ფილმები
ბაჭია ჯოჯო (2019)
სინოფსისი
ფაშისტური გერმანიის ლიდერის, ადოლფ ჰიტლერის ახალგაზრდული არმიის – ჰიტლერიუგენდის წევრი 10 წლის ჯოჯო აღმოაჩენს, რომ დედამისი სახლში ებრაელ გოგონას მალავს.
მე-20 საუკუნე, 1940-იანი წლების გერმანია.
- მეორე მსოფლიო ომი ევროპაში 1939 წელს დაიწყო და 1945 წელს დასრულდა. ეს გახლდათ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კონფლიქტი, რომელმაც 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
- ჰოლოკოსტი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების მიმართ განხორციელებული მასობრივი გენოციდია. დაიღუპა 6 მილიონზე მეტი ებრაელი, მათი ყველაზე დიდი ნაწილი პოლონეთში ცხოვრობდა.
- “ბაჭია ჯოჯო“ გადაღებულია კრისტენ ლეუნენსის წიგნის მიხედვით „ცის გამომწყვდევა“ (Caging Skies). რეჟისორმა ტაიკა უაიტიტიმ რომანში მოთხრობილი ამბავი კინოსცენარად გარდაქმნა. 2020 წელს ის საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის ოსკარზე იყო ნომინირებული. აღნიშნული წიგნის ფილმად ქცევა, როგორც თავად ამბობს, წლების წინ დედამ ურჩია.
- ტაიკა უაიტიტი ახალზელანდიელი რეჟისორია. „ბაჭია ჯოჯო“ 2020 წლის ოსკარის რამდენიმე ნომინაციაზე მოხვდა და რეჟისორს საყოველთაო აღიარება და პოპულარობა მოუტანა. ჯერ კიდევ 2005 წელს, მან მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ორი მანქანა, ერთი ღამე“, ოსკარის პირველი ნომინაცია მიიღო.
- მნიშვნელოვანია, რომ Fox Searchlight Pictures-ის ქუდის მელოდია გერმანულ სააგიტაციო სიმღერად არის გადაკეთებული.
- ფილმში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ნაცისტური პერიოდის მოდასა და ჩაცმის სტილზე. კოსტიუმების მხატვარმა განსაკუთრებული ოსტატობით გადმოსცა როგორც რიგითი სამოქალაქო პირების, ისე სამხედრო თუ მთავრობის მოხელეების ჩაცმის სტილი.
- შავ, ნაცრისფერ, ყავისფერ ტონალობაში გადაწყვეტილი ნაცისტური უნიფორმა მის არსს ზუსტად გამოხატავდა: მსხვილ ლანჩიანი ტყავის ჩექმები, უხეში ქუდი, ნატურალური ტყავისგან შეკერილი პალტო. ნაცისტური მოდის, კონკრეტულად კი ე.წ. SS-ის (ესესი-SS-Schutzstaffel-დამცავი რაზმი) უნიფორმების ავტორი, ცნობილი დიზაინერი, ჰიუგო ბოსი გახლდათ.
- ფილმის დასაწყისში ათი წლის ჯოჯო ფიცს დებს, რომ მზად არის მთელი ცხოვრება ჰიტლერი უყვარდეს, მას ემსახუროს და სიცოცხლეც კი გაწიროს. ამას იმეორებენ სხვა ბავშვებიც. ფილმის მსვლელობისას იცვლება თუ არა ჯოჯოს დამოკიდებულება და როგორ?
- სიუჟეტში გარდამტეხი, „ჯოჯოს“ დედის ჩამოხრჩობის შემდეგ, ებრაელი გოგონას სახლში პოვნის ეპიზოდია. ბიჭი აღმოაჩენს, რომ წლების მანძილზე ნაგროვები ინფორმაცია ებრაელების შესახებ ყალბია! გოგონა არც თევზის ფარფლით არის დაფარული, არც კომბოსტოს სუნი აქვს და არც რქები. თქვენი აზრით, რატომ ნერგავდნენ ნაცისტები, ებრაელების მიმართ მსგავს სტერეოტიპებს ადრეულ ასაკში?
- მეორე მსოფლიო ომის თემაზე ათეულობით ფილმია მსოფლიო კინოარსენალში, ტაიკა უაიტიტი, კინოს ისტორიაში ჰიტლერის ყველაზე სახალისო და ორიგინალურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, რამდენად არის „ბაჭია ჯოჯო“ ნაციზმის/ფაშიზმის ახლებური გადააზრება?
- ბავშვები კინოში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი თემაა და მეორე მსოფლიო ომის და ზოგადად ომის კონტექსტშიც არაერთხელ გადაუღიათ. ერთ-ერთი ასეთია რობერტო ბენინის „ცხოვრება მშვენიერია“. რით განსხვავდება უაიტიტის კინოსამყარო სხვა ავტორებისაგან, რა გზებს პოულობს რეჟისორი ბავშვებთან დიალოგისთის, ისეთ მძიმე თემაზე სასაუბროდ როგორიც ფაშიზმია?
- ერთ-ერთ ინტერვიუში ტაიკა უაიტიტი თავის ბავშვობის შესახებ ჰყვება და ამბობს, რომ ბავშვობაში რვეულში ხშრად სვასტიკას ხატავდა, თუმცაღა უცნაური დანაშაულის გრძნობის გამო, სვასტიკას ფანჯრებად აქცევდა ხოლმე. ფილმის მთავარ გმირში იღვიძებს თუ არა ეს „დანაშაულის გრძნობა“?
- ფილმში ნაცისტი გენერალი ებრაელს გოგონას გადაარჩენს და გესტაპოსგან დაიხსნის. თქვენი აზრით, რა არის მისი ქმედების მიზეზი?
- რამდენად ეთანხმებით რეჟისორის გადაწყვეტილებას ფილმის ფინალთან დაკავშირებით? შეცვლიდით თუ არა მას?
დაწერე ფილმის შესახებ
ფილმის სიუჟეტის მიხედვით მეორე მსოფლიო ომის ბოლო თვეებია, მთავარი გმირი, ათი წლის იოჰანეს „ჯოჯო“ ბეტცლერი „ჰიტლერიუგენდისთვის“ სუსტი და საკუთარ თავში დაურწმუნებელი „მებრძოლია“. მას წარმოსახვითი მეგობარი ჰყავს, ადოლფ ჰიტლერი, რომელიც შიშებთან გამკლავებასა და თავის დამკვიდრებაში ეხმარება. დედის სიკვდილის შემდეგ, სახლში ებრაელ გოგონას აღმოაჩენს – ეს ორი ფაქტი ჯოჯოს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდება. ასეთია ფილმის ფაბულა, წერის დროს შეეცადეთ მეორე მსოფლიო ომის ეპოქალური კონტექსტებისა და დისკუსიის შედეგად გამოკვეთილი საკითხების გათვალისწინებით აქცენტი გააკეთოთ ნაცისტურ გერმანიაში საზოგადოებაში არსებულ ზოგად განწყობებსა და სოციალურ ფონზე. რა რეალობაში უწევდათ ბავშვებს ჩამოყალიბება, როგორ და რა ფორმით ინერგებოდა მათში სიძულვილის ენა ებრაელების მიმართ. ეცადეთ ნახოთ სხვა ფილმებიც მეორე მსოფლიო ომის თემაზე (“ცხოვრება მშვენიერია“, „შინდლერის სია“, „დიდი დიქტატორი“) ამას გარდა, აქცენტი გააკეთეთ რეჟისორის არჩევანზე: იუმორისტული პასაჟი, ირონია ჰიტლერის პერსონის მიმართ. ცხადია, რომ „მძიმე თემებზე“ ბავშვებთან გულწრფელი იუმორით საუბარი ტაიკა უაიტიტის ყველაზე უკეთ გამოსდის. თქვენი აზრით, რატომ ირჩევს რეჟისორი ამ ფორმას და როგორ აღწევს მიზანს.
ინდივიდუალური მუშაობისთვის
ფილმის მაგისტრალური ხაზი გერმანელი ბიჭის და ებრაელი გოგონას ისტორიაა. მსოფლიო კინოარსენალში ებრაელების გენოციდზე (ჰოლოკოსტზე) არაერთი ფილმია, რომლებიც ბევრად მძიმე საყურებელია მოზარდებისათვის, ვიდრე „ბაჭია ჯოჯო“. ინდივიდუალური მუშაობისას მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია „ჰოლოკოსტის“ შესახებ. ისტორიულ მასალაზე დაყრდნობით, გააანალიზეთ რა სოციალურ-პოლიტიკური წინაპირობა უძღოდა წინ ებრაელი ხალხის მასობრივ გენოციდს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსოფლიო კინოს ისტორიაში არაერთი ფილმია ჰოლოკოსტის და მეორე მსოფლიო ომის თემაზე შექმნილი, იტალიელი ავტორი რობერტო ბენინი ებრაელი მამისა და მისი მცირეწლოვანი ვაჟის გულისამაჩუყებელი და გასაოცარი ისტორიას ასახავს ფილმში „ცხოვრება მშვენიერია“. ტაიკა უაიტიტის “ბაჭია ჯოჯო”, დედის და ვაჟიშვილის ურთიერთობით იწყება, მაგრამ გერმანელ ქალს თავად ფაშისტები სჯიან. ეცადეთ ეს ორი ფილმი გააანალიზოთ ეპოქალური კონტექსტების გათვალისწინებით, „ცხოვრება მშვენიერია“ 1990-იან წლებში შეიქმნა, ხოლო „ბაჭია ჯოჯო“ 2019 წელს.
ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ეს ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ისტორიის და სამოქალაქო განათლების სასწავლო მოდულში.
კინოს, ტოტალიტარული რეჟიმის ქვეყნები პროპაგანდის მთავარ იარაღად იყენებდნენ. იქნებოდა ეს საბჭოთა თუ ფაშისტური კინოპროპაგანდა. ამ ტიპის ფილმები მმართველი პარტიის მთავარი მესიჯების გამტარი უნდა ყოფილიყო. „ბაჭია ჯოჯო“ ანტიპროპაგანდაა, უფრო სწორედ ანტინაცისტური და ანტიფაშისტური ფილმი. ჯგუფური მუშაობის დროს მოიძიეთ ფაშისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირში შექმნილი პროპაგანდისტული ფილმები. ჯგუფური მუშაობის დროს შეეცადეთ მოძიებული პროპაგანდისტული ფილმები ეხმიანებოდეს მეორე მსოფლიო ომის თემატიკას.
პრაქტიკული ნაწილი:
მოდა ნაცისტური პერიოდის გერმანიაში! ასე ფერადოვნად და სახალისოდ ჯერ კინოს ისტორიაში თითქმის არავის შეუქმნია. როგორც წესი, მეორე მსოფლიო ომზე გადაღებული ფილმი მონოქრომული და შავ-თეთრია! დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას ნაცისტური პერიოდის მოდასა და ცხოვრების წესზე. ეცადეთ გამოიყენოთ ისტორიული დოკუმენტები, ურბანული გარემოს, ინტერიერის, ავეჯის, ქუჩების, მანქანების ამსახველი ფოტომასალა.
მოსალოდნელი შედეგი
ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიისა და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება მეორე მსოფლიო ომის პერიოდის გერმანიაზე.
- აშშ | 2019 | მხატვრული| 102 წთ | 12
- რეჟისორი : ტაიკა უაიტიტი
- სცენარის ავტორები : კრისტენ ლეუნენსი, ტაიკა უაიტიტი
- ოპერატორი : მიჰაი მალაიმარე
- მხატვარი : მეიეს რუბეო
- მონაწილეობენ : რომან გრიფიდ დევისი, ტომასინ მაკენზი, სკარლეტ იოჰანსონი, სემ როქველი, ალფი ალენი, ტაიკა უაიტიტი, რიბელ უილსონი