ფილმები

პარაზიტი (2019)

სინოფსისი

კიმების ღარიბ ოჯახში ყველა უმუშევარია. მათი ცხოვრება რადიკალურად იცვლება, მას შემდეგ, როცა უფროსი ვაჟი პარკების მდიდარ ოჯახში იწყებს სამსახურს. ისინი, ცდილობენ სხვების მდიდარი ცხოვრების ხარჯზე, საკუთარი სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის გამოსწორებას. ორ ოჯახს შორის ჩამოყალიბებული „უცნაური“ ურთიერთობა, ყველასთვის მოულოდნელი ფინალით მთავრდება.

21- საუკუნე, სამხრეთ კორეა.

  • ბონგ ჯუნ ჰო სამხრეთ კორეელი რეჟისორია. მისი ფილმი “პარაზიტი“ 2019 წელს კანის, რიგით 72-ე ფესტივალის მთავარი პრიზის „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი გახდა. ის პირველი კორეელი რეჟისორია, რომელმაც კანის ფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა. ამას გარდა, 2020 წელს ჯუნ ჰოს ფილმმა მოიპოვა ოთხი ოსკარი შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო რეჟისურა და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი. აღსანიშნავია, რომ ამერიკის კინოაკადემიის ისტორიაში „პარაზიტი“ პირველი უცხოენოვანი ფილმია, რომელმაც საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.
  • კორეა 1910-1945 წლებში იაპონიის კოლონია იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კორეა დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა და ორად გაიყო. 1950 წელს საბჭოთა კავშირის და ჩინეთის დახმარებით ჩრდილოეთ კორეა თავს დაესხა სამხრეთს და „კორეის ომი“ დაიწყო, რომელიც 1953 წელს დასრულდა. ჩრდილოეთში დღემდე კომუნისტურ-დიქტატორული რეჟიმია, სამხრეთ კორეა კი დემოკრატიული სახელმწიფოა.
  • სამხრეთ კორეა ადამიანების განვითარების ინდექსის მიხედვით აღმოსავლეთ აზიის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. მოქალაქეების დიდი ნაწილი ცხოვრების ძალიან მაღალი ხარისხით სარგებლობს (ხელფასი, ჯანდაცვა, ბიზნესი). ქვეყნის ეკონომიკა 1.6 ტრილიონი დოლარია. მოსახლეობა 52 მლნ. ადამიანი. ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ტექნოლოგიებია, 2013 წლის მონაცემებით კორეაში ყოველი დასაქმებული 1000 ადამიანიდან 13 მეცნიერი იყო.
  • ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ამავდროულად  კლასობრივი უთანასწორობის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს.
  • 2018 წელს ბონგ ჯუნ ჰომ ნეტფლიქსის დაფინანსებით გადაიღო  „ოკჯა“. ფილმი კანის ფესტივალზე აჩვენეს, მაგრამ ავტორისათვის ეს ნამუშევარი წარუმატებელი აღმოჩნდა. 2019 წელს რეჟისორი სამხრეთ კორეაში ბრუნდება და ჰქმნის თანამედროვე კინოს ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევარს „პარაზიტი“.
  • რას უნდა ნიშნავდეს ფილმის სათაური „პარაზიტი“, ვინ მოიაზრება ამ სიტყვაში – კიმების ღარიბი ოჯახი, პარკების მდიდარი ოჯახი, თუ ორივე ერთად?
  • ფილმში ვხვდებით პერსონაჟების ე.წ. სარკისებურ,  სიმეტრიულ მოცემულობას: კიმების ოჯახი – დედა, მამა, გოგონა, ვაჟი და პარკების ოჯახშიც ზუსტად ეს შემადგენლობაა. თქვენი აზრით ეს შემთხვევითია, თუ რეჟისორისთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს?
  • გასაჭირში მყოფ ადამიანებს, როგორც წესი, აქვთ ხოლმე უკეთესი მომავლის იმედი. ფილმის დასაწყისში, უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, როგორია კიმების ოჯახის ყოფა და მათი ზოგადი განწყობა?
  • ფილმში ყველაფერი მაშინ იცვლება, როდესაც ოჯახის ერთ-ერთ წევრს მეგობარი მდიდარ ოჯახში მის ნაცვლად მასწავლებლის ადგილს სთავაზობს. მისი და დიპლომს აყალბებს და იწყება ტყუილის უსასრულო ჯაჭვი… რამდენად გამართლებულია თქვენთვის მათი საქციელი? ჰქონდათ თუ არა მათ ალტერნატივა?
  • ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი რამდენიმე ნაწილად/ამბად რომ დავყოთ და კონკრეტულ ჟანრებს რომ მივაკუთვნოთ. სად არის ფილმის კულმინაცია და როგორია „პარაზიტის“ ჟანრული ჩარჩო?
  • როდის და როგორ იცვლება ჟანრი კომედიიდან-ტრაგედიაში, როდის გამოდის მწყობრიდან  ღარიბი ოჯახის “იდეალური გეგმა”?
  • ფილმში არაერთი სიმბოლო ან ვიზუალური სახე/ხატია, რომელიც ღარიბი ოჯახის ყოფის (ან პირიქით მდიდარი ოჯახის) აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს. რეჟისორი ფილმში აქცენტს ადამიანისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ სუნზე აკეთებს. სუნი, რომელიც „ღარიბებს ასდით“ და მდიდარი ადამიანისთვის შემაწუხებელია, გაიხსენეთ ეპიზოდები ფილმიდან, სადაც ეს თემაა აქცენტირებული.
  • ჭექა-ქუხილის შემდეგ ქალაქში კოკისპირულად წვიმს, თუ მდიდრებისთვის ეს უბრალოდ წვიმაა, ღარიბი ადამიანებისთვის საცხოვრებელი ადგილის დაკარგვას მოასწავებს. როგორ ებრძვიან ისინი სტიქიას? ამ ეპიზოდში რამდენად  ჩანს კიმების ოჯახის გადარჩენისთვის ბრძოლა ? რატომ ექცევა ავტორი ასე თავის გმირებს?
  • თანამედროვე სამყარო, ამ შემთხვევაში სამხრეთ კორეა, დაყოფილია მდიდრების და ღარიბების სივრცედ, რომელთა შორის ზღვარი ძალიან დიდია! „პარაზიტში“ ასახული რეალობა, შეიძლება ითქვას ზედმიწევნით იმეორებს ქვეყნაში არსებულ ვითარებას. თქვენი აზრით რატომ ღარიბდებიან ადამიანები ან და პირიქით როგორ იქცევიან ისინი მდიდრებად?  რა განსაზღვრავს სიმდიდრეს: ოჯახი, განათლება, სამსახური, სისტემა თუ თავად ადამიანი ?

დაწერე ფილმის შესახებ
პარაზიტი ღარიბი ოჯახის ისტორიაა, რომელიც მდიდარი ოჯახის მოსამსახურე ხდება. თუმცაღა, ზედაპირზე არსებული თითქოს მარტივი სიუჟეტური ხაზის მიღმა, ფილმში სულ სხვა სამყარო იშლება. ყურადღება მიაქციეთ, სარდაფში აღმოჩენილი ადამიანის პოვნის შემდეგ, თუ როგორ იცვლება იერარქია პერსონაჟებს შორის. ფილმზე წერის დროს, ეცადეთ გასცდეთ მარტივ ფაბულას. აქცენტი გააკეთეთ პერსონაჟებზე, არა მხოლოდ მათ გეგმაზე – შეაღწიონ მდიდრულ საცხოვრებელში და რაღაც თვალსაზრისით მიისაკუთრონ სხვების ცხოვრება, არამედ მათ მოტივაციაზეც. ” პარაზიტი” არ  არის კლასიკური გაგებით ჟანრული კინო, ავტორი მუდმივად ეთამაშება მაყურებელს ჟანრებით. რეჟისორი ასე მოიხსენიებს ფილმს: სასაცილო, შემზარავი და სევდიანი! წერის პროცესში ეცადეთ ჟანრულ თავისებურებებზეც აქცენტირდეთ. რამდენად მისაღებია თქვენთვის ფილმის ფინალი?

ინდივიდუალური მუშაობისთვის
ეპოქალური კონტექსტების გამოყენებით, მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია სამხრეთ კორეის შესახებ. იფიქრეთ რა არის იმის, მიზეზი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა „პარაზიტში“ ასახული რეალობის პირდაპირი გამტარია. რატომ მდიდრდებიან ან პირიქით , რატომ ღარიბდებიან ადამიანები. რატომ იყოფა დღემდე სამყარო ორ საპირისპირო პოლუსად. თქვენი აზრით, რა არის ამგვარი უთანასწორობის მიზეზი. მოიძიეთ სამხრეთ კორეის მსგავსი ეკონომიკური განვითარების ქვეყნები და საკუთარი მოსაზრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე განაზოგადეთ.  გაიხსენეთ, ფილმი ან ლიტერატურული ნაწარმოები რომელიც ფილმში არსებულ თემას/პრობლემას ეხმიანება.

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ეს ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად გამოდგება ისტორიის, სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიის სასწავლო მოდულში.

სასურველია, თუ პედაგოგთან ერთად განიხილავთ თანამედროვე მსოფლიოში, კერძოდ აღმოსავლეთ აზიაში მიმდინარე სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ მოვლენებს. იმსჯელეთ რა არის კაპიტალიზმი და რა ტიპის ცვლილებები განხორციელდა ბოლო პერიოდში სამხრეთ კორეის სახელმწიფოში, ამ პროცესებმა  როგორ განსაზღვრა მოსახლეობის მომავალი? ფილმი „პარაზიტი“ პირდაპირი მნიშვნელობით ღარიბი ოჯახის საცხოვრებელი სივრცის ფანჯრიდან იწყება, ტიტრები მინაზე იკითხება. თითქოს, ამ ფორმით გვაცნობს რეჟისორი სიღარიბეს. ავტორის თქმით: “ნახევრად სარდაფის ტიპის საცხოვრებელი, კორეაში ღარიბი ადამიანების ყოფის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ნახევრად სარდაფში ყოფნა, ნახევრად მიწის ზემოთ ყოფნასაც გულისხმობს“. ეთანხმებით თუ არა ამ ფრაზას? ეპოქალური კონტექსტების გათვალისწინებით, ჯგუფთან ერთად იმსჯელეთ რას ნიშნავს „მიწის ზევით ყოფნა“ ან პირიქით, რამდენად რთულია“ნახევრად მიწაში“ ცხოვრება.

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ  ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მოარგონ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც სამხრეთ კორეის სახელმწიფოს წარმოადგენენ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ ჭრილში.

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიისა და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება თანამედროვე კორეაში არსებულ რეალობაზე, აგრეთვე ბონგ ჯუნ-ჰოს შემოქმედებაზე.

ტრეილერი

Play Video

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

უარყოფითი რიცხვები (2019)

ფილმები

ამადეუსი (1984)

ფილმები

გზა (1954)

ფილმები

400 დარტყმა (1959)

ფილმები