავალს განადგურებით ემუქრება, ბაბუა-შვილიშვილს დამოუკიდებლად ცხოვრებას ასწავლის. დოკუმენტურ ფილმში “12 გაკვეთილი” ორი ადამიანის ემოციური, გულწრფელი და მრავლისმთქმელი ურთიერთობაა ასახული.

21-ე საუკუნე, თანამედროვე საქართველო.

  • თორმეტი გაკვეთილი ორგანიზაცია „მაკ ჯორჯიას“ და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
  • ვალერიან კოტრიკაძე და მისი შვილიშვილი ვაკო, დედაქალაქიდან 300 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ბუკნარში ცხოვრობენ, როგორ და რა ფორმით ასახავს რეჟისორი საქართველოს პერიფერიულ რეალობას? რამდენად მიმზიდველია ის?
  • ვაკოს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, რამდენად ძნელია ასეთი მოზარდებისთვის დღეს თავის დამკვიდრება სოციუმში, რა სირთულეების წინაშე დგებიან ისინი ინსტიტუციონალურ დონეზე პატარა ასაკიდან: საბავშო ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი?
  • როგორი ადამიანია ბაბუა ვალერიანი, რომელიც ყოფილი სამხედროა და რომლისთვისაც წესრიგი ყოველდღიურობის არსებითი ფორმაა?
  • ბაბუას მიზანია შვილიშვილს დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებაში დაეხმაროს, ასწავლოს ხელობა, რომ ზრდასრულ ასაკში საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი გახდეს. რა მეთოდებითა და ხერხებით ცდილობს ამ ყველაფრის განხორციელებას?
  • რას უნდა ნიშნავდეს ფილმის ფინალი? თქვენი აზრით, რისი გამომხატველია ფინალური სცენა – თოკებით შებმული შვილიშვილი ბაბუას წყალში შეჰყავს.
  • თქვენი აზრით, რატომ ჰქვია ფილმს „12 გაკვეთილი“?

დაწერე ფილმის შესახებ
ეპოქალური კონტექსტების და დისკუსიის შედეგად გამოკვეთილი საკითხების გათვალისწინებით, ფილმზე წერის დროს აქცენტი გააკეთეთ რეჟისორის მხატვრულ ჩანაფიქრზე. ის, კონკრეტული ოჯახის ისტორიას, ქართულ სოციუმის მაგალითზე განაზოგადებს. მოხუცი ბაბუა შვილიშვილის აღზრდას საკუთარი მეთოდებით ცდილობს, ის კამერის პირისპირ გულწრფელად ყვება თავის განცდებს. ფილმზე წერის პროცესში აქცენტი გააკეთეთ ბაბუას და შვილიშვილის პერსონაჟებზე და მათ მჭიდრო კავშირზე. რამდენად აკეთებს რეჟისორი აქცენტს ფილმში სხვა პერსონაჟებზე. ფილმის მთავარი გმირი გოგონა, რომ ყოფილიყო, იგივე მოცემულობით (აუტისტური სპექტრი) შეიცვლებოდა თუ არა ბაბუის დამოკიდებულება. ეცადეთ ფილმში წამოჭრილი საკითხი, თანამედროვე საქართველოში, ცენტრსა თუ პერიფერიაში არსებულ რეალურ ვითარებაზე განაზოგადოთ.

ინდივიდუალური მუშაობისთვის
დოკუმენტურ ფილმში „12 გაკვეთილი“ ბაბუას და შვილიშვილის ურთიერთობაა ასახული.მოიძიეთ ქართული და მსოფლიო კინემატოგრაფიდან მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმები სადაც აუტისტური სპექტრის სინდრომის მქონე ადამიანების ისტორიებია ასახული.

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად შეგიძლიათ გამოიყენოთ სამოქალაქო განათლების სასწავლო მოდულში.

ჯგუფური მუშაობის დროს განიხილეთ ფილმი ადამიანის უფლებების კონტექსტში. როდის და რა ფორმით ირღვევა ვაკოს მსგავსი ადამიანების უფლებები ჩვენს საზოგადოებაში. პერიფერიული რეალობის ფონზე ბაბუას და შვილიშვილის ურთიერთობის 12 ნოველაა წარმოდგენილი, ცხოვრების 12 გაკვეთილით. იფიქრეთ, რატომ ხდება ფილმში ფაროსანას მწერზე აქცენტირება? რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს.

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას. მაკლეინის ასოციაციის (MAC GEORGIA) ანგარიშების და განხორციელებული პროექტების საშუალებით, წარმოადგინეთ სტატისტიკა, თუ რა სასიკეთო ცვლილებები განხორციელდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მიმართებით.

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიისა და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებსა და ბავშვებზე, სირთულეებზე და გამოწვევებზე რაც მათ საზოგადოებაში ხვდებათ.

ტრეილერი

Play Video

გადმოწერე სასწავლო რესურსი

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

ახალი დროება (1936)

ფილმები

გვირაბი (2019)

ფილმები

ბასკია (1996)

ფილმები

1917 (2019)

ფილმები