ფილმები

უარყოფითი რიცხვები (2019)

სინოფსისი

არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრებში მენტალური და ფიზიკური გაჯანსაღება იწყება.ფილმის მთავარ გმირს, ნიკას, არჩევანის გაკეთება უწევს მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის.

21-ე საუკუნე, თანამედროვე საქართველო.

  • უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“ რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. 2010-2012 წლებში, ავჭალის კოლონიაში რაგბისტები არასრულწლოვან დამნაშავეებს ვარჯიშებს უტარებდნენ. ფილმი შეიქმნა საქართველოს რაგბის კავშირისა და UNICEF-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ის, თუ როგორი შეცვალა რაგბის თამაშმა არასრულწლოვანი დამნაშავეების მენტალობა, ქართველი რეჟისორის სადებიუტო ფილმის ინსპირაცია გახდა.
  • საქართველო პოსტ-საბჭოთა ქვეყანაა, რომელსაც წარსულის „მძიმე“ მემკვიდრეობა ხვდა წილად. კრიმინალური მენტალიტეტი და ციხის შიდა სისტემის სამართავად შექმნილი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ ფენომენიც ამ მემკვიდრეობის ნაწილია. საბჭოთა კავშირში შექმნილი ალტერნატიული, კრიმინალური სისტემა, საბოლოოდ ისევ ტოტალიტარული რეჟიმის შემადგენელ ნაწილად იქცა.
  • “უარყოფითი რიცხვები” ერთი შეხედვით თითქოს პირდაპირ კავშირში არ არის ფილმის სიუჟეტთან. თქვენი აზრით რას უნდა ნიშნავდეს ფილმის სახელწოდება?
  • ფილმის მთავარი გმირი – ნიკა, სხვისი (უფროსი ძმის) დანაშაულის გამო იხდის სასჯელს. როგორია ის ფილმის დასაწყისში, რა მოვლენის შემდეგ ხდება მისი მენტალური „გაჯანსაღება“?
  • უტა ბერია ციხის სისტემას და“ქურდულ მენტალიტეტს“ რაგბის და ამ სპორტის ფილოსოფიას უპირისპირებს. როდის და როგორ იწყება არასრულწლოვანი პატიმრების მენტალური და ფიზიკური გაჯანსაღება ჩაკეტილი სისტემის და სივრცის პირობებში?
  • ფილმის ერთ-ერთ კულმინაციურ და დრამატურგიულად საკვანძო მომენტს, ერთ-ერთი პატიმრის (დაჩის) თვითმკვლელობა წარმოადგენს, თქვენი აზრით რა გახდა ამის მიზეზი, რამ უბიძგა ახალგაზრდას სიცოცხლე ასე დაესრულებინა?
  • “სისტემას ან ერგები, ან …”, “შენ თუ გაფუჭდები, შენს ადგილს სხვა დაიკავებს. სისტემა მყარია” – ეს ფრაზები ჟღერდება ფილმში. თქვენი აზრით რამდენად სურთ ახალგაზრდებს ამ სისტემას მოერგონ, ჰქონდათ კი მათ სხვა ალტერნატივა?
  • თქვენი აზრით, რა იყო რეჟისორის მიზანი როდესაც ამ ფილმს ჰქმნიდა?
  • რამდენად იზიარებენ ფილმის პერსონაჟები რაგბის მწვრთნელის მიერ გაჟღერებულ სიტყვებს „რაგბში ყველა ერთმანეთს ეხმარება, ყველა თანასწორია“. სისტემა, რომელის ახალგაზრდებს საკუთარ „იარაღად“ იყენებს მოიაზრებს თუ არა თავის თავში თანასწორობის პრინციპებსა და იდეას?
  • როგორია ფილმის ფინალის თქვენეული შეფასება, ფილმის რეჟისორი რომ იყოთ, როგორ დაასრულებდით?

დაწერე ფილმის შესახებ
ფილმის შექმნისას რეჟისორის მიზანს მაყურებლისთვის დრომოჭმული, მახინჯი მენტალური სისტემის გაცნობა წარმოადგენდა, რომელიც დღესაც ცოცხლობს და ახალგაზრდების ნაწილში დღემდე აქტუალურია. ქართველი ავტორი ერთმანეთს ორ სამყაროს უპირისპირებს და ახალგაზრდების მაგალითზე გვიჩვენებს გამოწვევებსა და დილემებს. გარდა ამ საკითხებისა, ფილმზე წერისას აქცენტი გააკეთეთ ფილმის სათაურზეც. რეჟისორი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: “უარყოფითი რიცხვები, ეს ის რიცხვებია, რომლებიც თან არსებობენ და თან არ არსებობენ“ და მისი ფილმის გმირებიც სწორედ ამ რიცხვებს ჰგვანან. ეს ადამიანები ჩვენი საზოგადოების ნაწილია, ოღონდ ის უჩინარი ნაწილი, რომელთაც ვერ ვხედავთ და ხშირად არც გვსურს დანახვა. წერის დროს იფიქრეთ, რამდენად რთულია ახალგაზრდებისთვის საზოგადოებისგან მუდმივ იზოლაციაში ყოფნა, რა გამოწვევების წინაშე დგებიან ახალგაზრდები რეჟიმთან დაპირისპირებისას, როგორ ექცევა საზოგადოება მათ?

ინდივიდუალური მუშაობისთვის
ფილმში ერთმანეთს ორი სრულიად განსხვავებული სისტემა ეჯახება: ციხე, ქურდული მენტალიტეტი და რაგბი, რომელიც „მხოლოდ სპორტი არ არის და ცხოვრების წესია“ იფიქრეთ, რამდენად რთულია ახალგაზრდებისთვის ორ „ძალისმიერ სისტემას“ შორის ყოფნა. რაგბის ფილოსოფია კონფრონტაციაშია ციხის მკაცრად კონტროლირებად იერარქიულ სისტემასთან. მაშინ როცა „მოედანზე ყველა თანასწორია“ ციხეში თანასწორობა ილუზორულ ცნებად რჩება. იფიქრეთ, როდის იწყება ცვლილებები ფილმის პერსონაჟებში. როგორ და რა ფორმით აკეთებენ ისინი არჩევანს. გაიხსენეთ სხვა ფილმები, სადაც სხვადასხვა სისტემების დაპირისპირებაა ასახული. მოიძიეთ ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც „უარყოფით რიცხვებს“ თემატურად ეხმიანება.

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ეს ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად გამოდგება სამოქალაქო განათლების სასწავლო მოდულში (ადამიანის უფლებების ჭრილში).

დაჩის თვითმკვლელობის ეპიზოდი ნიკასთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ის ციხის ეკლესიის მოძღვარს დაჩის ლოცვებში მოხსენიებას სთხოვს, უარს იღებს! მისი არავის ესმის, არც მეგობრებს, ან სულიერ მოძღვარს. ცალსახაა, რომ მოზარდის სიკვდილში ნიკა, საკუთარ თავს ადანაშაულებს. გაიხსენეთ, ვაჟა ფშაველას ალუდა ქეთელაური, რომელიც მოკლული მუცალის სულისთვის ხარს სწირავს. ალუდა საბოლოოდ თემიდან მოიკვეთება! რა ხდება ნიკას შემთხვევაში? შეუძლია თუ არა მას ჩაკეტილი სივრციდან გაღწევა და რა ხდება მაშინ, როდესაც „ალუდა“ ვერსად მიდის!

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებს უფრო მეტი ეცოდინებათ პოსტ-საბჭთა საქართველოს იმ რელობაზე, რომელსაც ციხის სისტემა ჰქვია. ასევე, ამ სისტემაში ახალგაზრდების როლზე.

ტრეილერი

Play Video

გადმოწერე სასწავლო რესურსი

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

ქუჩის დღეები (2010)

ფილმები

სხვების ცხოვრება (2006)

ფილმები

გრძელი ნათელი დღეები (2013)

ფილმები

ბაჭია ჯოჯო (2019)

ფილმები