ფილმები

ფიროსმანი (1969)

სინოფსისი

კახეთის სოფელ მირზაანიდან თბილისში ჩამოდის ახალგაზრდა, თვითნასწავლი მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი – „ფიროსმანი“. თავდაპირველად ის მატარებლის გამყოლად მუშაობს, შემდეგ დუქანს ხსნის, წარუმატებელი ვაჭრობის შემდეგ, დუქნების მოხატვას იწყებს. ცალმხრივად უყვარდება კაფე-შანტანის მოცეკვავე ქალი-მარგარიტა. უიმედო სიყვარულს პროფესიულ სფეროში წარუმატებლობაც ემატება, ფიროსმანის თანამედროვე მხატვრები მის შემოქმედებას არ აღიარებენ და გაზეთში ნიკალას კარიკატურას აქვეყნებენ. ყველასგან უარყოფილი ფიროსმანი მარტოობაში იღუპება.

მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეული, მე-20 საუკუნის დასაწყისი, საქართველო. 1960-იანი წლების საქართველო.

  • ქართველი რეჟისორი გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ ქართველი კინოვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე და რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია. მისი უფროსი ძმა ქართული კინოს ცოცხალი კლასიკოსი, ელდარ შენგელაიაა.
  • გიორგი შენგელაიამ დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი გერასიმოვის, მიხეილ ჭიაურელის სახელოსნო). მისი მეუღლე ქართველი კინომსახიობი, ქართული კინოს 1960-70-იანი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, სოფიკო ჭიაურელი გახლდათ.
  • 1960-იან წლებში გიორგი შენგელაია იწყებს კინოში მოღვაწეობას. პირველი ფილმი „ალავერდობა“ 1963 წელს გადაიღო, გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით. 1969 წელს ჰქმნის „ფიროსმანს“. 1966 წელს გადაიღო „მაცი ხვიტია“, მას მოყვა მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ 1973 წელს, კიდევ ერთი მუსიკალური ფილმი „სიყვარული ყველას უნდა“ 1980 წელს შეიქმნა. 1984 წელს იღებს „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობას“, 1987 წელს გამოვიდა „ხარება და გოგია“. გიორგი შენგელაიას უკანასკნელი მხატვრული ფილმია “მიდიოდა მატარებელი” 2005 წ. გიორგი შენგელაია 2020 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა.
  • 60-იანელი, ეს ტერმინი ქართულ კინოში გასული საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე რეჟისორებზე მიანიშნებს. 60-იანელები იყვნენ გიორგი და ელდარ შენგელაიები, ოთარ იოსელიანი, საშა რეხვიაშილი, მიშა კობახიძე – ავტორები რომელთა კინომაც ქართული კინოს ფენომენი კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს და უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა. გიორგი შენგელაიაც 60-იანელთა კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.
  • შენგელაიას კინოსამყარო მრავალფეროვანი და ეკლექტურია როგორც თემატური ისე ჟანრული თვალსაზრისით: ახალგაზრდა გმირის პროტესტი დრომოჭმულ, დამახინჯებულ ტრადიციებზე, ინდივიდისა და საზოგადოების დაპირისპირება და გაუცხოება, ეროვნული მასალის ტრანსფორმაცია კინოში პოპულარული ჟანრების მეშვეობით… ყველა ეს თემა გიორგი შენგელაიას ზემოთ აღნიშნულ ფილმებში ერთიანდება.
  • „ფიროსმანი“ გამოსვლისთანავე მაყურებელთა ყურადღების ცენტრში მოექცა. ფილმს ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა საერთაშორისო ფესტივალებზე: ბრიტანეთის კინო ინსტიტუტის პრემია 1973 წელს, გრან-პრი „ოქროს ჰიუგო“ ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 1974 წელს, აზოლოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი 1974 წელს.
  • ნიკო ფიროსმანაშვილი (ფიროსმანი) 1862 წლის 5 აპრილს სოფელ მირზაანში დაიბადა, და 1918 წელს თბილისში გარდაიცვალა. ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი ქართული ხელოვნების იდენტობის ნაწილია. ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ სინამდვილესა და ლეგენდას აერთიანებს. 1980 წელს ის ფერწერის სახელოსნოს ხსნის და აბრების შეკეთების შეკვეთებს იღებს, 1890-1894 წლებში კონდუქტორად მუშაობს. მისი ტილოები მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისის ყოფას აცოცხლებს. ამ პერიოდში ის მიკიტნებთან და მედუქნეებთან აფარებდა თავს. ცხოვრების ბოლო წლებში საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობდა, ქართველ მხატვართა საზოგადოება ცდილობდა მისი მდგომარეობის შემსუბუქებას, თუმცა ნიკო ფიროსმანი მარტოობაში გარდაიცვალა.
  • რეჟისორ გიორგი შენგელაიას მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი მხატვრის ისტორია 1960-იანი წლების საქართველოში გადმოაქვს. 60-იანელობა თავისთავად ნიშნავს ნოვატორულ, რევოლუციურ, მეამბოხე პერსონად ყოფნას. არის თუ არა „ფიროსმანის“ პერსონა მისი ეპოქისთვის მეამბოხე და მარგინალი?
  • გაიხსენეთ ფილმის ის ეპიზოდი სადაც თავადის მოახლეს გაორმაგებულ ფასს სთავაზობს, ღარიბ მოხუცებულს კი უსასყიდლოდ ატანს ყველაფერს, რაზე მიანიშნებს ეს ფაქტი, რატომ იქცევა პერსონაჟი ასე?
  • დღეს რომ ეცხოვრა ფიროსმანს, მოუწევდა თუ არა ყველა იმ სირთულის გავლა რაც ფილმშია ასახული?
  • იმსჯელეთ, რატომ გადაწყვიტა რეჟისორმა ფიროსმანის როლი, თავად მხატვარს, ავთო ვარაზს შეესრულებინა?
  • ფილმის რომელ ეპიზოდებში ჩანს საზოგადოებისა და მთავარი გმირის დაპირისპირება?
  • თქვენი აზრით, რატომ ვერ/არ მიიღო ფიროსმანის თანამედროვე მხატვართა წრემ თვითნასწავლი მხატვარი? იმსჯელეთ მიზეზებსა და იმ შედეგებზე რაც მათმა ქმედებამ გამოიწვია.

დაწერე ფილმის შესახებ
ფილმის ყურების შემდეგ გაეცანით ეპოქალურ კონტექსტებს, დამატებით ფაქტებს ფიროსმანის ცხოვრების შესახებ, ეცადეთ უფრო ნათელი წარმოდგენა შეიქმნათ მის ნამუშევრებზე, მათი შექმნის ისტორიაზე. დისკუსიის დროს დასმულ კითხვებსა და გამოკვეთილ პასუხებთან ერთად ბიოგრაფიული ცნობებზე დაყრდნობით, გააანაზილეთ ქართველი პრიმიტივისტი მხატვრის პერსონა. შეადარეთ ერთმანეთს რეალური და გიორგი შენგელაიას მიერ შექმნილი ფიროსმანი, რამდენად ჰგავს კინოგმირი რეალურ პროტოტიპს, როგორ ხედავს მას ავტორი. ამგვარი მიდგომა, კიდევ უფრო საინტერესოს გახდის წერის პროცესს. თქვენი სუბიექტური დამოკიდებულება და ემოციური კავშირი მისი შემოქმედების, ნახატების მიმართ წერის პროცესში გამოიყენეთ.

ინდივიდუალური მუშაობისთვის
მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია 1960-იან წლებში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე.რა პროცესებია მსოფლიო კინოში, რა ტიპის ფილმებს ქმნიან „ქართველი 60-იანელები“. გიორგი შენგელაიას ფილმი „ფიროსმანი“ ქართველი პრიმიტივისტი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის შესახებ მოგვითხრობს. რომელიც, 1862–1918 წლებში მოღვაწეობდა. მხატვრის შემოქმედებით ინსპირირებულ ბიოგრაფიულ ნამუშევარში, რეჟისორი თითოეულ კადრს ფიროსმანის ფერწერული ტილოების მიხედვით აგებს. ფიროსმანის როლის ფილმში მეოცე საუკუნის გამოჩენილი ქართველი მხატვარი ავთო ვარაზი ასრულებს, ის თავად არის ფილმის ერთ-ერთი მხატვარი.მოიძიეთ ბიოგრაფიული ცნობები ავთო ვარაზის შესახებ.

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ეს ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად შეგიძლიათ გამოიყენოთ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო მოდულში.

რეჟისორ გიორგი შენგელაიას მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი მხატვრის ისტორია, 1960-იანი წლების საქართველოში გადმოაქვს. გაიხსენეთ კინოს ისტორიიდან მსგავსი მაგალითები როცა კონკრეტული მხატვრის, მწერლის, ხელოვანის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი კინოს ისტორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. იმსჯელეთ გიორგი შენგელაიას მთავარ მიგნენებსა და კინოესთეტიკაზე, რა მხატვრული ხერხებით აცოცხლებს ფიროსმანი სამყაროს შენგელაია ფილმში (ნახატის სტილიზაცია, ეპოქის რეკონსტრუირება, სამოსი…). ამას გარდა საგნის პედაგოგს შეუძია ფიროსმანის ნახატები ე.წ. ლაივ რეჟიმში წარუდგინოს მოსწავლეებს, ფილმის ნახვის შემდეგ ესტუმრეთ ცისფერ გალერეას, სადაც ფილმში ნანახ ფერწერულ ტილოებს ორიგინალში იხილავთ და გააანალიზებთ.

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას “ფიროსმანის შემოქმედება”. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი კონკრეტული ტილო.
ფიროსმანის ნახატების მიხედვით მოსწავლეებს შეუძლიათ თავად შექმნან ნამუშევრები, მოაწყონ საკლასო და სასკოლო აქტივობა სახელწოდებით “ფიროსმანი დღეს”!ტრადიციული გამომსახველობითი ხერხების გარდა შესაძლოა გამოიყენოთ აპლიკაცია, ანიმაცია ან კომიქსი.

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიის და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაზე, 1960-ინი წლების ქართულ კინოსა და გიორგი შენგელაიას შემოქმედებაზე.

ტრეილერი

Play Video

გადმოწერე სასწავლო რესურსი

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

მიშა კობახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმები

ფილმები

პარაზიტი (2019)

ფილმები

ახალი დროება (1936)

ფილმები

ახალგაზრდა აჰმედი (2019)

ფილმები