ფილმები

ფანჯარა ეზოს მხარეს (1954)

სინოფსისი

თავგადასავლების მაძიებელი, ფეხმოტეხილი ფოტოგრაფი ჯეფ ჯეფრიზი, საკუთარ სახლში, ერთ ოთახში გამოიკეტა. ის იძულებულია მოსაწყენი და ერთფეროვანი რუტინა გაიხალისოს და შიდა ეზოში გამავალი ფანჯრიდან მეზობლების ცხოვრების ყურებით ირთობს თავს. სწორედ ამ დროს, ის მეზობელი მამაკაცის ქცევაში ეჭვს შეიტანს. ჯეფი, საყვარელი ქალის დახმარებით კონსპირაციულ გამოძიებას იწყებს.

მე-20 საუკუნე, 1950-იანი წლების ამერიკა.

  • ინგლისელი რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი ის ავტორია, რომელმაც კინოში სასპენსი შექმნა. მისი შემოქმედება დღემდე არაერთი რეჟისორის ინსპირაციაა. ჟურნალმა „MovieMaker””-მა ის ყველაზე გავლენიან რეჟისორად დაასახელა კინოს ისტორიაში. თვლიან, რომ სწორედ ჰიჩკოკმა დაუდო საფუძველი თრილერის ჟანრს. მაკგაფინის ცნებაც სწორედ მისი შემოტანილია ფილმებში. მისი კინოსამყაროსთვის დამახასიათებელი კანონზომიერება ერთი შეხედვით რთულ და ჩახლართულ სიუჟეტს საბოლოოდ ნათელს ჰფენს და ყველაფერი თავის საწყის წერტილს უბრუნდება.
  • ჰიჩკოკის გმირებისთვის დამახასიათებელია დანაშაულის გრძნობა, იდენტობის კრიზისი (დაკარგვა). მის ფილმებში ხშირად შეხვდებით სუსტ მამაკაცებს და ძლიერ ქალებს, რომელთაგან, როგორც წესი ყველა ქერათმიანია.
  • რეჟისორის ბავშვობამ და ბიოგრაფიულმა პასაჟებმა განაპირობა მისი კინოსამყარო. შიში მისი ფილმების განუყოფელი ნაწილია და ჰიჩკოკის ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება – ვაჟთა კათოლიკურ სასწავლებელში, ურჩ ბავშვებს საათობით სიბნელეში ყოფნას აიძლებდნენ.
  • თავად რეჟისორი შიშებთან დაკავშირებით ამბობდა: „მეშინია ოთხი რამის: ბავშვების, პოლიციელების, სიმაღლის და იმის, რომ მომდევნო ფილმი მთლად კარგი არ გამოვა“.
  • 14 წლის ასაკში ჰიჩკოკმა სკოლა მიატოვა, თავისუფალ დროს უთმობდა ქალაქების გეგმების და რუკების შესწავლას. ამას გარდა, ესწრებოდა სასამართლო პროცესებს მკვლელობის საქმეების განხილვისას და ჩუმად დადიოდა სკოტლანდ იარდის ე.ს. „შავ მუზეუმში“.
  • ჰიჩკოკის შემოქმედება რამდენიმე პერიოდად იყოფა: პირველი ბრიტანული პერიოდი – 1925-1929 წლები; მეორე ბრიტანული პერიოდი – 1929-1939 წლები; პირველი ჰოლივუდური პერიოდი – 1940-1947 (ამ პერიოდში შექმნა „რებეკა“ და „სამაშველო ნავი“.) მეორე ჰოლივუდური პერიოდი – 1948-1963 წლები, სწორედ ამ დროს შეიქმნა მისი ყველაზე პოპულარული ფილმები: ფანჯარა ეზოს მხარეს, მკვლელობის დროს აკრიფეთ „მ“, თავბრუსხვევა, ჩიტები, ფსიქო. მისი ბოლო ნამუშევრები მოიცავს 1964-1976 წლებს.
  • სამოცწლიანი სარეჟისორო კარიერის მანძილზე ჰიჩკოკს 53 ფილმი აქვს შექმნილი. ის ერთ-ერთი პირველი რეჟისორია კინოს ისტორიაში, რომელმაც საკუთარი ფილმის რიმეიქი შექმნა (კაცი, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცოდა – 1934, 1956).
  • “ფანჯარა ეზოს მხარეს“გადაღებულია ამერიკელი მწერლის კორნელ ვულრიჩის ნოველის მიხედვით (It had to be Murder). „ფანჯარა ეზოს მხარეს“ წარდგენილი იყო ოსკარის 4 ნომინაციაზე.
  • ჯერ კიდევ 1930-იან წლებში, სტატისტების (მასობრივ, მეორეხარისხოვან სცენებში მყოფი მსახიობი) სიმცირის გამო, ჰიჩკოკი პირველად ბრიტანულ ფილმში გამოჩნდა, შემდეგ მისი ეს სვლა ერთგვარ კინემატოგრაფიულ ნიშნად იქცა. ჰიჩკოკის კამეო მის უამრავ ფილმშია. რაღაც პერიოდის განმავლობაში მაყურებელი იმდენად მიეჩვია ფილმში რეჟისორის უცაბედ გამოჩენას, რომ ფილმის სიუჟეტმა მეორე პლანზეც კი გადაინაცვლა.
  • ვუაიერიზმი ადამიანების ფარულ თვალთვალს ნიშნავს. ჯეიმს სტიუარტის პერსონაჟი სწორედ ასეთია. ვუაიერიზმი ჰიჩკოკის კიდევ ერთ ფილმში „ფსიქოში“ ვლინდება. ეს ჰიჩკოკის კინოსამყაროს ერთ-ერთი წამყვანი მოტივია.
  • ჰიჩკოკზე გავლენა მოახდინეს დევიდ გრიფიტის, ბასტერ კიტონის, ჩარლი ჩაპლინის ფილმებმა. მისი შემოქმედების ინსპირაცია აგრეთვე გახდა გერმანელი რეჟისორების ერნს ლუბიჩის და ფრიც ლანგის კინოსამყარო.
  • მისი ფავორიტი მსახიობები იყვნენ ჯეიმს სტიუარტი, კერი გრანტი. კრიტიკოსთა აზრით მათ მიერ განსახიერებული პერსონაჟები, ჰიჩკოკის ალტერ ეგოა.
  • ერთ-ერთ ინტერვიუში ჰიჩკოკი ამბობდა: “საკუთარ შიშებთან გამკლავების ერთადერთი საშუალება მაქვს – გადავიღო მათზე ფილმი“. რამდენად სწორი მიგნებაა, თქვენ როგორ უმკლავდებით საკუთარ შიშებსა და ფობიებს?
  • ვუაიერიზმი ყურებას, თვალთვალს ნიშნავს. ფილმის მთავარი სიუჟეტური ხაზი, სწორედ მთავარი გმირის ვუაიერისტულ ვნებებზეა აგებული. თქვენი აზრით, რატომ თვლიან კრიტიკოსები აღნიშნული ფილმს კინემატოგრაფის, მისი მთავარი იდეის გამოხატულებად?
  • ფილმში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან წარმოდგენილი. სამეზობლოში ყველას თავის „პატარა საიდუმლო“ აქვს, დაახასიათეთ თითოეული მათგანი.
  • ფილმის დასაწყისში როგორია ჯეფრის და ლიზას ურთიერთობა და რა ფაქტორები განაპირობებს მათ დაახლოებას? რამდენად „იმსახურებს“ ჯეიმს სტიუარტის პერსონაჟი ასეთ ქალს?
  • დღეს რეალითი შოუ ძალიან პოპულარული სატელევიზიო ჟანრია, თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი? შეგვიძლია თუ არა დავაკავშიროთ ალფრედ ჰიჩკოკის 1950-იან წლებში შექმნილი ფილმი და თანამედროვე სატელევიზიო პროდუქტი?
  • თქვენი აზრით რა არის ჯეფრის ქცევის მთავარი მოტივაცია სამართლიანობის აღდგენის სურვილი, ცნობისმოყვარეობა, საყვარელ ქალთან დაახლოება, თუ ?
  • ჰიჩკოკი ამბობს, რომ კარგი ფილმის შესაქმნელად საჭიროა სამი რამ: “სცენარი, სცენარი და სცენარი”, ამ კონკრეტული ფილმის შემთხვევაში ეთანხმებით ამ გამონათქვამს?
  • ფილმის ფინალში, როცა ყველაფერი ე.წ. „ჰეფი ენდით“ მთავრდება, ჯეიმს სტიუარტის პერსონაჟი ისევ ფანრჯიდან თვალთვალს ცდილობს. თქვენი აზრით, რისი თქმა სურდა ამით ჰიჩკოკს?

დაწერე ფილმის შესახებ
ეპოქალური კონტექსტების და დისკუსიის შედეგად გამოკვეთილი საკითხების გათვალისწინებით, ფილმზე წერის დროს აქცენტი გააკეთეთ მის ვიზუალურ მხარეზე. ფრანგი რეჟისორი, ერიკ რომერი, ჰიჩკოკის ფილმს „ფანჯარა ეზოს მხარეს“ არქიტექტურულ ფილმად თვლიდა. დააკვირდით კამერის მოძრაობას და ტრაექტორიას. ფილმის მთავარი გმირის თვალით დანახული რეალობა, ხშირად კამერასთან იგივდება და იქმნება ე.წ. სუბიექტური კამერა. თქვენი აზრით, რატომ მიმართავს რეჟისორი ამ მხატვრულ ხერხს, ამძაფრებს თუ არა ეს ყოველივე ფილმის მთავარ იდეას. ამას გარდა, აქცენტირდით ფილმის დრამატურგიაზე, ერთი შეხედვით უწყინარ მელოდრამაში, ჰიჩკოკი ახერხებს მაყურებელი მუდმივი დაძაბული მოლოდინის – სასპენსის ფაზაში ამყოფოს, რა მხატვრული ხერხებით ახერხებს ამ ყოველივეს? რეცენზიის წერისას აქცენტი გააკეთეთ ქალი პერსონაჟების როლზე, რომ არა ისინი რამდენად შეძლებდა ფეხმოტეხილი ფოტოგრაფი გამოძიების სისრულეში მოყვანას?

ინდივიდუალური მუშაობისთვის
პირველი კინოსეანსი 1895 წლის პარიზში შედგა. ლუმიერების „მატარებლის შემოსვლამ“ შეკრებილ საზოგადოებაში საყოველთაო გრძნობა დაბადა – შიში. დიახ, პირველი გრძნობა რაც კინოს უკავშირდება შიში იყო. უფრო მეტიც, ცნობისმოყვარეობა და შიში. ეს ორი ცნება, შეიძლება ითქვას, ზუსტად გამოხატავს ჰიჩკოკის კინემატოგრაფის მთავარ იდეას. ზუსტად ასე ხდება ჯეიმს სტიუარტის პერსონაჟის შემთხვევაშიც, მას აინტერესებს რა ხდება ფანჯრებს მიღმა. ეშინია, მაგრამ ცნობისმოყვარეობა (ესე იგი თვალთვალის სურვილი) შიშზე ძლიერია. გირჩევთ, უყუროთ ჰიჩკოკის 1950-1960-იანი წლების ფილმებს, შეეცადეთ ზემოთ აღნიშნული თემები მისი სხვა ფილმების, პერსონაჟების მაგალითზე განაზოგადოთ.

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ჩაკეტილ სივრცეში მყოფი ადამიანი, თავს სხვების ცხოვრების თვალთვალით ირთობს, უწყინარი „თამაში“ მკვლელობის გამოძიებაში გადაიზრდება. იმსჯელეთ, რატომ ინტერესდება მთავარი გმირი მეზობელი მამაკაცის პირადი ცხოვრებით, მაშინ როცა მის გვერდით გრეის კელის მსგავსი ქალია. რატომ არის ძლიერი ცნობისმოყვარეობის ვნება. თავად რამდენად ხშირად მოქცეულხართ ამ გრძნობის გავლენის ქვეშ. თვლით თუ არა, რომ რეჟისორი აუცილებლად ცნობისმოყვარე უნდა იყოს? რამდენად განსაზღვრავს კონკრეტული ადამიანის ბიოგრაფია მის შემოქმედებას. ჯგუფური მუშაობის დროს, ყველა ზემოთჩამოთვლილი საკითხი არგუმენტებისა და კონკრეტული მაგალითების საშუალებით გაამყარეთ.

პრაქტიკული ნაწილი:
აირჩიეთ ჰიჩკოკის ფილმოგრაფიიდან თქვენთვის სასურველი პერიოდი ან კონკრეტული ფილმი, შექმენით პრეზენტაცია სახელწოდებით „ერთი ფილმის ისტორია“ ნარატიულ მასალასთან ერთად გამოიყენეთ ვიზუალური მასალა ჰიჩკოკის ფილმიდან.

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიის და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება ალფრედ ჰიჩკოკის პერსონასა და მის შემოქმედებაზე.

ტრეილერი

Play Video

გადმოწერე სასწავლო რესურსი

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

ელისო (1928)

ფილმები

ბასკია (1996)

ფილმები

ქუჩის დღეები (2010)

ფილმები

ახალგაზრდა აჰმედი (2019)

ფილმები