ფილმები

ელისო (1928)

სინოფსისი

ფილმში ასახულია რუსეთის იმპერიის მცდელობა, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მშობლიური მიწიდან იძულებით განდევნოს ჩეჩენი ხალხი, მათ ნაცვლად კი კაზაკები ჩაასახლოს. ოსმალეთისკენ (თურქეთი) განდევნილი ადამიანების ტრაგედიის ფონზე, ჩეჩენი ელისოს და მოხევე ვაჟიას სიყვარულის ტრაგიკული ისტორია ვითარდება.

მე-20 საუკუნე, 1920-იანი წლების საქართველო. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი, საქართველო.

  • ნიკოლოზ შენგელაია 1920-იანი წლებში იწყებს რეჟისორულ მოღვაწეობას. „ელისო“მისი შემოქმედების გამორჩეული ნამუშევარია! ნიკოლოზ შენგელაიას მეუღლე ქართული კინოს ვარსკვლავი, ნატო ვაჩნაძე გახლდათ, შვილები – რეჟისორები ელდარ და გიორგი შენგელაიები. ნიკოლოზ შენგელაიას ფილმებია: გიული, 26 კომისარი, ნარინჯის ველი.
  • ქართველი მწერალი, დრამატურგი, პოეტი, მთარგმნელი და მსახიობი, ალექსანდრე ყაზბეგი, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მწერლობის გამორჩეული ფიგურაა. მისი ლიტერატურული სტილი კრიტიკული რეალიზმია, ნაწარმოებებში კი საქართველოს მთის მკაცრი წესები და რეალობაა ასახული.
  • „ელისო“ გადაღებულია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. ლიტერატურულ პირველწყაროსა და ფილმში მეფის რუსეთის მმართველობის პერიოდია ასახული, ის თუ როგორ უსამართლოდ ექცევა რეჟიმი თავისუფლებისმოყვარე ჩეჩენ ხალხს.
  • ნიკოლოზ შენგელაია დიდხანს ეძებდა გადასაღებად ისეთ თემას, რომელიც ორიგინალურიც იქნებოდა და სახკინმრეწვის (საბჭოთა კინოსტუდია) სხვა პროდუქციისგან განსხვავებულიც. ფილმის რეჟისორმა და სცენარისტმა შეისწავლეს ისტორიული მასალები და გაეცნენ მეფის რუსეთის საარქივო დოკუმენტებს.
  • სცენარში შეიცვალა მოთხრობის ძირეული ხაზი. ლიტერატურული პირველწყაროს მიხედვით მეფის რუსეთის ანტიეროვნული პოლიტიკა დამღუპველი იყო კავკასიის ყველა ხალხისთვის. ფილმში კი საკითხი უფრო ლოკალურადაა დასმული. ჩეჩნების ტრაგედია არ უკავშირდება სხვა ხალხების ბედს.
  • ფილმში მთავარ როლს ქართველი კინოვარსკვლავის, ნატო ვაჩნაძის და – კირა ანდრონიკაშვილი ასრულებს.
  • ელისო სიყვარულს ტოვებს, ის მოხუც მამას (თემის უხუცესს) და საკუთარ ხალხს ოსმალეთისაკენ მიჰყვება. პირად გრძნობებსა და განცდებს უკან სწევს და საზოგადო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. რამდენად მისაღებია თქვენთვის ახალგაზრდა ქალის საქციელი?
  • მთავარი გმირი ახალგაზრდა უკომპრომისო ქალია, ის ძლიერია როგორც სიყვარულში ისე საზოგადოებრივ ასპარეზზე. სოფლიდან საბოლოოდ გაძევებული ელისო ბოლოს დაცარიელებულ სოფელს ცეცხლს წაუკიდებს, თქვენი აზრით, რატომ იქცევა ასე?
  • ნიკოლოზ შენგელაია წერდა, რომ მისი მიზანი არ იყო მხოლოდ „ელისოს“ პირდაპირი ეკრანიზაცია, ის დააინტერესა ნაწარმოების იდეამ. რა არის ფილმის მთავარი იდეა?
  • რამდენად მისაღებია თქვენთვის ფილმის ფინალი? ფილმის რეჟისორი რომ იყოთ, როგორ შეცვლიდით მას?
  • მთავარი გმირი მამაკაცი რომ ყოფილიყო, შეიცვლებოდა თუ არა ფილმის შინაარსი და იდეა ძირეულად?

დაწერე ფილმის შესახებ
ეპოქალური კონტექსტების და დისკუსიის შედეგად გამოკვეთილი საკითხების გათვალისწინებით ფილმზე წერის დროს აქცენტი გააკეთეთ ისტორიულ ფონზე და 1920-იანი წლების ქართულ კინოში მიმდინარე პროცესებზე. იფიქრეთ, საბჭოთა იდეოლოგიის გამტარია ნიკოლოზ შენგელაიას ფილმი? როგორია ქალი პერსონაჟის რეპრეზენტაცია და რა კონკრეტული იდეის სიმბოლოა ელისოს პერსონაჟი? წერის დროს წინა პლანზე წამოსწიეთ ვაჟიას პერსონაჟი, რომელიც ელისოს გამო რუს გენერალს აიძულებს გააუქმოს გადასახლების ბრძანება, თუმცა ამაოდ. ელისო ვერ მიატოვებს გასაჭირში მყოფ მამას, თანასოფლელებს თურქეთში (ოსმალეთში) მიჰყვება. ნიკოლოზ შენგელაია ე.წ. მონტაჟური კინოს ფუძემდებლად ითვლება ქართულ კინემატოგრაფში. გაიხსენეთ ფილმიდან შემდეგი ეპიზოდები: დატირება და ცეკვა. გადასახლების დროს დაღუპული ჩეჩენი ქალის დატირება და დაკრძალვა ჯერ საერთო გლოვის სახეს იძენს, შემდეგ კი საერთო ლხინსა და ცეკვაში გადადის. ჩეჩენი ხალხი სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას ზეიმობს, რა კინემატოგრაფიული ხერხებით აღწევს რეჟისორი ამ იდეის ვიზუალიზაციას. ეცადეთ ნიკოლოზ შენგელაიას კონკრეტული ფილმი გაანალიზოთ 1920-იანი წლების ქართული კინოავანგარდის კონტექსტში.

ინდივიდუალური მუშაობისთვის
ფილმის ნახვის შემდეგ, გაეცანით ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობას „ელისო“. ამას გარდა წაიკითხეთ აკაკი ბაქრაძის კრიტიკული წერილი სახელწოდებით „ორი ელისო“ (წიგნი: კინო, თეატრი თბილისი, ხელოვნება, 1989 წელი) იფიქრეთ რატომ მიმართა ნიკოლოზ შენგელაიამ ყაზბეგის რომანის ეკრანიზაციას 1920-იანი წლების საბჭოთა პერიოდში? როგორი იყო ქალი პერსონაჟების კინემატოგრაფიული გააზრება 1920-იანი წლების საბჭოთა ქართულ კინოში. კითხვაზე პასუხის გასაცემად გაეცანით ამ პერიოდში მოღვაწე სხვა ქართველი რეჟისორების შემოქმედებას.

ჯგუფური მუშაობისთვის/დამატებითი აქტივობები
ეს ფილმი დამატებით სასწავლო რესურსად გამოდგება, ისტორიის და ლიტერატურის სასწავლო მოდულში.

მოიძიეთ დამატებითი მასალა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში არსებულ ისტორიულ ვითარებაზე. რა რეალური მოვლენები ასახა ალექსანდრე ყაზბეგმა ნაწარმოებში, გაეცანით და იმსჯელეთ, როგორია ლიტერატურული ნაწარმოები და როგორია ნიკოლოზ შენგელაიას რეჟისორული ინტერპრეტაცია? როგორია „ელისოს“ ლიტერატურული და კინემატოგრაფიული ფინალი? ისტორიული მოვლენების გათვალისწინებით დაახასიათეთ მე-19 საუკუნის მეფის რუსეთის დროინდელი და 1920-იანი წლების საბჭოთა საქართველო, რა საერთო და განმასხვავებელი ნიშნები იკვეთება დღევანდელი გადასახედიდან, რომელი რეჟიმის მმართველობის დროს დაზარალდა უფრო მეტად საქართველო?

პრაქტიკული ნაწილი:
დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიულ მასალას ვიზუალური ფორმა მისცენ. შექმენით კედლის გაზეთი ან პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით, სადაც წარმოადგენთ თქვენ მიერ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოძიებულ მასალას – მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველო, მეფის რუსეთის მმართველობა და პატარა ერების პრობლემა. პრაქტიკული სამუშაოს შესრულებისას რეკომენდაციებისთვის მიმართეთ ისტორიის მასწავლებელს.

მოსალოდნელი შედეგი

ფილმის ნახვის, შემდგომი დისკუსიის და რეცენზიის შექმნის შედეგად, რომელშიც აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქალური კონტექსტები და აღნიშნული რეკომენდაციები, მოსწავლეს უფრო მეტი ეცოდინება მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში მიმდინარე ისტორიულ პროცესებზე, 1920-იანი წლების ქართულ კინოსა და ნიკოლოზ შენგელაიას პერსონაზე.

ფილმი

Play Video

გადმოწერე სასწავლო რესურსი

კინორეკომენდაცია

კინოგანათლების ინსტიტუტი

სასწავლო რესურსები

ბაჭია ჯოჯო (2019)

ფილმები

უარყოფითი რიცხვები (2019)

ფილმები

პერსეპოლისი (2007)

ფილმები

400 დარტყმა (1959)

ფილმები