ფილმები

სასტუმრო ტრანსილვანია (2012)

სინოფსისი

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, გრაფი დრაკულა ყველასგან მივიწყებულ ადგილას სასტუმრო “ტრანსილვანიას” აშენებს, სადაც შვილთან და დანარჩენ მონსტრებთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს. მათი უდარდელი ყოფა მას შემდეგ იცვლება, როდესაც მოულოდნელად გზააბნეული ტურისტი „ტრანსილვანიის“ კარს მიადგება.

  • ტრანსილვანია ლათინურად „ტყის გაღმა მხარეს” ნიშნავს. ეს რუმინეთისა და უნგრეთის სადავო ისტორიული ოლქია. რეგიონში მრავლადაა გოთიკური სტილის ნაგებობები. ამ ადგილს ხშირად უწოდებენ „ვამპირების სამშობლოს“, უფრო ხშირად კი უკავშირებენ ვლად „დრაკულა“ ცეპეშის სახელს.
  • ვლად ცეპეში, იგივე ვლად დრაკულა (რაც დრაკონის ძეს ნიშნავს) ვლახეთის მმართველი იყო 1448-1476 წლებში. მისი პიროვნების შესახებ ლეგენდა და რეალური ისტორიული ფაქტები თავს იყრის ბრემ სტოკერის რომანში „დრაკულა”.
  • ფრანკენშტაინი მერი შელის რომანის „ფრანკენშტაინი ანუ თანამედროვე პრომეთე“ მთავარი პერსონაჟია. აღნიშნული რომანი, საფუძვლად დაედო არაერთ ფილმს კინოს ისტორიაში.
  • ვამპირი მითოლოგიური არსებაა, ხშირად გვხვდება სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორშიც, მათ აღწერენ როგორც გაცოცხლებული ადამიანის ცხედრებს, რომლებიც ადამიანის ან ცხოველის სისხლით იკვებებიან. ვამპირების შესახებ კინოს ისტორიაში უამრავი ფილმი შეიქმნა, ერთ-ერთი პირველია 1922 წელს შექმნილი ფრიდრიხ მურნაოს „ნოსფერატუ – საშინელებათა სიმფონია“.
  • 1895 წელს მეუღლე მარტას გარდაცვალების შემდეგ შავი რაინდი – გრაფი დრაკულა, მონსტრებისთვის განკუთვნილ სასტუმრო ტრანსილვანიას აშენებს. რა არის ამის მიზეზი?
  • დაახასიათეთ გრაფი დრაკულას პერსონაჟი, როგორია მისი დამოკიდებულება საკუთარი გოგონას მიმართ ფილმის დასაწყისში და როგორ იცვლება „დაუპატიჟებელი სტუმრის“ გამოჩენის შემდეგ?
  • რატომ არ უყვართ მონსტრებს ადამიანები და პირიქით, რატომ ერჩიან ადამიანები მონსტრებს. რა ხერხებით და მეთოდებით ცდილობს დრაკულა საკუთარი გოგონას ადამიანთა სამყაროსგან დამალვას?
  • რა რეაქცია აქვს დრაკულას როდესაც აღმოაჩენს, რომ მის ქალიშვილსა და “ტურისტს” ერთმანეთი უყვართ?
  • ფილმის რომელი პერსონაჟია თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და რატომ?
  • კინოს ისტორიას თუ გადავხედავთ, მონსტრების შესახებ ფილმებში ადამიანებს ეშინიათ მათი. ანიმაციაში კი პირიქით – მონსტრებისათვის წარმოადგენს საფრთხეს ადამიანთან ურთიერთობა. თქვენი აზრით რატომ წარმოადგინა ამ ფორმით მონსტრების სამყარო რეჟისორმა?
  • ფილმის რეჟისორი რომ ყოფილიყავით შეცვლიდით თუ არა ანიმაციის ფინალს?

დაწერე ფილმის შესახებ
„სასტუმრო ტრანსილვანია“ ადამიანების და მონსტრების სამყაროს გვაცნობს, უფრო სწორედ, მონსტრების სამყაროს სხვა პერსპექტივით გვიჩვენებს. ადამიანების და ვამპირების დაპირისპირება სათავეს ძველ ისტორიულ წარსულში იღებს. მითოლოგიზირებული არსებების რეალურობის ბევრს სჯერა, ზოგისთვის კი მხოლოდ ფილმებისთვის შექმნილი პერსონაჟები არიან. რეცენზიის წერისას აქცენტი გააკეთეთ დრაკულას პერსონაჟზე, რატომაა ის ტრაგიკული? რატომ არ უყვარს ადამიანები? რა მოვლენები ახდენს მასში ძირეულ გარდატეხას. როგორია მისი დამოკიდებულება სასტუმროს ბინადარ სხვა მონსტრებთან? ფილმი განიხილეთ ვიზუალური თვალსაზრისით, რამდენად დაემთხვა რეჟისორ გენდი ტარტაკოვსკის მიერ შემოთავაზებული პერსონაჟები თქვენს წარმოსახვაში არსებულ ზღაპრულ, მისტიურ გმირებს (დრაკულა, ფრანკენშტაინი…).

ინდივიდუალური მუშაობისთვის
ხშირად გვიწევს ჩვენგან რადიკალურად განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა. ეს განსხვავება შეიძლება გამოიხატებოდეს გარეგნობაში, ბიოლოგიურ მოცემულობასა და ქცევაში, აზროვნების სტილსა თუ ემოციების, გრძნობების, აზრების თვითგამოხატვაში. აღნიშნული ანიმაციის საფუძველზე იმსჯელეთ, რამდენად დიდია მიმღებლობა ჩვენ საზოგადოებაში განსხვავებული ადამიანების მიმართ. რამდენად ხშირად ვხდებით სტერეოტიპების მსხვერპლი. აღნიშნულ პრობლემაზე უკეთ დასაფიქრებლად, გირჩევთ ნახოთ ტიმ ბარტონის ფილმი „ხელმაკრატელა ედვარდი“.

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
კინოს ისტორიას დრაკულას პერსონის არაერთი ეკრანიზაცია ახსოვს. იქნება ეს ფრენსის ფორდ კოპოლას „დრაკულა“ თუ თანამედროვე ჰოლივუდის პროდუქცია „Dracula Untold”(2014). ჯგუფური მუშაობისას იმსჯელეთ, რა ჰქონდა დრაკულას, როგორც  პერსონას ისეთი, რაც დღემდე ინტერესის და კვლევის საგანია. მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია მის შესახებ, ნახეთ კინოს ისტორიაში შექმნილი ფილმები ვამპირების, კონკრეტულად კი დრაკულას პერსონის ირგვლივ, გააანალიზეთ, რომელი მათგანია ყველაზე ახლოს ისტორიულ სინამდვილესთან და რომელი ავტორის ინტერპრეტაციაა თქვენთვის ყველაზე საინტერესო.

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას. ანიმაციური ფილმი „სასტუმრო ტრანსილვანია“ უამრავ პერსონაჟს აერთიანებს. აირჩიეთ ერთი კონკრეტული, ან რამდენიმე მათგანი. შექმენით მათ შესახებ ნახატი, მოკლე ანიმაციური ფილმი, სივრცითი ფიგურა.

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიისა და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება გრაფი დრაკულას პერსონის შესახებ.

ტრეილერი

Play Video

გადმოწერე სასწავლო რესურსი

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

უარყოფითი რიცხვები (2019)

ფილმები

ელისო (1928)

ფილმები

ნუ მოკლავ ჯაფარას (1962)

ფილმები

უკანასკნელი მეტრო (1980)

ფილმები