ფილმები

სხვების ცხოვრება (2006)

სინოფსისი

1984 წელს აღმოსავლეთ ბერლინში, საიდუმლო პოლიციის – „შტაზის“ წევრები კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აკონტროლებენ. კაპიტან გერდ ვისლერს, დრამატურგ გეორგ დრაიმანის თვალთვალი ევალება. ყველასთვის მოულოდნელად „შტაზის“ ოფიცერი დისიდენტი მწერლის „მხარდამჭერი“ ხდება.

მე-20 საუკუნე, 1980-იანი წლების გერმანია.

  • 1945 წელს გერმანია მეორე მსოფლიო ომში დამარცხდა. მსოფლიოში ახალი ეპოქა დაიწყო – „ცივი ომი“. ამ ყველაფრის შედეგად, 1947 წელს გერმანია ორ ნაწილად გაიყო. აღმოსავლეთ ნაწილი – გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (1949-1990) და დასავლეთ ნაწილი – გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა (1949-1990).
  • გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველობის სტრუქტურა შეიმუშავა ულბრიხტის ჯგუფმა, რომელსაც სტალინი უჭერდა მხარს. 1952 წლიდან 1989 წლამდე გდრ. „სოციალისტური მუშათა და გლეხთა სახელმწიფო“ გახდა.
  • 1961 წელს ბერლინის კედელი აშენდა, რომელიც დედაქალაქს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად hყოფდა. მისი საერთო სიგრძე 155 კმ იყო. ცივი ომის ერთგვარი სიმბოლო, 1989 წლის 9 ნოემბერს დაინგრა. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მას „ანტიფაშისტურ თავდაცვით კედელს“ უწოდებდნენ, ხოლო დასავლეთში 1960-იანი წლების ბოლომდე ვილი ბრანდტის ტერმინს იყენებდნენ „სამარცხვინო კედელი“.
  • ვილი ბრანდტი-გერმანელი პოლიტიკოსი, ბუნდესკანცლერი 1969-1974 წლებში სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 1971 წელს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.
  • ერიხ ჰონეკერი-გერმანელი კომუნისტი პოლიტიკოსი. 1937 წელს ფაშისტებმა დააპატიმრეს და ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 1945 წელს საბჭოთა არმიამ გაათავისუფლა.
  • დასავლეთ გერმანია ნატოს წევრი, ევროკავშირის დამფუძნებელი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იყო. აღმოსავლეთ გერმანია საბჭოთა სოციალისტურ ქვეყანას წარმოადგენდა. 1988 წელს “პერესტროიკის” შედეგად საბჭოთა კავშირი დაინგრა. 1989 წელს ევროპაში ხავერდოვანი რევოლუციების ტალღა იწყება, სოციალისტური ბლოკი დაინგრა და გერმანია გაერთიანდა.
  • The Wall (კედელი) პინკ ფლოიდის (ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფი) მუსიკალური ალბომის სახელწოდებაა. The Wall-ის, როკ-ოპერის კონცეფცია პიროვნების საზოგადოებისგან იზოლაცია და საკუთარი იდენტობის პოვნაა. სიმღერებში მთავარი გმირის პინკის ისტორია ქრონოლოგიურად არის გადმოცემული: მამა მეორე მსოფლიო ომში იღუპება, დედა გადამეტებულად მზრუნველია. სკოლის მკაცრი მასწავლებლის უხეში მოპყრობა პინკის ცხოვრებას უფრო ამძიმებს. ყველა ახალი მოვლენა „კიდევ ერთი აგურია კედელში“. საბოლოოდ მთავარი გმირი კედელს ანგრევს და ტოვებს არასასურველ სამყაროს. აღნიშნული, მუსიკალური ალბომი ბერლინის კედლის დანგრევის დროს (1989) “ხელახლა დაიბადა”.
  • ფილმში მოქმედება 1984 წელს, აღმოსავლეთ გერმანიაში ხდება. გერმანელი დრამატურგი, გეორგ დრაიმანი პოპულარული და პოლიტიკურ ელიტაში მიღებული პერსონაა. მოულოდნელად მისი პერსონით საიდუმლო პოლიცია ინტერესდება. რა არის ამის მიზეზი?
  • როგორია ფილმის დასაწყისში საიდუმლო პოლიციის წარმომადგენლის, კაპიტან ვისლერის პერსონა? როდის და რა ფორმით ხდება მასში გარდატეხა?
  • კაპიტანი ვისლერი, რომელიც „სხვების ცხოვრებით“ ცხოვრობს, მისთვისვე მოულოდნელად, თავად ხდება თითქმის უცნობი ადამიანების პირადი ტრაგიზმის, სიხარულის, ტკივილის მოწმე და თანაზიარი. რა მხატვრული ხერხებით გადმოსცემს რეჟისორი ამ ყოველივეს ფილმში?
  • როგორია გეორგ დრაიმანის მეგობარი მწერლების დამოკიდებულება სისტემის მიმართ, რა ფორმით ცდილობენ ისინი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას?
  • ფილმის რომელი ეპიზოდებიდან ვლინდება რადიკალური სხვაობა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას (ბერლინს) შორის?
  • რატომ ცდილობს საიდუმლო პოლიცია გერმანელი დრამატურგის მეგობარ ქალზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას?
  • “დინების საწინააღმდეგოდ“ ცურვა საინტერესოა, მაგრამ სახიფათო – ამ პრინციპით ცხოვრობენ გერმანელი დისიდენტები. მათი ადამიანური ვნებები, დილემები, სირთულეები, ბრძოლა გადარჩენისთვის, გართობა და წვეულებები… ვისლერისთვის სულ სხვა სამყარო აღმოჩნდა. თქვენი აზრით, რამდენად იმოქმედა ამ ყოველივემ მის გადაწყვეტილებაზე („ეღალატა“ საიდუმლო პოლიციისთვის და რეჟიმის მოწინააღმდეგე ადამიანებისთვის დაეჭირა მხარი)?
  • რატომ მიუძღვნა გეორგ დრაიმანმა წიგნი „შტაზის“ კაპიტანს, როგორია ფილმის ფინალი? თქვენი აზრით, რისი თქმა სურდა რეჟისორს ამით?

დაწერე ფილმის შესახებ
დონერსმარკის ფილმი ზუსტად აღწერს გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ რეალობას 1980-იანი წლების პირველ ნახევარში. დისიდენტი მწერლები, საიდუმლო პოლიციის წარმომადგენლები, უკანონო მიყურადება და თვალთვალი – ეს ყოველივე მაშინ არსებული პოლიტიკური რეჟიმის გავრცელებული პრაქტიკა გახლდათ. ფილმზე წერის დროს ეპოქალური კონტექსტების გათვალისწინების გარდა, აქცენტი გააკეთეთ თავად პერსონაჟებზეც, როგორია ფილმის დასაწყისში კაპიტანი ვისლერი, რატომ ეცვლება დამოკიდებულება დრაიმანის მიმართ. ამას გარდა, გააანალიზეთ, რატომ ხდება მწერლის პროფესია, პოლიტიკური მმართველობის სხვადასხვა ფორმის დროს ყველაზე „დიდი საფრთხე“, რა შეუძლია ლიტერატურას, ამ შემთხვევაში კი დრამატურგიასა და თეატრს.

ინდივიდუალური მუშაობისთვის
ტოტალიტარიზმი პოლიტიკური მმართველობის ფორმაა, სადაც სახელმწიფოს ადამიანთა ცხოვრების ყველა ასპექტზე აბსოლუტური კონტროლი აქვს. მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია თუ რომელ ქვეყნებში გამოვლინდა ტოტალიტარიზმი (ავტორიტარიზმი) უკიდურესი ფორმით. გირჩევთ გაეცნოთ ინგლისელი მწერლის, ჯორჯ ორუელის ლიტერატურულ ნაწარმოებებს „1984“ და „ცხოველების ფერმა“.

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ეს ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისტორიის და სამოქალაქო განათლების სასწავლო მოდულში.

აღმოსავლეთ გერმანიაში და ზოგადად საბჭოთა კავშირში,  მოქალაქეთა უკანონო თვალთვალი და მიყურადება სისტემის გავრცელებული პრაქტიკა გახლდათ. ჯგუფში მუშაობისას, იმსჯელეთ, რა ალტერნატივები გააჩნდათ ასეთ ვითარებაში მოქალაქეებს და რა მექანიზმებით მართავდა სისტემა მათ. იმსჯელეთ, როგორი იყო 1980-იან წლებში ქართული რეალობა. გაიხსენეთ „თვითმფრინავის ბიჭების“ ამბავი, თქვენი აზრით რა იყო მათი ქმედების მთავარი მოტივი.

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას: ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ როგორ შეიცვალა გერმანელი ხალხის ცხოვრება, განვითარების რა გზა განვლეს 1989 წლიდან-დღემდე. ეცადეთ მასალა წარმოადგინოთ ყველა მიმართულებით: პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური ფონი, კულტურა, განათლება.

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის შემდგომი დისკუსიის და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება 1980-იანი წლების გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაზე.

ტრეილერი

Play Video

გადმოწერე სასწავლო რესურსი

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

გრძელი ნათელი დღეები (2013)

ფილმები

400 დარტყმა (1959)

ფილმები

სასტუმრო ტრანსილვანია (2012)

ფილმები

ნუ მოკლავ ჯაფარას (1962)

ფილმები