ფილმები

გოიას ლანდები (2006)

სინოფსისი

ფილმში ასახულია ესპანელი მხატვრის ფრანცისკო გოიას ცხოვრება და შემოქმედება, მისი ურთიერთობა მდიდარი ვაჭრის ქალიშვილთან, რომელსაც ესპანური ინკვიზიცია ერეტიკოსად შერაცხავს.

მე-18 საუკუნე, ესპანეთი.

  • ესპანელი ფერმწერი, გრაფიკოსი და გრავიორი ფრანცისკო ხოსე დე გოია -ი ლუსიენტესი (1746-1828) სარაგოსაში დაიბადა, მოზარდობის ასაკში სახელოსნოში შეგირდად მუშაობდა. 1766 წელს ის მადრიდში ჩადის, სადაც სამეფო კარის მხატვრების ნამუშევრებს ეცნობა. მადრიდის სამხატვრო აკადემიის კონკურში მისი ნამუშევრები დაიწუნეს, რის გამოც სან ფერნანდოს ხელოვნების სამეფო აკადემიაში ვერ მოხვდა.
  • მე-18 საუკუნის 70-იან წლებში ის იტალიაში მიემგზავრება, პარმაში კონკურსში წარმატებით მონაწილეობს ნახატით „ჰანიბალი ალპებიდან დასქცერის იტალიას“.
  • 1780 წელს, გოია ხატავს „ჯვარცმას“ და სამეფო აკადემიის წევრი ხდება. 1788-1808 წლებში ის ესპანეთის სამეფო კარზე კარლოს III ისა და კარლოს IV-ის კარის მხატვარი ხდება.
  • მე-18 საუკუნეში, საფრანგეთის რევოლუციით შეშინებულმა კარლოს IV-ემ ესპანეთში განაახლა ინკვიზიცია და ფრანგული ლიტერატურის გავრცელება აკრძალა. ამ პერიოდში გოიამ ესპანელი ხალხისთვის გრაფიკული ნამუშევრები შექმნა – 80 ოფორტისგან შემდგარი ე.წ. კაპრიჩოს სერია (Los Caprichos).
  • ინკვიზიცია კათოლიკური ეკლესიის ტრიბუნალია, სასამართლო და სამსჯავრო, რომელიც ჯერ კიდევ შუა საუკუნეში შეიქმნა ერესთან ბრძოლაში. ინკვიზიცია აერთიანებდა საგამოძიებო და სასამართლო ხელისუფლებას. ის გამიჯნული იყო ხელისუფლებისგან. ინკვიზიციამ განსაკუთრებით სასტიკი ფორმა ესპანეთში მიიღო და გამოიყენებოდა როგორც კონტრრეფორმაციის იარაღი.
  • რომანტიზმი, როგორც მხატვრული მიმდინარეობა ხელოვნებაში მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-19 საუკუნის პირველ ათწლეულში გავრცელდა. მისთვის დამახასიათებელია პიროვნების ინტერესების და გრძნობების გამოხატვა, რეალობისგან გამიჯვნა, ინდივიდუალიზმი, ხშირად რომანტიკოსი მხატვრები (კასპარ დავიდ ფრიდრიხი, ეჟენ დელაკრუა, თეოდორ ჟერიკო) ისტორიულ, ბიბლიურ, მითოლოგიურ თემებს იყენებდნენ. ფრანცისკო გოგია ევროპული (ესპანური) რომანტიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.
  • ესპანეთი მე-18 საუკუნეში ძველ დიდებას თანდათანობით კარგავდა, სამხედრო ძლიერება სუსტდებოდა. მისი მიწები საფრანგეთის, ბრიტანეთის და ავსტრიის სურვილის ობიექტად იქცა. ისტორიაში ცნობილი ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის ფილიპე V-ის ხელისუფლების დამყარებით დასრულდა. ესპანეთის ევროპული მიწები ასე გადანაწილდა: ავსტრიელმა ბურბონებმა მიიღეს ესპანეთის მიწები ჰოლანდიასა და იტალიაში, ბრიტანეთმა-გიბრალტარი და მენორკა, ჩრდილო-ამერიკული სამფლობელოები კი საფრანგეთს ჰხვდა წილად.
  • მე-19 საუკუნეში ესპანეთში 5 დაუსრულებელი რევოლუცია მოხდა: 1808-1814, 1820-1823, 1834-1843, 1854-1856, 1868-1874. ქვეყანა პოლიტიკურად დასუსტდა და ეკონომიკურ რეგრესს განიცდიდა.
  • 1808 წელს ნაპოლეონმა ესპანეთი დაიპყრო და ტახტზე თავის ძმა, ჟოზეფი, აიყვანა. პირველ ეტაპზე ესპანელები სიხარულით შეხვდნენ თანასწორობის, ძმობის, თავისუფლების იდეებს, მაგრამ შემდეგ წინ აღუდგნენ ფრანგების მიერ ესპანეთის სამეფო ოჯახის განადგურებას. ამას მოჰყვა მასობრივი დაპატიმრება, ბრძოლა ქალაქის ქუჩებში… ათასობით ადამიანი შეყარეს მონასტერში და 3 მაისს გამთენიისას დახვრიტეს, აღნიშნული ისტორიული მოვლენა, ფრანცისკო გოიამ თავის ცნობილ ფერწერულ ტილოში ასახა. თავად ავტორი კითხვაზე, თუ რატომ დახატა ეს ყოველივე, პასუხობდა: „რომ გავაფრთხილო ადამიანები, ასე აღარასოდეს მოიქცნენ !“. 1812 წელს ინგლისელთა დახმარებით ესპანეთი გათავისუფლდა ნაპოლეონის რეჟიმისგან.
  • 1815 წელს გოია ინკვიზიციის წინაშე წარდგა, მას შიშველი ქალის სხეულის ტილოზე ასახვაში („შიშველი მახა“) ბრალი დასდეს, მხატვარი გაასამართლეს და მადრიდიდან გააძევეს. ამბობენ, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში, საცხოვრებელი სახლის კედლები ე.წ. „შავი ნახატების“ კოშმარული სერიით მოხატა.
  • ფრანცისკო გოია აღიარებული და მიღებული მხატვარია როგორც სამეფო კარზე ისე ეკლესიაში. მართალია სასულიერო პირები მის გრავიურებს არ ცნობენ და აკრიტიკებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ის ორივე ძალასთან (ეკლესია, სამეფო ოჯახი) ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას, თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი?
  • მილოშ ფორმანი „ამადეუსში“ ორი ადამიანის, მოცარტის და სალიერის, ჩუმ დაპირისპირებას გვაცნობს. „გოიას ლანდებში“, რომელი ორი პერსონაჟი შეგვიძლია მივიჩნიოთ ასეთ დიქოტომიურ წყვილად (დიქოტომია-მთელის გაყოფა ორად)?
  • ესპანური ინკვიზიცია ევროპაში სისასტიკით და მკაცრი კანონებით გამოირჩეოდა. როგორ წარმოაჩენს ფორმანი ესპანელ სასულიერო პირებს, რამდენად დარწმუნებულები არიან ისინი საკუთარ მოძღვრებაში? ღმერთის სახელით ჩადენილი ბოროტება გამართლებულია?
  • ერეტიკოსობა მძიმე სასჯელია, იმდენად, რომ თავად ესპანეთის მეფის შუამდგომლობაც ვერ გადაარჩენს უდანაშაულო გოგონას, რომელმაც წამების შედეგად მისი ებრაული წარმომავლობა აღიარა. ერთ-ერთი სასულიერო პირი ასეთ ფრაზასაც კი ამბობს: „წამებით მიღებული აღიარების მართებულობის ჭეშმარიტება, ეჭვქვეშ დადგება თუკი ჩვენ მას გავათავისუფლებთ“, რას ნიშნავს ეს ფრაზა თქვენთვის, რამდენად დარწმუნებულია ეკლესია თავის ქმედებაში, რისთვის იყენებდა მე-18 საუკუნის ესპანური ეკლესია ინკვიზიციის იარაღს?
  • მამა ლორენცო იდუმალი და არაერთგვაროვანი პერსონაჟია. ის ინკვიზიციის მთავარი აპოლოგეტია, ჩადენილი „შეცდომის“ გასამართლების შიშით საფრანგეთში ინაცვლებს, სადაც ვოლტერის იდეებს ეცნობა, შემდეგ ისევ ესპანეთში ბრუნდება და ცდილობს წარსული დაივიწყოს, რა გზებს და მეთოდებს მიმართავს ის? თქვენი აზრით, როგორი პიროვნებაა?
  • ფილმის დასაწყისში „ინკვიზიციის მამები“ ფრანცისკო გოგიას გრავიურებს აკრიტიკებენ, რა საფრთხეს ხედავენ მასში და რა არ მოსწონთ?
  • როგორ უწყობს ფეხს ისტორიულ პერიპეტიებს გოია? როგორც მხატვარი, რა ფორმით რეაგირებს პოლიტიკური რეჟიმების ცვლაზე?
  • ესპანური ინკვიზიცია განსაკუთრებული სისასტიკით ქალებს ეპყრობოდა, თქვენი აზრით რა იყო ამის მიზეზი ?
  • საფრანგეთის რევოლუციის იდეების და „ადამიანის უფლებათა დეკლარაციის“თანახმად ესპანური ინკვიზიცია გაუქმებულად გამოცხადდა, ყველა პატიმარი შეიწყალეს, თუმცა რამდენიმე წელში მეფემ ისევ აღადგინა, ფილმის რომელ პერსონაჟებს შეეხოთ ეს ცვლილებები ყველაზე მეტად და რა ფორმით?

დაწერე ფილმის შესახებ
ეპოქალური კონტექსტების და დისკუსიის შედეგად გამოკვეთილი საკითხების გათვალისწინებით ფილმზე წერის დროს აქცენტი გააკეთეთ მხატვარსა და მის ეპოქაზე. “გოიას ლანდებში” ნათლად არის წარმოდგენილი ესპანეთის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული დაპირისპირება. ეს ორი ინსტიტუცია ცალ-ცალკე მოქმედებს და ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ორ სახელმწიფოს ჰქმნის. იფიქრეთ, როგორია ამ დროს ხელოვანის ბედი, ვის მხარეს ირჩევს ფრანცისკო გოია? რას ნიშნავს, იყო თავისუფალი ადამიანი მაშინ, როცა მონარქიას საფრანგეთის რევოლუციის იდეები ანაცვლებს და შემდეგ ისევ მონარქია ბრუნდება! ისტორიული პერიპეტიების ფონზე, როგორ რეპრეზენტირდება ესპანელი ფერმწერის სახე. გააანალიზეთ მხატვრის პიროვნება რომანტიზმის ეპოქალურ კონტექსტში. ეცადეთ, გოიას პერსონაჟი განიხილოთ სხვა პერსონაჟებთან მიმართებით: სამეფო ოჯახი, ვაჭრის ქალიშვილი, სასულიერო პირები…ფილმის მთავარი გმირი ფრანცისკო გოიასთან ერთად, პადრე ლორენცოს პერსონაჟია. ეცადეთ წერის დროს აქცენტი გააკეთოთ, თუ როგორ აღწერს რეჟისორი ორი სრულიად განსხვავებული ადამიანის ბედზე ქვეყნის ისტორიულ სინამდვილეს და პოლიტიკური რეჟიმის ცვლას.

ინდივიდუალური მუშაობისთვის
„სატურნი ჭამს თავის შვილს“, ფრანცისკო გოიას ყველაზე სულისშემძვრელი ნამუშევარია. მხატვარი ტილოზე 4 წლის განმავლობაში მუშაობდა, მისი სიმაღლე 146 სანტიმეტრია, სიგანე კი 83. ანტიკური მითოლოგიის სიუჟეტი, რომანტიზმის ეპოქაში განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და სიმძაფრეს იძენს. ყოველთვის მნიშვნელოვანია, რა პოლიტიკური პროცესები უძღვის წინ კონკრეტული ხელოვნების ნაწარმოების შექმნას. მოიძიეთ ინფორმაცია ესპანეთში რა პოლიტიკურ-სოციალური ცვლილებები მიმდინარეობდა 1819-1823 წლებში, მე-19 საუკუნის პირველ ათწლეულებში რა გამოწვევების წინაშე დადგა ერთ დროს ევროპის ყველაზე ძლიერი და მდიდარი სახელმწიფო. მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია გოიას შემდეგ ნახატებზე „1808 წლის 3 მაისი“ და „მეფე კარლოს კარლოს IV-ის ოჯახი”. ეცადეთ აღნიშნული ფერწერული ტილოები გააანალიზოთ ეპოქალურ კონტექსტში, ისტორიული პერიპეტიების ფონზე. ამას გარდა, მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია ფრანცისკო გოიას გამომსახველობით ხერხებსა და ხატვის სხვადახვა ტექნიკაზე (იფორტი, გრავიურა)

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ეს ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად შეგიძლიათ გამოიყენოთ, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ისტორიის სასწავლო მოდულში.

1800 წელს გოია ჰქმნის მასშტაბურ ფერწერულ ტილოს „მეფე კარლოს IV-ის ოჯახი“, ჯგუფური მუშაობის დროს დეტალურად გააანალიზეთ მრავალფიგურიანი კომპოზიცია და შეადარეთ ესპანელი მხატვრის დიეგო ველასკესის „მენინებს“. რა საერთო და განმასხვავებელი ნიშნებია მათ შორის? როგორც ამბობენ, გოიას სურდა აღნიშნული ტილოს შესრულებით მეფის კეთილგანწყობის მოპოვება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. სურათზე ველასკესის მსგავსად, გოიამ მარცხენა მხარეს, მოლბერტთან საკუთარი თავიც გამოსახა, ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით კი მხატვრის ირონია ესპანეთის მეფე-დედოფლის მიმართ აშკარაა. გოიას, სურდა აღნიშნული ტილო ესპანეთის სამეფო კარის უფრო ადრეული ოჯახური პორტრეტებისთვის მიემსგავსებინა. ჯგუფური მუშაობისას იმსჯელეთ, რა გამომსახველობითი ხერხებით ხასიათდება ესპანელი ფერმწერის ფრანცისკო გოიას შემოქმედება. ამას გარდა, შეადარეთ რომანტიზმის ეპოქა დიეგო ველასკესის შემოქმედებასა და ესპანურ ბაროკოს. იმსჯელეთ, მე-20 საუკუნის მხატვრობაში რომელ ავტორებზე იქონია გავლენა ფრანცისკო გოიას შემოქმედებამ.

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას: ფრანცისკო გოიას ცხოვრება და შემოქმედება. შეარჩიეთ გოიას ცხოვრების ერთი კონკრეტული ეპიზოდი (ათწლეული) პრეზენტაცია წარმოადგინეთ ეპოქალური კონტექსტების გათვალისწინებით: ისტორიული სინამდვილე, სახელმწიფოს მმართველობის ფორმა, ეკლესიის როლი…

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიისა და რეცენზიის შექმნის, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის ესპანეთზე, ფრანცისკო გოიას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, აგრეთვე ესპანურ რომანტიზმზე.

ტრეილერი

Play Video

გადმოწერე სასწავლო რესურსი

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

ბაჭია ჯოჯო (2019)

ფილმები

სასტუმრო ტრანსილვანია (2012)

ფილმები

ამადეუსი (1984)

ფილმები

ქუჩის დღეები (2010)

ფილმები