ლექციები
ახალი ქართული კინოს არჩევანი – მითებისა და ლეგენდების დრო
ახალი ქართული კინოს არჩევანი – მითებისა და ლეგენდების დრო
60-იანელთა თაობის ბევრი რეჟისორი კინოში სხვა შემართებით და იმედებით მოვიდა და ხმაურიანი ნაბიჯებიც გადადგა. შემდეგ მათ ცხოვრებასა და შემოქმედებაში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ ალბათ აღარ იყო ისეთი საინტერესო და ცხოვრებაც აღარ იყო ისეთი მიმზიდველი ან დამთრგუნველი, როგორიც შეიძლება ყოფილიყო მანამ, სანამ ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდები იყვნენ და იმედები ჰქონდათ.
ტექსტური ვერსია
ეს ისტორია 50-იანი წლებიდან იწყება, როდესაც სტალინი კვდება და იცვლება სახელმწიფო პოლიტიკა, თუმცა რადიკალურად არა. სტალინი ხრუშჩოვმა ჩაანაცვლა. მან სახელმწიფო მმართველობაში ახალი პოლიტიკური ტენდენციის შემოტანა გადაწყვიტა. ეს, უპირველესად, სტალინის კულტის გამოცხადებასა და დაგმობაში გამოიხატა. რასაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში რამდენიმე სასიკეთო ცვლილება მოჰყვა – ბევრი რეპრესირებული ადამიანი სამშობლოში დაბრუნდა, მოხდა რეპრესიების დროს დაღუპულთა რეაბილიტირება და უმძიმესი 300-ზე მეტწლიანი მმართველობის შემდეგ საზოგადოებამ ოდნავ ამოისუნთქა. შედარებით უფრო მსუბუქი ცხოვრების შესაძლებლობა გაჩნდა. ადამიანების დევნა, რეპრესიები, ცენზურა ისევ გრძელდებოდა, ბევრი მათგანი კვლავ ეწირებოდა ტოტალიტარული რეჟიმის მმართველობას, მაგრამ იყო პატარა გამონათება, რამაც ადამიანებს თავისუფლად ამოსუნთვის, ხელოვანებს კი აზროვნების თავისუფლად გამოხატვის შანსი მისცა. ალბათ აქედან იწყება თანამედროვე ქართული ხელოვნების, ახალი ქართული კულტურის დაბადება და ჩნდება ქართველ ხელოვანთა ახალი თაობა, რომელთა დიდმა ნაწილმაც უახლესი ქართული ხელოვნება შექმნა, რადგან ყველაფერი რისი მემკვიდრეებიც ვართ 50-იანი წლებიდან იწყება, ადამიანებისგან, რომელთა ნაწილიც სამწუხაროდ ამქვეყნად აღარ არის, თუმცა საბედნიეროდ არსებობენ ისეთი ხელოვანებიც, რომლებიც დღემდე ქმნიან და რომ არა ქართული ხელოვნების აღორძინების ეს პერიოდი, ალბათ არავინ იცის რა იქნებოდა ჩვენს ცხოვრებაში და როგორი იქნებოდა დღევანდელი ქართული კინო.
50-იანი წლების შუა ხანებში, საბჭოთა ხელისუფლების სათავეში მოსულმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ახალი სახელმწიფოებრივი კურსი (რომელსაც დათბობა უწოდეს) ე.წ. „ოტტეპელი“ გამოაცხადა. ამ დათბობამ ხელოვანს შესაძლებლობა მისცა შედარებით თავისუფლად ეაზროვნა. ეფიქრა და სათქმელი ისე გამოეხატა, როგორიც იყო მისთვის სამყარო, ადამიანები და საზოგადოება. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისში გამოხატვის და აზროვნების თავისუფლება არ იყო იმგვარი, როგორიც დღესაა.
50-იან წლებში პირველი მერცხალი, რომელმაც საზოგადოებას ახალი ქართული კინოს დაბადება აუწყა თენგიზ აბულაძის და რეზო ჩხეიძის „მაგდანას ლურჯა“ იყო. თუ ოდნავ დავბრუნდებით უკან და სოციალისტური რეალიზმის კინოპროდუქციას თვალს გადავავლებთ, დავინახავთ ვინ იყვნენ იმ პერიოდის გმირები, ვისზე კეთდებოდა აქცენტი, რა ამოცანები ჰქონდათ მათ და უცბად რა შეიცვალა, რატომ ითვლება, რომ „მაგდანას ლურჯაში“ მანამდე არსებული ფილმების აბსოლუტური გარდატეხვა მოხდა. სოციალისტური რეალობის ეპოქაში შექმნილი ფილმების აბსოლუტური უმრავლესობა ზუსტად მითითებულ სახელმწიფო იდეოლოგიურ ამოცანებს პასუხობდა და უცებ „მაგდანას ლურჯაში“ იმ ადამიანთა ჯგუფი ჩნდება, რომელიც წინამორბედი რეალობისგან ამოვარდნილია. მთავარი ერთი რამ იყო – საზოგადოების ინტერესის წარმართვა იმ მიმართულებით, საითკენაც დიდი ხანია მანამდე არავის გაუხედავს – ქართული სოფელი, ქართველი გლეხები, დედა შვილებით და მეორე მხარეს სახელმწიფო, რომელიც მის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ეკატერინე გაბაშვილი კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელი იყო და მისი მოთხრობის ფინალში სასამართლო „ლურჯას“ ქვრივი ქალის ოჯახს აკუთვნებს, შეიძლება ითქვას, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას იღებს, ხოლო ფილმში ეს ასე არ არის. სასამართლო ვირს მენახირეს უბრუნებს. მენახირე და სასამართლო იმ ძალადობრივ სისტემას განასახიერებენ, რომელშიც საზოგადოება, საბჭოთა საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობდა. რა თქმა უნდა ეს შეფარვით მოხდა, ფილმში მოქმედების დრო არ არის შეცვლილი, მაგრამ მეტაფორული ხერხებით ამბის თხრობის მიმართულება 50-60-იანი წლების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა. ისეთი ხერხები როგორიც იყო სიმბოლო, მეტაფორა, ნიშნები ამბის მხატვრულ გამონაგონად ქცევის შესაძლებლობას იძლეოდა. ამ მხატვრულმა გამონაგონმა შექმნა სამყარო, რომელსაც ერთი მხრივ საზოგადოებისთვის გარკვეული მესიჯების გაგზავნა შეუძლია, ხოლო მეორე მხრივ – იმ მოცემულობის შექმნა, რომელიც ხელოვნების ნიმუშის არსებობა არარსებობას განსაზღვრავს „მაგდანას ლურჯას“ წყალობით ქართულ კინოში კიდევ ერთი მიმართულება გაჩნდა, რომელიც მოგვიანებით სხვა ფილმებშიც გაჟღერდა. ეს ადამიანის ამქვეყნიური არსებობის დანიშნულებისა და მისი წარმოშობის ადგილის შესახებ საუბარი იყო, პირველ რიგში მიწასთან, პირველქმნილ სამყაროსთან ადამიანის დაბრუნების ფაქტორი.
ქართულ კინოში ამ დროს კიდევ ერთი რამ ხდება _ ორ ლიდერ რეჟისორთან ერთად ფეხდაფეხ მოდის რეჟისორთა მთელი თაობა, რომელიც გარკვეულ გუნდად შეიკრა და რომელსაც 60-იანელებს ვუწოდებთ. მათ აიტაცეს ყველა ის აღმოჩენა, რომელიც „მაგდანას ლურჯაში“ ჩაიდო და მუშაობა საკუთარი სურვილით, ხედვითა და ინდივიდუალური წარმოსახვებით გააგრძელეს. ქართულ კინოში, რომელსაც კინომცოდნეებმა და საზოგადოებამ „ქართული კინოს ფენომენი“ უწოდეს, მოსული ჯგუფის სათავეში დებიუტანტი სტუდენტი გიორგი შენგელაია აღმოჩნდა. ძალიან ხშირად ბევრი კინომიმდინარეობა მანიფესტების საფუძველზე იქმნება. გიორგი შენგელაიას მიერ 1962 წელს გადაღებულმა ფილმმა „ალავერდობა“ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ახალი ქართული კინოს სახე. რაც შეეხება მანიფესტს – როდესაც მთავარი გმირი ალავერდობაზე ჩადის, მას არ ხვდება ის საზოგადოება, რომელიც მისთვის თანამედროვე გლეხის სახეს წარმოადგენდა. გლეხი, პირველ რიგში, ნებისმიერი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია და მეტაფორულად თუ წარმოვიდგენთ, ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მყარად დგას იმ მიწაზე, საიდანაც მოდის. ისევე მყარად, როგორც ფილმში ალავერდის ტაძარია. გივის, იქ ჩასულ მთავარ გმირს ის არ ხვდება, რაც სურდა ენახა და იწყება პროტესტი – ცხენზე ჯდება და ცხენის ჭენებით უნდა მისთვის ღრმად ჩაძინებული საზოგადოების გამოფხიზლება.
60-იანელთა თაობის ბევრი რეჟისორი კინოში სხვა შემართებით და იმედებით მოვიდა და ხმაურიანი ნაბიჯებიც გადადგა. შემდეგ მათ ცხოვრებასა და შემოქმედებაში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ ალბათ აღარ იყო ისეთი საინტერესო და ცხოვრებაც აღარ იყო ისეთი მიმზიდველი ან დამთრგუნველი, როგორიც შეიძლება ყოფილიყო მანამ, სანამ ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდები იყვნენ და იმედები ჰქონდათ.
ამ პერიოდში ჩნდება ისეთ მასალაზე გადაღებული ფილმები, რომლებიც რეჟისორებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი მხრივ თქვან რასაც ფიქრობენ და მეორე მხრივ ისე შეფარონ სათქმელი, რომ არც მხატვრული თვალსაზრისით გამოიწვიონ უხერხულობა და არც ფილმების შემდგომ ბედთან დაკავშირებით. თუმცა ამ პერიოდში გადაღებული ფილმების ბედი ძალიან მძიმე იყო. ლანა ღოღობერიძის, ოთარ იოსელიანის, თენგიზ აბულაძის, მოგვიანებით ალექსანდრე რეხვიაშვილის, მიშა კობახიძის, ძმები შენგელაიების ფილმებში ცენზურა აქტიურად ერეოდა სცენარის ეტაპიდან ფილმის დასრულებული სახით ეკრანიზაციამდე. „სამხატვრო საბჭოები“ მონტაჟის ეტაპზე ერეოდნენ, სცენების ამოჭრის, ფილმების დაჩეხვის გადაწყვეტილებებით. ზოგი რეჟისორი ამ გადაწყვეტილებებს არ ემორჩილებოდა. შესაბამისად ხდებოდა ფილმებისთვის კატეგორიების მინიჭება და ეკრანზე მათი გაშვება I, II, III კატეგორიების დარბაზებში. ასეთი ფილმები საბჭოთა კავშირის დროს უცხოურ ფესტივალებზე ძალიან იშვიათად ხვდებოდა, თუმცა თუ ხვდებოდა იშვიათი იყო შემთხვევა, რომ საქართველოში პრიზის გარეშე დაბრუნებულიყვნენ. გავიხსენოთ თუნდაც „მაგდანას ლურჯა“ – 1956 წლის კანის ფესტივალის სპეციალური პრიზის მფლობელი.
მთავარი მაინც ისაა, თუ როგორი იყო ფილმები, როგორი იყო ის მხატვრული სინამდვილე, მხატვრული სახეები, რომლებსაც ხსენებული რეჟისორები ქმნიდნენ. თუნდაც თენგიზ აბულაძის „ვედრება“. იმ დროისთვის წარმოუდგენელი მხატვრული გადაწყვეტა, აზროვნების ის ფორმები, რომლებიც თენგიზ აბულაძემ ფილმებში „ნატვრის ხე“ და „მონანიება“ გააგრძელა და გამოიყენა. თუმცა ის, თუ როგორ შეიკრა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები საოცარი მასშტაბის მონუმენტურ სამყაროდ, რომლის მსგავსი მსოფლიო კინოშიც კი იშვიათია, იმ საზოგადოებისთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. ბევრმა ფილმი არ მიიღო. მათთვის გაუგებარი იყო სამყარო, რომელსაც აბულაძე ამ ფილმით ქმნიდა. მიუხედავად ამისა, მოულოდნელობა და გარკვეული სიახლე ის ნიშნებია, რომლითაც ქართული კინო გამოირჩეოდა.
იმ პერიოდის ერთ-ერთი თვალსაჩინო მხატვრული ნაწარმოებია ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენა“, რომელიც დღესაც კი არ კარგავს თავის პირველ სახეს. როგორ მოქმედებს ხელოვანზე დრო, როგორ მოქმედებს კატაკლიზმები, ომის შედეგია ის ბევრი რამ, რაც აგული ერისთავის ცხოვრებაში ხდება. ამ ფილმით ელდარ შენგელაია ქართულ კინოში ლირიკული კომედიის დაბადებას აწერს ხელს. თუმცა ეს ამავდროულად ადამიანის და საზოგადოების დრამაა, რომელიც მსხვერპლი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ერთი ჟანრი საკმარისი აღარ არის. რეჟისორების აზროვნება მის ფარგლებში აღარ ეტევა და ამიტომაც არის ელდარ შენგელაიას შექმნილი ლირიკული კომედია ამავე დროს იგავი, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ჰყვება, ვიდრე ერთი ადამიანის ძალიან დრამატული ისტორიის ჩვენებით შეძლებდა გადმოცემას.
თუნდაც თამაზ მელიავას „ლონდრე“, რომელიც ძალიან გამორჩეულია თავისი მხატვრული აზროვნებით, ფორმით, იმ პერიოდისთვის არაიდენტური ხერხებით, რასაც შემდეგ თავიანთ ფილმებში სხვა რეჟისორებიც გამოიყენებენ. ის, რაც „ლონდრეში“ ხდება სრულიად სხვა სამყაროა, მაღალი ხარისხის კომედიაში გადაყვანილი ზღაპარი. ამავე დროს ესაა იგავი. მის მოსათხრობად რეჟისორი იმ ხერხებს იყენებს, რომელიც ქართული ზღაპრების სიბრძნესაც პასუხობს. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება არ არის გადატანილი 60-იან წლებში, ის აბსოლუტურად იდენტურია იმ 60-იანი წლებისა, რომელშიც ის თაობა ცხოვრობდა და საკუთარ ნამუშევრებს ქმნიდა.
სწორედ ის გამოცდილება, რომელიც დაგროვდა, თუნდაც ელდარ შენგელაიას ფილმი „თეთრი ქარავანი“ რომელიც სრულად ამოვარდნილი იყო საბჭოთა იდეოლოგიიდან, ლანა ღოღობერიძის ნოველებისგან შექმნილი ფილმი „ერთი ცის ქვეშ“, რომელიც საქართველოს ისტორიის 3 სხვადასხვა ეპოქასა და ადამიანის ბედის გარკვეულ კანონზომიერებებზე საუბრობს და არჩევანს ქალის, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი სრულუფლებიანი წევრის ისტორიების მოყოლაზე აკეთებს. განსხვავებით წინა პერიოდის საბჭოთა სოციალისტური რეალიზმის ეპოქისგან, როდესაც ქალი იყო ობიექტი, რომელიც სხვადასხვა დატვირთვას იძენდა იმისდა მიხედვით, თუ რა როლი უნდა დაკისრებოდა მას ამა თუ იმ შემთხვევაში. თუ ამ პერიოდის ფილმებს ვნახავთ, დავრწმუნდებით, რომ ყველა მათგანი მაღალი კატეგორიის საოპერატორო ნამუშევარია. სწორედ იმიტომ, რომ ამ დროს არა მარტო ახალი თაობის რეჟისორები, არამედ ახალი თაობის ოპერატორებიც ჩნდებიან. მათ ზუსტად ესმით ის ენა, რომელზეც რეჟისორები მეტყველებენ. თუმცა სამწუხაროდ ამ სამყაროსგან ძალიან მალე აღარაფერი დარჩა. დრო შეიცვალა. საზოგადოებაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. 50-60-იანელები ახალგაზრდა თაობამ შეცვალა, რომელთაც წინამორბედი თაობის გაკვეთილები მიიღეს და შესაძლოა, მათი ხელოვნება არანაკლებ საინტერესო იყო, მაგრამ ეს უკვე სრულიად სხვა ისტორიაა.
ექსპერტი
-
ლელა ოჩიაური
კინომცოდნე
გადმოწერე აუდიო ვერსია
- პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს “კულტურის ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში