ფილმები
ახალი დროება (1936)
სინოფსისი
ჩაპლინის უცვლელი პერსონაჟი მაწანწალა ამჯერად „ახალ დროებაში“ აღმოჩნდება, ცდილობს გაუძლოს თანამედროვეობის გამოწვევებს, ინდუსტრიული რევოლუციის შედეგებს, დიდ დეპრესიასა და ტოტალურ უმუშევრობას.
მე-20 საუკუნე, 1930-იანი წლების ამერიკა.
- ჩარლი ჩაპლინი (ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი) წარმოშობით ინგლისელი რეჟისორი და მსახიობია. უხმო პერიოდის ჰოლივუდი, კინომოყვარულებისთვის ფაქტობრივად ჩაპლინთან ასოცირდება. 1916 წლიდან საკუთარი ფილმების პროდიუსერი ხდება, 1919 წელს დაგლას ფერბენკსისა და დევიდ უორკ გრიფიტის დახმარებით კინოსტუდია United Artists დააარსა.
- ჩაპლინი თავად იყო მისი ფილმების რეჟისორი, მთავარი როლის შემსრულებელი, მუსიკის ავტორი. ის ერთადერთი ადამიანი იყო კინოს ისტორიაში, ვინც კინო მთელი თავის გამომსახველობითი ხერხებითა და არსენალით საკუთარ პერსონას მოარგო (და არა პირიქით).
- “ახალი დროება” ჩაპლინის უკანასკნელი უხმო ფილმია. შექმნილია 1936 წელს, მაშინ როცა ამერიკაში ე.წ. დიდი დეპრესია სუფევდა. ეს გლობალური ეკონომიკური კრიზისი იყო რომელიც 1929 წელს დაიწყო და თითქმის 10 წელს გასტანა.
- ჩაპლინის კინოსამყაროში იგრძნობოდა ფრანგული კინოს უხმო პერიოდის კომიკოსის მაქს ლინდერის გავლენა, რომელსაც ჩაპლინმა რამდენიმე ფილმიც კი მიუძღვნა. ამერიკელი რეჟისორი კინოში 75 წელი მუშაობდა: ვიქტორიანული ეპოქის ინგლისი დასავლურმა მიუზიკ-ჰოლებმა ჩაანაცვლა. ჩაპლინი ბრიტანეთში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- 1965 წელს ჩაპლინმა დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი, სადაც ბიოგრაფიულ ცნობებთან ერთად შევიდა ინფორმაცია მის მიერ შექმნილ 80-მდე ფილმზე. მისი უკანასკნელი ფილმია „გრაფინია ჰონგ-კონგიდან“ (1967). ჩაპლინის ყველა ფილმი, „ცირკის“ (1928) ჩათვლით, უხმო იყო. თუმცა, მოგვიანებით ბევრი ფილმი მუსიკის თანხლებით ხელახლა გამოვიდა. ისევე, როგორც „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“ და “ახალი დროება“ საწყის ეტაპზე იყო მუნჯი ფილმები, მაგრამ დღეს აქვთ მუსიკა და ხმოვანი რიგი. ამერიკელი რეჟისორის ყველა ფილმი შეიქმნა 35მმ-იან ფირზე, შავ-თეთრ ფორმატში.
- 1989 წელს ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკამ „ახალი დროება“ „კულტურული თავლსაზრისით“ მნიშვნელოვან ფილმად მიიჩნია და მისი დაცვა გადაწყვიტა აშშ-ის ეროვნული ფილმების რეესტრში.
- ახალი დროება დიდი დეპრესიის პერიოდს ასახავს, ტოტალური შიმშილი, რომელიც საზოგადოებაშია გამეფებული ფილმის არაერთ ეპიზოდში გხვდება. რა მხატვრული ხერხებით ცდილობს ჩაპლინი ღარიბი და მდიდარი ადამიანების სამყაროს ასახვას? როგორ აღწერს პერსონაჟებს?
- რამდენად სამართლიანია ფილმში ასახული საზოგადოება, გოგონა პურს იპარავს მშიერი და-ძმისთვის, მაგრამ მას პოლიცია იჭერს. ის „კანონს არღვევს“, მაგრამ რეალურ მიზეზს არავინ კითხულობს. რა გზებით ცდილობს მაწანწალას პერსონაჟი მის დახმარებას?
- მაღაზიის ძარცვის სცენაში, ერთ-ერთი მძარცველი მაწანწალას ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც სამსახური დაკარგა და უმუშევრობას „ქურდობით ებრძვის“, ის ასეთ სიტყვებს აჟღერებს: ჩვენ ქურდები არ ვართ, უბრალოდ გვშია. რისი გამომხატველია ეს ეპიზოდი?
- ინდუსტრიული რევოლუციის დროს ადამიანის შრომა მანქანამ ჩაანაცვლა. ტექნიკურმა პროგრესმა კი ადამიანის ქცევა და პიროვნებაც შეცვალა. როგორია ჩაპლინის დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ?
- როგორ არის ფილმში ასახული კონტრასტი ტექნიკურ პროგრესსა და დიდ დეპრესიას (ტოტალურ შიმშილს) შორის?
- რატომ ჰქვია ფილმს „ახალი დროება“?
დაწერე ფილმის შესახებ
ინდუსტრიულ საზოგადოებაში მიმდინარე ტექნიკური პროგრესი ფილმის ცენტრალური თემაა, რომლის ფონზეც დიდი დეპრესიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები იკვეთება. ტოტალურ გაჭირვებაში მაწანწალას პერსონაჟი ქარხნის ერთ-ერთ მუშად გვევლინება. შემდეგ, მისი პერსონაჟის მსგავსად, თანამშრომელთა უდიდესი ნაწილი კარგავს სამსახურს. ისტორიულად, ასიათასობით უმუშევრად დარჩენილმა ადამიანმა საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელმაც მთელი ამერიკა მოიცვა. ფილმზე წერის დროს, ეცადეთ გასცდეთ მხოლოდ სიუჟეტური ხაზის აღწერას და ფილმი განიხილოთ ეპოქალური კონტექსტების გათვალისწინებით. ამას გარდა, აქცენტი გააკეთეთ ჩაპლინის, როგორც რეჟისორის პოზიციაზე. ის დასცინის ახალ დროებასა და ტექნიკურ პროგრესს. ფილმის რომელი ეპიზოდებიდან იკვეთება რეჟისორის ამგვარი დამოკიდებულება?
ინდივიდუალური მუშაობისთვის
ფილმის დასაწყისში ერთ-ერთი პირველი კადრია ცხვრის ფარა, რომელსაც სამსახურში მიმავალი ადამიანების კადრი ანაცვლებს. რეჟისორის მხატვრული ჩანაფიქრი აშკარაა, ის სისტემის სამსახურში ჩაბმულ ადამიანებს ფარასთან აიგივებს, რომელსაც მიმართულებას და დინამიკას ერთი ადამიანი აძლევს, ეს თითქოსდა უწყინარი კადრი ფილმის ერთ-ერთი მთავარი იდეის, თემის გამომხატველია. ადამიანის კონვეირული შრომა, ადამიანი როგორც სისტემის, მექანიზმის ნაწილი, რომელიც რუტინაში და ყოველდღიურობაშია ჩაკარგული, პიროვნებადაკარგული არსება ხდება! ჩაპლინის პესიმისტური და ირონიულ-სარკასტული განწყობა ფილმის არაერთ ეპიზოდში იკვეთება: ახალი საკვები აპარატის დატესტვა, რომელიც მწყობრიდან გამოდის, საპირფარეშოში უეცრად ეკრანიდან მომზირალი „დიდი ძმა“, რომელიც ყველას და ყველაფერს აკონტროლებს!
აღსანიშნავია, რომ ინგლისელმა მწერალმა ჯორჯ ორუელმა „1984“ ფილმის გამოსვლიდან 13 წლის შემდეგ , 1949 წელს დაწერა. მაგრამ ჩაპლინის ეკრანული პერსონაჟი, ძალიან ჰგავს ორუელის ლიტერატურულ გმირს. ინდივიდუალური მუშაობისას გირჩევთ მოიძიოთ დამატებითი ბიოგრაფიული ცნობები ჩაპლინის შესახებ, ამას გარდა გაეცანით ჯორჯ ორუელის ცენტრალურ ნაშრომს „1984“.
ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ეს ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ისტორიის სასწავლო მოდულში.
პირველი ხმოვანი ფილმი 1927 წელს შეიქმნა, მაგრამ ჩაპლინი 30-იანი წლების ბოლომდე უხმო ფილმებს ქმნიდა, იმსჯელეთ რა იყო ამის მიზეზი? თქვენი აზრით რატომ არ შექმნა ჩაპლინმა ფერადი და ხმოვანი ფილმი. “ახალი დროება” მისი პირველი ფილმია, რომელშიც ავტორის ხმა ისმის. მან ფილმისთვის დაწერა მუსიკა, რომელიც შემდგომ არაერთი მუსიკოსის ინსპირაცია გახდა. იმსჯელეთ ჩაპლინის პერსონაზე, რა გავლენა ჰქონდა ჰოლივუდზე მას და პირიქით, როგორ აისახა ახალი, ხმოვანი კინოს დასაწყისის ჰოლივუდის „წესები“ მის პერსონასა და ფილმოგრაფიაზე.
პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას ამერიკული დიდი დეპრესიის პერიოდის შესახებ.
მოსალოდნელი შედეგი
ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიისა და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება ჩარლი ჩაპლინის კინოსამყაროზე.
- აშშ | 1936 | მხატვრული | 87 წთ | U
- რეჟისორი : ჩარლი ჩაპლინი
- სცენარის ავტორი : ჩარლი ჩაპლინი
- ოპერატორი : რონალდ ტოთერონი
- მხატვარი : რასელ სპენსერი
- მონაწილეობენ : ჩარლი ჩაპლინი, პოლეტ გოდარი, ჰენრი ბერგმანი, ტაინი სენდფორდი, ჩესტერ ქონკლინი