ფილმები

გრძელი ნათელი დღეები (2013)

სინოფსისი

ორი თინეიჯერი გოგონას მეგობრობის ისტორია, 1990-იანი წლების საქართველოს მძიმე პოლიტიკური მოვლენების ფონზე ვითარდება. უსამართლობის და ძალადობის კვალდაკვალ, ისინი საკუთარი თავის გადარჩენასა და ერთმანეთის დახმარებას ცდილობენ.

მე-20 საუკუნე, 1990-იანი წლების საქართველო.

  • რუსეთის რევოლუციის შემდგომ (1917) შეიქმნა საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921), რომელიც მალევე ბოლშევიკური რეჟიმის მსხვერპლი გახდა – 1922 წელს საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს კვლავ მოიპოვა.
  • 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა პირველი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები. გამარჯვება მოიპოვა ბლოკმა/პარტიამ: „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით.1991 წლის 31 მარტს საქართველოშ ჩატარდა სახალხო რეფერენდუმი, კითხვაზე: “გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“ დადებითი პასუხი გასცა მოსახლეობის 98 %-მა. რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“.
  • 1991 წლის 26 მაისის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ. 1991 წელს თბილისში დაიწყო სამხედრო გადატრიალება, 1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტმა გამსახურდიამ საქართველო დატოვა. ხელისუფლების სათავეში მოვიდა სამხედრო საბჭო, ქვეყნის პრეზიდენტი გახდა ედუარდ შევარდნაძე.
  • საბჭოთა ეპოქის დასრულებისას, დამოუკიდებლობის მოპოვება ქვეყანამ მძიმედ გადაიტანა. საქართველო თვითგამორკვევას, თვითიდენტიფიკაციას, დამოუკიდებლობის “გააზრებას” მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარების ფონზე ცდილობდა.
  • ფილმში მოქმედება 1990-იანი წლების საქართველოში, კერძოდ თბილისში ვითარდება. რეჟისორი და სცენარის ავტორი ნანა ექვთიმიშვილი “გრძელ ნათელ დღეებში” ავტობიოგრაფიულ პასაჟებს ასახავს, ფილმში მისი ბავშვობის პერიოდის რეალური ისტორიები და მოვლენებია ასახული.
  • “გრძელი ნათელი დღეების” მსოფლიო პრემიერა 2013 წელს, ბერლინის 63-ე კინოფესტივალზე შედგა და საავტორო კინოს საერთაშორისო ასიციაციის პრიზით აღინიშნა. იმავე წელს საქართველომ „გრძელი ნათელი დღეები“, ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის წარადგინა.
  • ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმს ბერლინის კინოფესტივალზე ქართული კინო ახალი ტალღა უწოდეს. კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანება FIPRESCI-მა კი ქართული კინემატოგრაფის ხელახლა აღორძინების ნიმუში.
  • ქვეყანაში არსებული, 1990-იანი წლების საქართველოს მძიმე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ფონი რა ფორმით და გზებით აქვს რეჟისორს ასახული ფილმში?
  • გრძელ ნათელ დღეებში“ 1990-იანი წლების თბილისია ასახული, რამდენად შეგვიძლია ფილმში ასახული მოვლენები ზოგადად ქვეყნის იმდროინდელ ვითარებასთან გავაიგივოთ?
  • ძალადობა, შიში, უსამართლობის დაუსრულებელი ჯაჭვი ყველა ინსტიტუციაში დომინირებს, იქნება ეს ოჯახი, სკოლა-საკლასო ოთახი, პურის რიგი თუ ქუჩა – სივრცე, რომელიც 1990-იანი წლების საქართველოში, თბილისში სოციალიზაციის უპირობო ალტერნატივას წარმოადგენდა. სად და რა ფორმით იმკვიდრებენ ახალგაზრდები თავს ზემოთ ჩამოთვლილ ინსტიტუციებში?
  • ნათია, ლოთი და მოძალადე მამის, დაჩაგრული დედის, უმცროსი ძმის და ბებიის რთულ გარემოცვაში ცხოვრობს, მაშინ როცა ეკა, უფროს დასთან და მარტო დარჩენილ დედასთან „ჩუმ კონფლიქტშია“. რამდენად შეგვიძლია ჩავთვალოთ მათი მეგობრობა თვითგადარჩენის საშუალებად?
  • ეკას და კოპლას დაძაბული ურთიერთობა აქვთ, მცირეწლოვანი ბიჭი ეკას მიმართ აგრესიულადაა განწყობილი. ნათია ეკას იარაღს აძლევს აგრესორისგან თავის დასაცავად, ეკა მეგობრის ამ „საჩუქარს“ ისევ “მტრის” დასაცავად იყენებს! თქვენი აზრით რატომ იქცევა გოგონა ასე? რამდენად ჩანს ფილმის სიუჟეტში კოპლას და ეკას ფარული დაპისპირების რეალური მიზეზი?
  • თინეიჯერი გოგონა, ნათია, იმ ადამიანს ცოლი ხდება, რომელიც არ უყვარს და შეიძლება ითქვას, კარგად არც იცნობს. მიუხედავად ამისა, მშობლები ქორწილს იხდიან, სადაც ყველა ბედნიერია ეკას გარდა. რისი გამომხატველია, მეგობრის ქორწილში, ეკას მიერ შესრულებული ცეკვა“?
  • იფიქრეთ, ფილმის სახელწოდებაზე, რატომ ჰქვია ფილმს „გრძელი ნათელი დღეები“?
  • შეიცვლებოდა თუ არა ფილმის საერთო დრამატურგიული განვითარება, ავტორისეული აქცენტები ფილმის მთავარი პერსონაჟები გოგონების ნაცვლად, ბიჭები რომ ყოფილიყვნენ?

დაწერე ფილმის შესახებ
ეპოქალური კონტექსტების და დისკუსიის შედეგად გამოკვეთილი საკითხების გათვალისწინებით, ფილმზე წერის დროს აქცენტი გააკეთეთ საზოგადოებაში არსებულ ზოგად განწყობასა და სოციალურ ფონზე. რა რეალობაში უწევთ თინეიჯერ გოგონებს თავის დამკვიდრება მაშინ, როცა ძალა და ძალაუფლება მამაკაცების ხელშია! რამდენად რთულია 1990-იან წლების საქართველოში, პატრიარქალურ კულტურასა და საზოგადოებაში ქალისთვის თავისუფალი ნების გამოხატვა ან თუნდაც ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნება? შურისძიების ნაცვლად, გოგონები იარაღს, ძალადობისა და მასკულინური საზოგადოების ერთგვარ სიმბოლოს, წყალში აგდებენ. დაფიქრდით, რისი გამომხატველი შეიძლება იყოს ეს ჟესტი. რამდენად ითვალისწინებს პატრიარქალური საზოგადოება ქალის სურვილსა და აზრს? ფილმის რომელ ეპიზოდებშია ზემოთჩამოთვლილი საკითხები ასახული? შეეცადეთ პარალელები ევროპულ კინოსთან გაავლოთ: ევროპულ ქვეყნებში, სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, როგორ განვითარდა ადამიანების, ქალების ცხოვრება. გირჩევთ ნახოთ რუმინელი რეჟისორის კრისტიან მუნჯიუს ფილმი „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“.

ინდივიდუალური მუშაობისთვის
ფილმის პერსონაჟი, 14 წლის გოგონა, ფაქტობრივად უცნობი მამაკაცის ცოლი ხდება. მისი დასრულებული ბავშვობა, ოჯახის, მშობლებისა და საზოგადოებისთვის ჩვეულებრივი მოვლენა და ნორმაა და პროტესტი თითქოს არავის უჩნდება. ეპოქალური, კულტურული კონტექსტების გათვალისწინებთ იფიქრეთ, ნაადრევი ქორწინების კონტექსტში რომელი ქვეყნის კულტურებთან დგას საქართველო ახლოს. რა პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა გენდერული მუშაობის თვალსაზრით ინსტიტუციურ დონეზე ბოლო პერიოდის საქართველოში.

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ეს ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ისტორიის და სამოქალაქო განათლების სასწავლო მოდულში.

ძალადობა, შიში, უსამართლობა ყველა ინსტიტუციის შემადგენელი ნაწილია, იქნება ეს ოჯახი, სკოლა-საკლასო ოთახი, პურის რიგი, ქუჩა… მოზარდი გოგონები თინეიჯერები არიან, ეს ის ასაკია, როცა მშობელთან ურთიერთობა თავისებურ სირთულეებს იძენს. მშობლები შვილებს ხშირად არ უსმენენ, შვილისთვის მშობელი ავტორიტეტის როლს კარგავს! ოჯახური კონფლიქტი ფილმში, ქვეყანაში არსებული სამოქალაქო დაპირისპირების ერთგვარი ალუზიაა, ძალადობის და განუკითხაობის კასკადი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ფონს ასახავს. ჯგუფური მუშაობის დროს იფიქრეთ და იმსჯელეთ, რატომ დადგა ქვეყანა 1990-იან წლებში ამგვარი მძიმე ვითარების წინაშე, როგორი იყო დამოუკიდებლობასთან ერთად მიღებული მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობა?

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორი შეიცვალა მასში შემავალი ქვეყნების ბედი, როგორი იყო მათი განვითარების გზა 1990-იანი წლებიდან დღემდე. ეცადეთ მასალა წარმოადგინოთ ყველა მიმართულებით: პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური ფონი, კულტურა, განათლება.

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიის და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება 1990-იან წლების საქართველოში არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ ფონზე. მოზარდების და ახალი თაობის როლზე ამ რთულ პროცესში.

ტრეილერი

Play Video

გადმოწერე სასწავლო რესურსი

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

ფანჯარა ეზოს მხარეს (1954)

ფილმები

1917 (2019)

ფილმები

ბაჭია ჯოჯო (2019)

ფილმები

ჰიუგო (2011)

ფილმები