ფილმები

მიშა კობახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმები

აღწერა

მიშა კობახიძის შავ-თეთრი, უხმო კინოსამყარო სამ მოკლემეტრაჟიან ფილმს აერთიანებს : ქორწილი, ქოლგა, მუსიკოსები. თემატურად და ჟანრულად განსხვავებულ ფილმებში ყველა იპოვის მისთვის საინტერესო სამყაროს.

მე-20 საუკუნე, 1960-იანი წლების საქართველო.

  • მიხეილ კობახიძე იმ რეჟისორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქართულ კინემატოგრაფიაში. კინოგანათლება მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინორეჟისურის ფაკულტეტზე მიიღო. მისი პედაგოგი, ცნობილი რუსი (საბჭოთა) რეჟისორი სერგეი გერასიმოვი გახლდათ. 1965 წელს მან სადიპლომო ნამუშევარი „რვანახევარი“ შექმნა, რომელიც საბჭოთა ცენზურამ გაანადგურა.
  • 1960-იანი წლები მისი შემოქმედების „ოქროს ხანაა“ – 1964 წელს იღებს ფილმს „ქორწილი“, 1967 წელს „ქოლგას“ და 1969 წელს „მუსიკოსებს“. ამ უკანასკნელის შემდეგ, კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის (მოსკოვი) გადაწყვეტილებით, მიხეილ კობახიძეს დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა. ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ, რეჟისორმა მხოლოდ 2002 წელს შეძლო მისი უკანასკნელი მოკლემეტრაჟიანი ფილმის „გზაზე“ გადაღება. მიხეილ კობახიძე თავად არის მისი ყველა ფილმის სცენარის ავტორი და ხშირად მსახიობის როლსაც ითავსებდა.
  • ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი ამბობს: “როცა ქოლგაზე მუშაობა დავასრულე, მინდოდა ისეთი ფილმი გადამეღო, სადაც არც დრო იქნებოდა და არც სივრცე. თან ფილმში არც ერთი მსხვილი და საშუალო ხედი უნდა ყოფილიყო. ძალიან მაინტერესებდა ამ ექსპერიმენტის შედეგი, ამ ფილმის შემდეგ რეჟისორად მუშაობა ამიკრძალეს და ჩემს საქმეს 30 წლით ჩამოვშორდი”.
  • მიხეილ კობახიძის ყველა ფილმი შავ-თეთრია, ის არ ღალატობს მოკლემეტრაჟიან კინოს, თქვენი აზრით რა იყო ამის მიზეზი?
  • 1960-იანი წლების ქართული კინო სხვა სტილისტურ-ჟანრულ-თემატური ძიებებით ხასიათდება, მიშა კობახიძე „მეამბოხეა“ რომელიც საკუთარ კინოსამყაროს ქმნის, თითქოს „რეტრო“ სტილს აბრუნებს მის თანამედროვეობაში, რაც ყველაზე მთავარია, მისი ფილმები დღეს 21-ე საუკუნეშიც არ კარგავს აქტუალობას. თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი?
  • ხშირად საუბრობენ კრიტიკოსები თუ რისი სიმბოლო შეიძლება იყოს ქოლგა, თქვენთვის რისი გამომხატველია?
  • „ქორწილში“ გოგი ქავთარაძის წარმოსახვა არ ემთხვევა ობიექტურ რეალობას, რა არის „ქორწილის“ მთავარი სათქმელი? რატომ ვერ ახერხებს პერსონაჟი ჩანაფიქრის ასრულებას? შეცვლიდით თუ არა ფილმის ფინალს?
  • რამდენად შეგვიძლია მიშა კობახიძის ფილმის გმირებს რეალურსა და ირეალურის ზღვარზე მყოფები ვუწოდოთ?
  • მიშა კობახიძის კინოსამყაროში იუმორი აუცილებელი ნაწილია, მაშინ როცა შეყვარებული ბიჭის წარმოსახვითი „საცოლე“ სხვაზე თხოვდება, ეს სცენა სევდასთან ერთად ღიმილს გვგვრის. რეალურ ცხოვრებაში რომ გადმოვიტანოთ „ქორწილი“, შევხედავდით თუ არა ფილმის ფინალს იუმორით?
  • “მუსიკოსები“ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან: ხასიათით, ვიზუალით, ქცევით… მათი ინსტრუმენტებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. რისი თქმა სურდა რეჟისორს ამ ფილმით? რა მეტაფორული ქვეტექსტები აქვს წარმოდგენილი ავტორს ფილმში?
  • მიხეილ კობახიძის ყველა ფილმი მუნჯია! აქ ვერსად ნახავთ დიალოგებს, მუსიკაა ის ძირითადი რითიც განწყობა და გმირების ემოციების გამომხატველი ფონი იქმნება. მიუხედავად „უხმო კინოს“ სივრცისა, თითოეული ფილმის სიუჟეტი გასაგები ხდება მაყურებლისთვის. როგორ, რა კინემატოგრაფიული ხერხებით ახერხებს რეჟისორი ამის მიღწევას?

დაწერე ფილმის შესახებ
ეპოქალური კონტექსტების და დისკუსიის შედეგად გამოკვეთილი საკითხების გათვალისწინებით ფილმზე წერის დროს აქცენტი გააკეთეთ ხელოვანსა და მის ეპოქაზე! 1960-იანი წლების ქართული კინო ის პერიოდია, როცა მთელი მსოფლიო ქართული კინოს ფენომენის შესახებ ალაპარაკდა. მიხეილ კობახიძის მეტაფორულ-სიმბოლური და იუმორით გაჯერებული შემოქმედებაც ამ მოვლენის ღირსეული ნაწილია. ეცადეთ დააკავშიროთ მისი ფილმები მის პიროვნებასთან და ეპოქასთან. „ქორწილი“, „ქოლგა“, „მუსიკოსები“ მეტაფორული, სიმბოლური ენით გვიყვება გმირების განცდებსა და მათ სურვილებზე. დაფიქრდით რა კინემატოგრაფიული ხერხებით გვაწვდის ამ ყოველივეს რეჟისორი ფილმში. რეჟისორის უკანასკნელი ფილმი „გზაზე“ გამოხატავს თუ არა ავტორის მიერ განვლილ გზას, იფიქრეთ რა ფორმით ვლინდება მოკლემეტრაჟიან სურათში ბიოგრაფიული პასაჟები? რეცენზიის წერის პროცესში, შეეცადეთ მისი ყველა ფილმი ერთიანობაში განიხილოთ, რა გამომსახველობით ხერხებზე აკეთებს აქცენტს ქართველი რეჟისორი, რომელი თემებით და საკითხებით ინტერესდება.

ინდივიდუალური მუშაობისთვის
მიხეილ კობახიძეს ტრაგიკული შემოქმედებითი და პირადი ცხოვრება ჰქონდა, ჯერ ცენზურამ მისი საყვარელი საქმიანობა – კინოს გადაღება აუკრძალა, შემდეგ კი 1980-იანი წლების დასაწყისში მისი შვილი გეგა კობახიძე საბჭოთა რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა. მისი საფლავი დღემდე უცნობია, ამ ფაქტის შემდეგ ქართველი რეჟისორი საქართველოდან საფრანგეთში გადადის საცხოვრებლად. მოიძიეთ დამატებითი მასალა, 1960-იანი წლების საბჭოთა ცენზურის შესახებ, შეეცადეთ თეორიულ მასალაზე დაყრდნობით გააანალიზოთ რომელი ხელოვანები წარმოადგენდნენ რეჟიმისთვის საფრთხეს და რატომ. ამას გარდა, 1980-იანი წლების საბჭოთა რეალობის უკეთ გასაცნობად გირჩევთ წაიკითხოთ დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, რომელშიც მიშა კობახიძის შვილის – გეგა კობახიძისა და მისი მეგობრების ტრაგიკული ისტორიაა ასახული.

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
1960-იანი წლების ბოლოს მიხეილ კობახიძე კინემატოგრაფს განზრახ ჩამოაშორეს. ჯგუფური მუშაობის დროს იმსჯელეთ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი? რა საფრთხეს ხედავდა საბჭოთა ცენზურა მის ფილმებში? რამდენად რთულია ტოტალიტარული რეჟიმის მმართველობის დროს ხელოვანმა თავისუფლად გამოხატო საკუთარი აზრი ფილმის, ლიტერატურული ნაწარმოების, თუ ფერწერული ტილოს საშუალებით. 1960-იანი წლების საქართველოს და ქართველი რეჟისორის შემოქმედება განაზოგადეთ ამ პერიოდის მსოფლიო კინოხელოვნების კონტექსტში, რატომ არ იდგა დასავლური კულტურა მსგავსი გამოწვევების წინაშე?

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას: 1960-იანი წლების ქართული კინემატოგრაფზე, ცალკეული ფილმებზე, ავტორებსა და თემებზე. ეცადეთ, მასალის შექმნისას გამოიყენოთ ვიზუალური მასალა ქართველი ავტორების შემოქმედებიდან.

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის შემდგომი დისკუსიის და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება 1960-იანი წლების ქართულ კინოსა და მიხეილ კობახიძის კინოსამყაროზე.

ქორწილი (1964)

Play Video

გადმოწერე სასწავლო რესურსი

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

ახალი დროება (1936)

ფილმები

უარყოფითი რიცხვები (2019)

ფილმები

სხვების ცხოვრება (2006)

ფილმები

ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან (1959)

ფილმები