ფილმები

პატარა ქალები (2019)

სინოფსისი

ფილმში ასახულია ოთხი დის გასაოცარი ისტორია, ისინი დედასთან ერთად ცხოვრობენ, მამა ბრძოლის ველზე იკარგება, ამერიკაში სამოქალაქო ომია! ოჯახი მძიმე ფინანსურ კრიზისს განიცდის, მიუხედავად ყოფითი სირთულეებისა, გოგონების ერთმანეთისადმი სიყვარული, ოჯახური ბედნიერება და უანგარო კეთილშობილება ყველა განსაცდელს ამარცხებს!

მე-19 საუკუნე, ამერიკა. 21-ე საუკუნე, ჰოლივუდი.

  • “პატარა ქალები“ (Little Women) ამერიკელი მწერლის, რომანისტის და პოეტის ლუიზა მეი ოლკოტის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. რომანი თავდაპირველად ორ ტომად გამოიცა 1868 და 1869 წლებში. წიგნი ბესტსელერად მალევე იქა, ამიტომ ოლკოტმა ორივე ტომი გააერთიანა და 1880 წელს ერთი რომანის, წიგნის სახე მისცა. წიგნში მოთხრობილია ოთხი დის – მეგის, ჯოს, ბეთის და ემის ცხოვრება ბავშობიდან ზრდასრულ ასაკამდე, ნაწარმოებში ასახული სიუჟეტური პასაჟები დაფუძნებულია ავტორის და მისი სამი დის რეალურ ცხოვრებაზე. ამერიკელმა მწერალმა „პატარა ქალების“ შემდეგ გამოსცა კიდევ ორი წიგნი „პატარა კაცები“ 1871 წელს და ჯოს ბიჭები“ 1886 წელს.
  • წიგნი, რომლის პერსონაჟების პროტოტიპები ავტორის ოჯახის წევრები არიან, დაიწერა მასაჩუსეტსის შტატში, კონკორდში მდებარე სახლში – Orchard House, რომელსაც 350-წლიანი ისტორია აქვს. ამ სახლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „Orchard House: Home of little Women” 2019 წელს სატელევიზიო პრემია „ემით“ დაჯილდოვდა.
  • ოლკოტის პირველი ნაწარმოები „გავები ყვავილებზე“, 22 წლიდან დაწერა, პირველი აღიარება კი 1861-1865 წლების სამოქალაქო ომის დროს ჯორჯთაუნის სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობისას ოჯახისთვის მიწერილი წერილების გამოცემამ მოუტანა.
  • „პატარა ქალები“ კლასიკური ამერიკული ლიტერატურის ყველაზე ხშირად ტირაჟირებული რომანია, ის 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.
  • ლუიზა მეი ოლკოტის წიგნის პირველი ეკრანიზაცია 1917 წელს განხორციელდა. (შემდეგ იყო 1918, 1949 წლის ეკრანიზაციები) 1933 წლის ეკრანიზაცია, ქეთრინ ჰეპბერნით მთავარ როლში, დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. მაყურებლებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ჯილიან არმსტრონგის 1994 წელს სამ ოსკარზე ნომინირებული ფილმი, მთავარ როლებში: უაინონა რაიდერი, კირსტენ დანსტი, კლერ დენისი, სუზან სარანდონი.
  • “პატარა ქალების“ 1933 წლის ეკრანიზაციაში ჯოს როლს, კინოს ისტორიაში ყველაზე მეტი ოსკარის (4) მფლობელი, ამერიკელი მსახიობი, ქეთრინ ჰეპბერნი ასრულებს, გრეტა გერვინგის ვერსიაში კი – რეჟისორის ფავორიტი ახალგაზრდა მსახიობი სირშა რონანი.
  • მსოფლიო კინოს ისტორიაში 1917 წლიდან დღემდე „პატარა ქალების“ ათამდე ეკრანიზაცია არსებობს. თქვენი აზრით, თანამედროვე ჰოლივუდში რატომ დადგა ისევ, კლასიკური ლიტერატურის ეკრანიზაციის საჭიროება, რატომ არ კარგავს დღეს, 21-ე საუკუნეში, წიგნი აქტუალობას?
  • ჯოს პერსონაჟი ფილმში მწერალია, რომელიც ფსევდონიმით წერს, თქვენი აზრით რატომ ვერ აქვეყნებდნენ ქალები საკუთარ შემოქმედებას რეალური სახელით, რა იყო ამის მიზეზი?
  • რომანშიც და ფილმშიც ეს საკითხები წინა პლანზეა წამოწეული: სახლის ე.წ. ქალის საქმე, სამსახური და ჭეშმარიტი სიყვარული… როგორ ახერხებენ ფილმის პერსონაჟები ამ მოცემულობაში ოქროს შუალედის დაცვას? და რა არჩევანს აკეთებს საბოლოოდ თოთოეული მათგანი?
  • შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ოთხი დის პერსონაჟიდან, რომელიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ან მეორეხარისხოვანია?
  • მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკაში მძიმე პოლიტიკური ვითარებაა, რაც თავის მხრივ სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზეც აისახა. ქვეყანაში არსებული რთული დროება რა ფორმით შემოდის ფილმში? რამდენად აკეთებს აქცენტს რეჟისორი ამერიკულ პოლიტიკურ პროცესებზე?
  • თანამედროვე სამყარო თითქოს შეთანხმდა გენდერულ თანასწორობაზე, მე-20 საუკუნის გამოცდილებამ, 21-ე საუკუნეს ბევრი სასიკეთო შედეგი მოუტანა. თქვენი აზრით რამდენად თავისუფლები არიან დღეს ქალები სამსახურსა და სიყვარულს შორის, საოჯახო საქმესა და პროფესიას შორის არჩევანის გაკეთებისას?
  • რა იყო რეჟისორ გრეტა გერვინგის მთავარი მოტივაცია და სათქმელი ფილმის შექმნისას, იკვეთება თუ არა „პატარა ქალებში“ ავტორის პოზიცია? რომელ პერსონაჟზე აკეთებს ის განსაკუთრებულ აქცენტს? თუ ფილმში წარმოდგენილი ყველა გმირი მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია?
  • თქვენი აზრით, როგორია გოგონებისა და მათი პარტნიორი მამაკაცების ურთიერთობა, რამდენად საინტერესოდაა ფილმში მამაკაცი პერსონაჟები წარმოდგენილი, რა კონკრეტული თვისებების მატარებლები არიან ისინი?
  • რეჟისორი გრეტა გერვინგი რამდენად ინტერესდება ფილმში ქალთა უფლებებისა გენდერის საკითხებით? რა კონკრეტულ სიუჟეტურ პასაჟებში იკვეთება ეს ყოველივე?
  • ფილმიდან გამომდინარე, იმსჯელეთ რა გამოწვევებისა და სირთულეების გადატანა უხდებოდათ თავისუფლად მოაზროვნე, „ემანსიპირებულ“ ქალებს, გოგონებს, მე-19 საუკუნის ამერიკაში?
  • 1994 და 2019 წელს შექმნილი ფილმების რეჟისორები ქალები არიან. სხვა შემთხვევაში ფილმის რეჟისორებად მამაკაცები გვევლინებიან. გირჩევთ, უყუროთ „პატარა ქალების“ სხვადასხვა ვერსიას და იფიქროთ, რამდენად მნიშვნელოვანია, როცა „ქალების თემით“ ქალი ავტორი ინტერესდება?

დაწერე ფილმის შესახებ
ლიტერატურის კრიტიკოსები „პატარა ქალებს“ განიხილავენ როგორც ავტობიოგრაფიულ რომანს. ფილმზე წერის დაწყებამდე გაეცანით ლუიზა მეი ოლკოტის ბიოგრაფიას, ლიტერატურულ პირველწყაროს, ნახეთ სხვადასხვა დროს მსოფლიო კინემატოგრაფში შექმნილი ეკრანიზაციები. შეადარეთ „პატარა ქალების“ გრეტა გერვინგისეულ ინტერპრეტაციას. ეცადეთ, რეცენზიის წერისას დაახასიათოთ თითოეული პერსონაჟი: მეგი, ჯო, ბეთი და ემი. განიხილეთ მათი ურთიერთობა მშობელთან (დედა) და მამაკაცებთან ურთიერთობის კონტექსტში. ამას გარდა, მოიძიეთ დამატებითი ისტორიული ცნობები მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკაზე. ეცადეთ წერის დროს აქცენტირდეთ შემდეგ საკითხებზე: სოციალური სამართლიანობა, მწერლობა როგორც ქალისთვის მიუღებელი პროფესია მე-19 საუკუნის დასავლურ კულტურაში, მეგობრობა, ქალური სოლიდარობა, პროფესია და ოჯახის მნიშვნელობა. და ბოლოს, დაფიქრდით, რას უნდა ნიშნავდეს წიგნის/ფილმის სათაური „პატარა ქალები“?

ინდივიდუალური მუშაობისთვის
დაფიქრდით რა გამოწვევების წინაშე იდგნენ ამერიკაში ქალები მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. რას ნიშნავდა ქალისთვის მწერლობა და რას ნიშნავს დღეს. საკითხის უფრო სიღრმისეულად გასაცნობად, გირჩევთ გაეცნოთ, მე-20 საუკუნის ინგლისელი მწერლის და ესეისტის, ვირჯინია ვულფის წიგნს „საკუთარი ოთახი“. დაფიქრდით რა საკითხებს წევს წინა პლანზე ვულფი და როგორ ეხმიანება მეი ოლკოტის პერსონას და მის ავტობიოგრაფიულ წიგნს „პატარა ქალები“? ეცადეთ „პატარა ქალები“ (წიგნი/ფილმი) და „საკუთარი ოთახი“ განიხილოთ გენდერის, ქალთა უფლებების (ფემინისტური თეორიების გამოყენებით) ჭრილში.

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ეს ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ლიტერატურის, ისტორიის და სამოქალაქო განათლების სასწავლო მოდულში.

ლუიზა მეი ოლკოტი, მისი რომანის გმირების მსგავსად მრავალრიცხოვან ოჯახში იზრდებოდა:მას სამი და ჰყავდა. სიღარიბემ ლუიზა აიძულა, ადრეული ასაკიდანვე დაეწყო მუშაობა. ჯგუფური მუშაობისას იმსჯელეთ, ფილმის რომელი პერსონაჟია მწერლის და რეჟისორის პროტოტიპი? ეცადეთ წარმოადგინოთ ოთხივე დის პოზიცია და მსოფლმხედველობა შემდეგ საკითხებთან მიმართებაში: საშინაო შრომა, განათლება, სიყვარული და ოჯახი. ფილმის პერსონაჟები თანამედროვე სამყაროში რომ დაბადებულიყვნენ, მოუწევდათ კი ფილმში ასახული დილემის წინაშე დადგომა? როგორია გოგონებისა და ბიჭების ურთიერთობა? რამდენად იჭრება ამერიკის სამოქალაქო ომი მათ ოჯახურ იდილიასა და სიყვარულში? მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი ქართულ სინამდვილეს რომ მოვარგოთ, რამდენად საინტერესო სურათს მივიღებთ? რომელი ქალი ავტორები გვყავდა მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დამდეგს, რა თემებით ინტერესდებოდნენ ისინი, რამდენად იკითხებოდა მათ ნაწარმოებებში ქალის თავისუფლების საკითხი? ჯგუფთან ერთად მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია მე-20 საუკუნის, 1920-იანი წლების ქართველ პოეტზე ელენე დარიანზე, რომლის სახელი და გვარიც თითქმის მთელი საუკუნის მანძილზე მამაკაცის (პაოლო იაშვილის) ფსევდონიმი ეგონათ.

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას: შექმენით მე-19 საუკუნის ამერიკის მეორე ნახევრის სამოქალაქო ომის პერიოდის ვიზუალური მასალა. ამას გარდა აირჩიეთ „პატარა ქალების“ ეკრანიზაციებიდან თქვენთვის ყველაზე საინტერესო და მის შესახებ წარმოადგინეთ პრეზენტაცია, გამოიყენეთ ფილმიდან ვიზუალური მასალა.

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიისა და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკაზე, ფემინისტურ ლიტერატურასა და მის კინემატოგრაფიულ ინტერპრეტაციაზე.

ტრეილერი

Play Video

გადმოწერე სასწავლო რესურსი

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

ფიროსმანი (1969)

ფილმები

ნუ მოკლავ ჯაფარას (1962)

ფილმები

ბასკია (1996)

ფილმები

კოკო (2018)

ფილმები