ფილმები
ნუ მოკლავ ჯაფარას (1962)
სინოფსისი
1930-იან წლების ამერიკაში, ალაბამაში მცხოვრები ატიკუს ფინჩი ადგილობრივი იურისტია, მას ორი შვილი ჰყავს (სკოტი და ჯემი) და ძალადობაში ბრალდებულ უდანაშაულო შავკანიანს იცავს.
მე-20 საუკუნე, 1930-იანი წლების ამერიკა.
- რობერტ მულიგანის ფილმი გადაღებულია ამერიკელი მწერლის, ჰარპელ ლის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით და 1960-იან წლებში ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო მიიღო.
- წიგნში და ფილმში ასახული მოვლენები დიდი დეპრესიის დროს ვითარდება. ეს გახლდათ გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ამერიკაში 1929 წელს დაიწყო და 10 წელს გასტანა.
- 1936 წელს ამერიკაში, ალაბამას შტატში, რამდენიმე შავკანიანი მამაკაცი დააპატიმრეს თეთრკანიანი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით, მტკიცებულებების სიმცირე და არასაკმარისი ფაქტები სასამართლომ არ სცნო და შავკანიან „დამნაშავეებს“ მრავალწლიანი სასჯელი ხვდათ წილად. მათგან მხოლოდ ერთს სიკვდილით დასჯა მიესაჯა! ეს ამბავი საფუძვლად დაედო ამერიკელი მწერლის ჰარპერ ლის წიგნს „ნუ მოკლავ ჯაფარას“. რომანი 1960 წლის 11 ივლისს გამოიცა. მასში ასახული ამბები და მოვლენები ავტორის ბავშვობის სამხრეთული მოგონებების გამოძახილია ოჯახზე, მეგობრებსა და მეზობლებზე. ალაბამა ჰარპერ ლის მშობლიური შტატია და აღნიშნული ინციდენტის დროს ავტორი 10 წლის გოგონა იყო.
- რეჟისორ რობერტ მულიგანს ფილმის გადაღება ალაბამაში, ჰარპერ ლის მშობლიურ ქალაქში სურდა. გადაღებები 1960-იან წლებში მიმდინარეობდა და ცხადია 1930-იანი წლების შემდეგ ქალაქის იერსახე მკვეთრად იყო შეცვლილი. სწორედ ამიტომ ჰოლივუდში, სტუდია „უნივერსალში“, მულიგანის ახალი ფილმისთვის პარპერ ლის ბავშვობის ქალაქის პავილიონი ააშენეს.
- ჰარპერ ლის წიგნი ინგლისელი მწერლის და ესეისტის, ჩარლზ ლემის სიტყვებით იწყება „ყველა ვექილი ოდესღაც ბავშვი იყო“, თქვენი აზრით რას უნდა ნიშნავდეს ეს ფრაზა? რა კავშირშია ფილმთან?
- რას ნიშნავს ფილმის სათაური? რატომ არ უნდა მოვკლათ ჯაფარა?
- ატიკუს ფინჩი ადვოკატია, მისთვის ადამიანის ღირსება უმაღლესი ფასეულობაა. როგორ გვაცნობს რეჟისორი მას ფილმის დასაწყისში, როდის და როგორ ავლენს პერსონაჟი ყველაზე მძაფრად თავის რეალურ სახეს?
- ფილმში განვითარებული მოვლენები, 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის პერსპექტივიდანაა დანახული, რომელიც ადგილობრივი ვექილის (ადვოკატის) ატიკუს ფინჩის შვილია. როგორია ბავშვების თვალით დანახული სიმართლე და სამართლიანობა?
- მოსამართლემ და ნაფიცმა მსაჯულებმა თითქოს თავიდანვე იციან განაჩენი, მაგრამ ატიკუს ფინჩი თავდაუზოგავად ცდილობს სიკვდილმისჯილი შავკანიანი „დამნაშავის“ გადარჩენას, რა მეთოდს და გზებს მიმართავს ის სასამართლო პროცესზე, როგორია მისი „თამაშის წესები“?
- რატომ უპირისპირდება მთავარ გმირს, ატიკუს ფინჩს, საზოგადოების დიდი ნაწილი?
- ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი თეთრკანიანი რომ ყოფილიყო, როგორ განვითარდებოდა ფილმის სიუჟეტი, როგორი იქნებოდა საბოლოო ვერდიქტი?
- რატომ არის დღემდე აქტუალური „ნუ მოკლავ ჯაფარას“? დღევანდელ საზოგადოებაში რა ფორმით ვლინდება ის საკითხები რაც ფილმშია (წიგნში) ასახული?
- სიძულვილი შავკანიანი ადამიანების მიმართ და ბრძოლა, რომელსაც ატიკუს ფინჩი წამოიწყებს – ეს ორი მოვლენა ფილმში მცირეწლოვანი ადამიანების პერსპექტივიდანაა წარმოდგენილი. ისინი ხედავენ, თუ როგორ იბრძვის მათი მშობელი მაღალი მორალური პრინციპებისთვის, ეთანხმებიან და გულშემატკივრობენ მას. აღწერეთ, თუ როგორია ატიკუსის და მისი შვილების ურთიერთდამოკიდებულება?
- ფილმის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი პერსონაჟი, რედლი ბუა, საზოგადოებაში გამეფებული სტერეოტიპების მსხვერპლია. მისი მუდმივი იზოლაცია ადამიანებისგან, ერთგვარ „მტრის ხატს“ ჰქმნის! რაზე მიანიშნებს ფილმში ეს კონკრეტული პასაჟი? რამდენად ხშირად ხდებიან ჩვენგან განსხვავებული ადამიანები საზოგადოებისგან გარიყულები (როგორ და რატომ ჩნდება ე.წ. სტიგმა) ?
- “მხოლოდ მაშინ გაუგებ ადამიანს, თუ სამყაროს მისი პერსპექტივიდან შეხედავ” ატიკუს ფინჩი ამ ფრაზას თავის ქალიშვილ ჯემას ეუბნება, რომელ პერსონაჟებთან მიმართებაში ვლინდება ეს ყველაფერი ფილმში მათი მხრიდან?
- წიგნში/ფილმში ერთ-ერთ ეპიზოდში ატიკუსი ამბობს „ნურასოდეს მოკლავ ჯაფარას, ერთადერთი რასაც ის აკეთებს ისა, რომ მღერის და გვართობს. მაშასადამე ნუ მოკლავ არა მარტო ვიღაცას ან რაღაცას ვინც უდანაშაულოა, არამედ ნუ მოკლავ იმ შესაძლებლობას, რომ დაინახო ადამიანი და ღირსება. შესაბამისად ნუ მოკლავ შესაძლებლობას, რომ თავად იყო ადამიანი“ როგორია ამ ფრაზის თქვენეული ინტერპრეტაცია? რამდენად შორს არის 1930-იანი წლების ამერიკა ამ ფასეულობებისგან?
- ფილმის ემოციური კულმინაცია სასამართლოს განაჩენია: ატიკუს ფინჩის თავდაუზოგავი ცდის მიუხედავად, ნაფიც მსაჯულთა სრული შემადგენლობა ტომ რობინსონს დამნაშავედ ცნობს. ეს განაჩენი რომ განვაზოგადოთ, ზუსტად გამოხატავს 1930-იანი წლების საზოგადოების განწყობას (სასამართლოც ხომ ამ საზოგადოების შემადგენელი ნაწილი იყო) ჩვენ-მაყურებელი, სასამართლო დარბაზში შეკრებილ ადამიანებთან ერთად ველოდებით განაჩენს, რომელიც უსამართლო და სასტიკია, თქვენ რომ ფილმის ავტორი ყოფილიყავით შეცვლიდით თუ არა ფინალს?
დაწერე ფილმის შესახებ
ფილმში ასახულია 1930-იან წლებში ამერიკაში მიმდინარე მოვლენები, ავტორი ამ ყოველივეს ატიკუს ფინჩის ქალიშვილის პერსპექტივიდან აღწერს, რომელიც თავის მხრივ ჰარპერ ლის პროტოტიპია. რასიზმი ამერიკაში მშრალი კანონის და დიდი დეპრესიის დროს სასტიკ ფორმას იძენს. სეგრეგაცია თეთრკანიან და შავკანიან ადამიანებს შორის უკიდურეს ზღვრამდე მიდის! ფილმზე წერის დროს აქცენტი გააკეთეთ ეპოქალურ კონტექსტებზე, ამერიკის საზოგადოებაში გამეფებულ უთანასწორობაზე „თეთრებსა და შავებს“ შორის. ეცადეთ გააანალიზოთ იურისტი ატიკუს ფინჩის პერსონა, რომ არა მისი პროფესია, რამდენად შეძლებდა ის საზოგადოებისთვის სიმართლის თქმას? ატიკუსი ღიად უპირისპირდება საქვეყნოდ მიღებულ სტანდარტებს და ნორმებს, როგორც სამართლებრივს ისე ეთიკურს და ადამიანურს. ამას გარდა, წერის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს (სკოტი და ჯემი), ფილმის მთავარ მოქმედ გმირებს, რომელთაც მამის მიერ განვლილი გზა და მორალურ-ეთიკური პრინციპები სხვა კარს უღებს არსებულ რეალობაში. წერის დროს, ეცადეთ მაგალითები მოიყვანოთ მსოფლიო ლიტერატურიდან და კინოს ისტორიიდან ადამიანის უფლებებისა და რასიზმის კონტექსტში.
ინდივიდუალური მუშაობისთვის
ჰარპერ ლის (1926-2016) წიგნი, ინგლისელი მწერლის და ესეისტის ჩარლზ ლემის სიტყვებით იწყება: „ყველა ვექილი ოდესღაც ბავშვი იყო“. სამართლის, სამართლიანობის და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით „ნუ მოკლავ ჯაფარას“ ერთგვარი მხატვრული სახელმძღვანელოა, რომელიც ერთხმად აღიარეს 30-იანი წლების ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. ის მსოფლიოს არაერთ ქვეყენაში ითარგმნა და დღემდე არ კარგავს პოპულარობას. ავტორი აღნიშნული წიგნისთვის პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა. ფილმის მთავარი გმირი, ჯინ ლუიზა, ავტორის ალტერ ეგოა. ჰარპერ ლის მამა, ატიკუს ფინჩის მსგავსად ადგილობრივი იურისტი იყო შტატში. წიგნში აღწერილი ამბები მისი ბავშვობის გამოძახილია. ამერიკულ მწერლობაში ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“ შავკანიანი ადამიანის მონობის სიმძიმეს გვაცნობს. აღნიშნული ფილმი/წიგნი ცალსახად მონობის თემას არ ასახავს, მაგრამ შავკანიანთა ჩაგვრა მაგისტრალური ხაზია. გირჩევთ გაეცნოთ ბიჩერ სტოუს გარდა, ჰარპერ ლის წიგნს „მიდი დააყენე დარაჯი“, რომელიც „ჯაფარას“ იდეური გაგრძელებაა.
ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ეს ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისტორიის და სამოქალაქო განათლების სასწავლო მოდულში.
ადამიანის უფლებები, კონკრეტულად კი შავკანიანი ადამიანის უფლებები ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული ეპიზოდია. არაერთი ადამიანი ახსოვს ისტორიას (მარტინ ლუთერ კინგი) ვინც შავკანიანთა უფლებებისთვის იბრძოდა, ან რომელთა გამოც (როზა პარქსი) მნიშნელოვანი ცვლილებები დაიწყო! ჯგუფური მუშაობის დროს მოიძიეთ ინფორმაცია იმ შავკანიან ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობდნენ, ამას გარდა იმ ორგანიზაციებისა და რადიკალურ დაჯგუფებებზე რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში, ამერიკაში, მიზანმიმართულად ებრძოდნენ შავკანიანებს („კუკლუს კლანი“ KKK). ჯგუფური მუშაობის დროს ეცადეთ გააანალიზოთ რა იყო მათი სიძულვილის მიზეზი, რა სასტიკ მეთოდებს მიმართავდნენ? ახლა რა ვითარებაა ამერიკაში? 1900-იანი წლებიდან დღემდე რა განვითარება ჰპოვა რასიზმის გამოვლინებამ და ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლამ ამერიკასა და მთელ მსოფლიოში.
პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუაულური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას: ამერიკის ისტორია – შავკანიანი ადამიანების ბრძოლა უფლებებისათვის (მარტინ ლუთერ კინგი), ეცადეთ წარმოადგინოთ დოკუმენტურ-ქრონიკალური მასალა: გამოსვლები, დემონსტრაციები, მარცხი/გამარჯვება, დღეს არსებული გამოწვევები.
მოსალოდნელი შედეგი
ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიის და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება 1930-იანი წლების ამერიკაზე, შავკანიანთა ჩაგვრაზე, რასიზმზე.
- აშშ | 1962 | მხატვრული | 129 წთ | PG
- რეჟისორი : რობერტ მულიგანი
- სცენარის ავტორები : ჰორტონ ფუტი, ჰარპერ ლი
- ოპერატორი : რასელ ჰარლანი
- მხატვარი : როზმარი ოდელი
- მონაწილეობენ : გრეგორი პეკი, ფრენკ ოვერტონი, მერი ბედჰემი, ფილიპ ალფორდი, ჯონ მეგნა, პოლ ფიქსი