ფილმები

უკანასკნელი მეტრო (1980)

სინოფსისი

1940-იანი წლების ოკუპირებულ პარიზში, მსახიობი ქალი (კატრინ დენევი) ებრაელ მეუღლეს, რომელიც თეატრის ყოფილი მფლობელია, ნაცისტებისგან მალავს.

მე-20 საუკუნე, 1940-იანი წლების საფრანგეთი, პარიზი.

  • გერმანიამ საფრანგეთის ოკუპაცია 1940 წლის 14 ივნისს მოახდინა. 1944 წლის 25 აგვისტოს გენერალმა შარლ დე გოლმა თავის ისტორიული სიტყვა წარმოთქვა „პარიზი თავისუფალია“. ეს საფრანგეთის დედაქალაქის ნაცისტური გერმანიის 4 წლიანი ოკუპაციის დასასრულს ნიშნავდა.
  • გესტაპო – მესამე რაიხის საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია 1933-1945 წლებში. ის ნაციზმის, ფაშიზმის ტერორის სიმბოლოდ იქცა.
  • კოლაბორაციონიზმი მტერთან (ოკუპანტებთან) გაცნობიერებული ნებაყოფლობითი თანამშრომლობაა, საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული. ხშირ შემთხვევაში კოლაბორაციონიზმის ორი ფორმა გხვდება: იძულებითი და შეგნებული. ტერმინმა ნეგატიური მნიშვნელობა მეორე მსოფლიო ომის დროს, საფრანგეთში შეიძინა. აქ კოლაბორაციონისტებს უწოდებდნენ იმ პირებს, ვინც ევროპაში ფაშისტური გერმანიის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 1939-1945 წლებში თანამშრომლობდა ნაცისტებთან.
  • ფრანსუა ტრიუფოს „უკანასკნელი მეტრო“ 1942 წელს პარიზის ნაცისტურ ოკუპაციაზე შექმნილი ფილმია, მაგრამ აქ ომს ვერსად ნახავთ, ეს „კულისების” ფილმია და ნაცისტების რეჟიმის კიდევ ერთი კრიტიკა. ტრიუფოს თქმით, მან დიდი ხნის ოცნება აისრულა და შექმნა ფილმი თეატრის კულისებზე ე.წ. „ბექსთეიჯზე“ და ეს ყოველივე ასახა ნაცისტური ოკუპაციის დროს.
  • „უკანასკნელი მეტროს“ მსახიობების ძიება რეჟისორმა 1979 წელს დაიწყო. ამბობენ, რომ ეს როლი სპეციალურად კატრინ დენევისათვის შეიქმნა. ჟერარ დეპარდიეს კი ფილმში მონაწილეობა საწყის ეტაპზე არ სურდა, თუმცა ბოლოს გადაიფიქრა.
  • ფილმის სახელწოდება „უკანასკნელი მეტრო“ 1940-იანი წლების, ოკუპირებული პარიზის ცხოვრებას უკავშირდება. მაყურებლები უკანასკნელი მეტროს (მატარებლის) მისწრების იმედით შუაღამემდე ესწრებოდა სპექტაკლებს თეატრში.
  • ფილმში კოლაბორაციონისტი ჟურნალისტი გამოცემიდან „Je suis partout”, რეალური ადამიანის პროტოტიპია. ჟერარ დეპარდიეს პერსონაჟისა და ჟურნალისტის ინციდენტი რესტორანში ვახშმის დროს, 1940-იან წლების პარიზში ნამდვილად გათამაშდა. მსახიობმა ჟან მარემ, კოლაბორაციონისტ ჟურნალისტს, რეჟისორ ჟან კოქტოს შეურაცხყოფა არ აპატია.
  • ფილმში 1940-იანი წლების პარიზია ასახული, როგორია ადგილობრივების განწყობა და დამოკიდებულება გერმანელი ოკუპანტების მიმართ? ფილმის რომელ ეპიზოდებში ვლინდება ეს ყოველივე?
  • მეორე მსოფლიო ომის პერიოდი ევროპის ყველა ქალაქში ტოტალურ გაჭირვებად იქცა. პარიზშიც ასეა, ცხოვრება თანდათან მძიმდება, მაგრამ პარიზელები აგრძელებდნენ თეატრში სიარულს. ერთ საღამოს იმის მაგივრად, რომ მეტროს სადგურში დასამალად გაქცეულიყვნენ პარიზელები ცენტრალურ მოედანზე დარჩნენ და ინგლისელ მფრინავებს უყურებდნენ პარიზის ცაზე. თქვენი აზრით, რაზე მიანიშნებს ეს ეპიზოდი?
  • თეატრის სარდაფში გამომწყვდეული „მონტე კრისტო“ – ლუკას შტაინერი 813 დღისა და ღამის შემდეგ დღის სინათლეს უბრუნდება. როგორია მისი და კატრინ დენევის პერსონაჟის ურთიერთობა? ეთანხმებით მის საბოლოო გადაწყვეტილებას ქმართან მიმართებით?
  • მარიონის „მთავარი მტერი“ კოლაბორაციონისტი ჟურნალისტია გაზეთიდან „Je suis partout” (“მე ყველგან ვარ“), აღწერეთ როგორ და რა ფორმით ახერხებს კატრინ დენევის პერსონაჟი მისგან თავის დაღწევას.
  • მარიონ შტაინერის პერსონაჟს ორ მამაკაცს შორის უწევს არჩევანის გაკეთება, მას ქმარი აღარ უყვარს, მაგრამ ფილმის საწყის ეტაპზე არ ღალატობს. ქმარი ვერტიკალზე – ქვევიდან ზევით მართავს თეატრს, ნამდვილი დრამები კი სწორედ მაშინ იწყება, როცა სცენის მიღმა დენევის და დეპარდიეს პერსონაჟებს კონფლიქტი აქვთ, სცენაზე კი შეყვარებულები უნდა ითამაშონ! რა მხატვრული ხერხებით აღწევს რეჟისორი ამ ეფექტს?
  • ფილმი „უკანასკნელი მეტრო“ რამდენად ახდენს 1940-იანი წლების პარიზის რეკონსტრუირებას? მიუხედავად იმისა, რომ ფილმი დახურულ სივრცეში ვითარდება თეატრის სცენაზე, კულისებსა და სარდაფში, გვექმნება თუ არა მაყურებელს სრული წარმოდგენა ამ პერიოდის ოკუპირებულ პარიზზე?
  • თქვენი აზრით, რა იყო რეჟისორის მთავარი მიზანი, როცა აღნიშნულ ფილმს ჰქმნიდა?

დაწერე ფილმის შესახებ
ეპოქალური კონტექსტებისა და ფილმის შემდგომი დისკუსიის შედეგად გამოკვეთილი საკითხების გათვალისწინებით, ფილმზე წერის დროს აქცენტი გააკეთეთ ფილმის სახელწოდებაზე – “უკანასკნელი მეტრო”. მაყურებლები უკანასკნელი მეტროს მისწრების იმედით შუაღამემდე ესწრებოდნენ სპექტაკლებს. ოკუპაციის დროსაც კი არ გაჩერებულა პარიზში კულტურული ცხოვრება. რისი მანიშნებელია ეს ფაქტი, რა ფორმით ვლინდება ეს ფილმში. აქცენტი გააკეთეთ ფილმის მთავარ გმირებზე. ტრიუფოსთვის თეატრი პარიზის კულტურული ცხოვრების ერთგვარი სიმბოლოა. ფილმი საფრანგეთის წარსულზეა, მაგრამ ისეთ წარსულზე, რომელიც გვთავაზობს წინააღმდეგობისა და კოლაბორაციონიზმის, ვაჟკაცობისა და სიმხდალის, სულიერი გამძლეობისა და მლიქვნელობის ვიზუალიზაციას. რეცენზიის წერის დროს, ეცადეთ მხოლოდ ფილმის სიუჟეტზე არ ისაუბროთ და გადმოსცეთ თქვენი სუბიექტური დამოკიდებულება რეჟისორის, პერსონაჟების და თემების მიმართ.

ინდივიდუალური მუშაობისთვის
ფრანსუა ტრიუფო ფრანგული „ახალი ტალღის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, ის საწყის ეტაპზე კინოკრიტიკოსი იყო და ანდრე ბაზენის „კაიუ დე სინემაში“ წერდა. ფილმები თავიანი ნაკლებით სუნთქავენ, შედევრი არ სუნთქავს“- წერს ტრიუფო, თავის ერთ-ერთ პუბლიკაციაში.“კინოს ისტორიას თუ გადავხედავთ, უცნაურ რამეს აღმოვაჩენთ დიდი რეჟისორების შემოქმედებაში, ჟან რენუარი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თავისი 37 ფილმის გადაღების დროს საგანგებოდ გაურბოდა შედევრის შექმნას, ეიზენშტეინი კი ყველა ფილმის გადაღებისას შედევრისკენ მიისწრაფვოდა“. ტრიუფო ის ავტორია, კინოისტორიაში, რომელიც არა მხოლოდ იღებდა ფილმებს, არამედ სხვისი შემოქმედების საუკეთესო შემფასებელი და როგორც აღმოჩნდა დამფასებელიც იყო. სწორედ მისი დამსახურებაა ალფრედ ჰიჩკოკის პერსონის ევროპულ სამყაროში აღიარება.ფრანსუა ტრიუფო თავადაც იღებდა საკუთარ ფილმებში მონაწილეობას :„ველური ბავშვი“ „ამერიკული ღამე“ (ისევე როგორც ალფრედ ჰიჩკოკი ტოვებდა თავის „კამეოს“ საკუთარ კინოსამყაროში). ინდივიდუალური მუშაობისას მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია ფრანსუა ტრიუფოს შესახებ, გაეცანით მის ინტერვიუს ალფრედ ჰიჩკოკთან. იფიქრეთ რა მსგავსებაა, ამ ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული რეჟისორის კინოსამყაროში.

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ეს ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად გამოდგება ისტორიის სასწავლო მოდულში.

ავტორი მოქმედების ადგილად 1942 წლის სექტემბრის პარიზს ირჩევს, თეატრს მონმარტრზე! მაშინდელი პარიზული ყოფის შუაგულს და საფრანგეთის “კულტურულ მექას”. ჯგუფური მუშაობის დროს იმსჯელეთ, გერმანელების ოკუპაციის დროს როგორი იყო ევროპის სხვა ქვეყნების დედაქალაქების (რომი, ბერლინი, ვარშავა) კულტურული ცხოვრება. ეცადეთ მსჯელობისას განიხილოთ ყველა მიმართულება თეატრი, კინო, სახვითი ხელოვნება და ლიტერატურა. როგორ იყენებდა ნაცისტური ოკუპაცია “დაპყრობილი ქვეყნების” კულტურულ არსენალს.

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას1940-იანი წლების პარიზზე. პრეზენტაციისას წარმოადგინეთ ოკუპაციამდე არსებული და ოკუპაციის შემდგომი დედაქალაქის ყოფა: ქუჩები, კულტურული ცხოვრება, შენობები, სოციალური ფონი…

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის შემდგომი დისკუსიის და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება 1940-იანი წლების ოკუპირებულ პარიზზე, აღნიშნულ ისტორიულ მონაკვეთში ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაზე.

ტრეილერი

Play Video

გადმოწერე სასწავლო რესურსი

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

ახალი დროება (1936)

ფილმები

პარაზიტი (2019)

ფილმები

ნუ მოკლავ ჯაფარას (1962)

ფილმები

ახალგაზრდა აჰმედი (2019)

ფილმები